სერენა უილიამსის მეათე და 56-ე ტიტული

AutoSharing Option
ნადალის მსგავსად, არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს სერენა უილიამსი. მან უკვე დაამყარა პირადი რეკორდი სეზონში მოგებული ტიტულების რაოდენობით და ახლა საკუთარი რეკორდი განაახლა.

თუმცა თავიდან ამერიკელი ოდნავ ფორმიდან ამოვარდნილი ჩანდა, რის გამოც პრობლემები შეექმნა ფრანჩესკა სკიავონესთან და განსაკუთრებით, მარია კირილენკოსთან მატჩში, რომელთანაც სამმაგი სეტბოლის მოგერიება მოუწია. თუმცა მეოთხედფინალიდან გამოჩნდა, რომ ამერიკელს ამ ტურნირის მოგებაც ძალიან უნდოდა და ფინალამდე ბოლო ორ მატჩში იოლად გაუსწორდა კაროლინ ვოზნიაცკისა და აგნიეშკა რადვანსკას.

თუ სერენას გამოჩენას ფინალში ყველა ელოდა, ერთგვარი სიურპრიზი იყო იქ ელენა იანკოვიჩის გასვლა, რომელიც
WTA-ს შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის. უილიამსისგან განსხვავებით, მას ყველა მატჩში ბრძოლა მოუწია - ხუთიდან ოთხი შეხვედრა სამ სეტში მოიგო, თანაც, სამ შემთხვევაში პირველ სეტს აგებდა. საბოლოოდ, ის მოხვდა გადამწყვეტ მატჩში და ამით მოიპოვა სასურველი მერვე ადგილი ჩემპიონთა რბოლაში.

საერთოდ, იანკოვიჩმა კარგად იცის უილიამსის წინააღმდეგ თამაში - 10-დან ოთხჯერ ჰყავდა დამარცხებული ამერიკელი. თავიდან სერბმა სცადა სერენას დაღლა და ბევრს არბენინებდა მეტოქეს. ამან გარკვეული სირთულეები შეუქმნა პირველ ნომერს, მაგრამ სერენამ შეძლო ურთულეს გეიმში ბრეიკის გაკეთება და ამის შემდეგ, საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა.

მეორე პარტიის მესამე გეიმში ამერიკელს პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სერენას რაღაც აწუხებდა, რის გამოც ცრემლები ვერ შეიკავა და პირველად წააგო თავისი მოწოდება. თუმცა ამ ბრეიკის შემდეგ სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო იანკოვიჩმა, რომელსაც ასევე დასჭირდა დახმარება.

ეს პაუზა სერბს არ წაადგა, სერენამ კი მოახერხა თამაშზე კონტროლის დაბრუნება. ბოლოსკენ მან რამდენიმე რთული გეიმი გადაიტანა, მაგრამ საჭირო მომენტებში უკეთ თამაშობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა - 6:2, 6:2.

ამერიკელმა სეზონში მე-10 ტიტული მოიპოვა, რაც მისი პირადი რეკორდი გახლავთ. გარდა ამისა, პეკინში მან მეორედ გაიმარჯვა და კარიერაში 56-ე ტიტული მიითვალა. შარშან, პეკინის ტურნირზე ვიქტორია აზარენკამ გაიმარჯვა, რომელმაც ამჯერად პირველ წრეში წააგო და 1000 ქულა დაკარგა. თავის მხრივ, 1000 ქულა მოიპოვა სერენამ, რადგან შარშან პეკინში არ თამაშობდა.

ახლა ამერიკელის უპირატესობა ბელორუსთან თითქმის 5 ათას ქულას შეადგენს.

China Open
1/2-ფინალი
ელენა იანკოვიჩი (სერ,8)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 9) 6:7(7), 6:1, 6:1; სერენა უილიამსი (აშშ,1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 6:2, 6:2.
ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ,1)-ელენა იანკოვიჩი (სერ,8) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერენა უილიამსის 17 გაელვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული