ანა ტატიშვილის 38-საფეხურიანი ნახტომი რეიტინგში

AutoSharing Option
თბილისელ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს ალბუკერკის 75-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლამ 78 ქულა მოუტანა.

ამ მონაგარით ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის კლასიფიკაციაში 38 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 317 ქულით 189-ე ადგილზეა.

დანარჩენ ქართველთა რეიტინგი ასეთია: 238 (233). სოფიო შაფათავა (230), 268 (265). ოქსანა კალაშნიკოვა (196), 478 (435). მაკა ჩახნაშვილი (72), 559 (558). ეკატერინე გორგოძე (52), 644 (643). სოფიო ქვაცაბაია (35 ქულა).

ქართველი ჩოგბურთელების უმეტესობა ახლა თელავის ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ასპარეზობს.

როგორც გაუწყეთ, საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ჩვენიანი ცდიდა ძალებს, მაგრამ ძირითად ბადეში
მათგან ვერავინ მოხვდა, თუმცა იქ ერთეულთა თანრიგში ექვსი წარმომადგენელი მაინც გვყავს - სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, მარგალიტა ჩახნაშვილი, ეკატერინე გორგოძე, თამარ ჭალაგანიძე და მარიამ ბოლქვაძე, რომლებიც 25 სექტემბრიდან ჩაებმებიან პაექრობაში.

24 სექტემბერს ქართველთა ორი წყვილი გავიდა კორტებზე და დამარცხებულმა დატოვა სარბიელი: ბაბილინა მაჩაიძემ და მარგალიტა ჭიჭაშვილმა ოლგა დოროშინასა (რუსეთი) და ლაურა პიკოშისთან (ბრაზილია) მშრალად წააგეს - 0:6, 0:6, ხოლო მარიამ ბოლქვაძემ და თამარ ჭალაგანიძემ ანა ცაიას (გერმანია) და მაშა ზეკა-პესკირიჩის (სლოვენია) დუეტს მხოლოდ ოთხი გეიმი აართვეს - 0:6, 4:6.

წყვილთა ორთაბრძოლას კიდევ ოთხი ქართველი შემორჩა: მარგალიტა ჩახნაშვილი და სოფიო ქვაცაბაია კატარზინა კავას (პოლონეთი) და მარგალიტა ლაზარევას (რუსეთი) დაუპირისპირდებიან, ხოლო სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ტურნირის მეოთხე ნომერ ალონა ფომინასა (უკრაინა) და ქრისტინა შაკოვეცის (გერმანია) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ლას-ვეგასის (აშშ) 50.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეშია ანა ტატიშვილი, რომელიც პირველ წრეში მასპინძელ სამანტა კრაუფორდს შეხვდება.

წყვილებში თბილისელი ჩოგბურთელი აილა ტომლიანოვიჩთანაა (ხორვატია) შეამხანაგებული და სტარტზე მესამე ნომრად განთესილი ამერიკელთა დუეტის - ჟაკლინ კაკოს და ნატალი პლუშკოტას ჩამოცილებას შეეცდება.

ჩინურ ნინგბოში დაიწყო ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი). საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ იოვანა იაკსიჩი (სერბეთი) დაამარცხა - 2:6, 6:4, 7:6, მეორეში კი რიჩელ ჰოგენკამპთან (ჰოლანდია) წააგო - 1:6, 3:6.

წყვილებში ოქსანა უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად ასპარეზობს. სტარტზე მათ იულია ბეიგელზიმერისა (უკრაინა) და კატარზინა პიტერის (პოლონეთი) დუეტს აჯობეს - 6:3, 6:3. ქართულ-უკრაინული ტანდემი მეოთხედფინალში ჩეხებს - პეტრა ჩეტკოვსკას და კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული