ვიქტორია აზარენკამ საქმე გაირთულა

AutoSharing Option
სტამბულში გაგრძელდა წლის შემაჯამებელი ტურნირი და ორი სათამაშო დღის შემდეგ გამოიკვეთნენ ფავორიტები და აუტსაიდერები.

მეორე დღის პროგრამა გახსნეს "თეთრი ჯგუფის" მონაწილეებმა. პირველად გავიდა სტამბულის კორტზე ჩინელი ნა ლი, რომელიც სარა ერანის ხვდებოდა. იტალიელმა პირველი ტურის მატჩი წააგო ვიქტორია აზარენკასთან და უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტად ჩინელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ლის ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული ერანისთვის.

ლი უკეთ შევიდა თამაშში და 3:2-ზე პირველი ბრეიკი გააკეთა, რაც დიდი ფორა აღმოჩნდა, რადგან ერანიმ დაკარგული
მოწოდების დაბრუნება ვერ შეძლო და ჩინელმა 6:3 მოიგო. მეორე პარტიის წინ, ერანიმ მწვრთნელთან დაილაპარაკა და ამან შედეგი მოიტანა, რადგან იტალიელმა 3:1 დაწინაურება მოახერხა, თუმცა ლიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა სეტის შუა ნაწილი და ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით ძალიან მიუახლოვდა გამარჯვებას.

აზიელმა მიღებაზე მატჩბოლამდეც მიაღწია, მაგრამ პრობლემები შეექმნა გათამაშებების დასკვნით ფაზაში. ერანიმ გადაარჩინა თავისი მოწოდება, შემდეგ კი მატჩზე მოწოდებისას ორჯერ გააკეთა ბრეიკი. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნა ლის ისევ ჰქონდა წარმატებული მონაკვეთი და სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა.

ჩინელმა თავის მოწოდებაზე ორი შანსი გაანიავა, მაგრამ მიღებაზე მეტოქე დაეხმარა უნებლიე შეცდომით - 6:3, 7:6(5). ლის უდიდესი უპირატესობა ჰქონდა "ვინერსებით" - 42:14. ამ წაგებით სარამ, პრაქტიკულად, დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი.

* * *
მეორე მატჩშიც "თეთრი ჯგუფის" მონაწილეები ვიხილეთ კორტზე. აზარენკა მეორე მატჩს ატარებდა ორი დღის განმავლობაში. ერანისთან მოგებულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ბელორუსი შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, თუმცა ელენა იანკოვიჩთან დაპირისპირებაში ფავორიტად მაინც ის მიიჩნეოდა.

პირველ გეიმებში აზარენკას თამაშის დონე დაახლოებით იგივე იყო, რაც ერთი დღით ადრე. ზოგიერთ გათამაშებას ის მაღალ დონეზე ატარებდა, მაგრამ სტაბილურობისგან შორს იყო. მრავლად ვიხილეთ მარათონული გეიმები და ყოველ ჯერზე ასეთ დუელებში გამარჯვებული იანკოვიჩი გამოდიოდა.

პირველი პარტიის ბოლოს ბელორუსმა გადაარჩინა ორმაგი სეტბოლი, მაგრამ მომდევნო გეიმში სერბმა სეტი წარმატებით ჩაატარა.

ტენდენცია შენარჩუნდა მეორე სეტში. იყო ბევრი ბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სერბი უფრო თანაბრად თამაშობდა. აზარენკამ, როგორც იქნა, მოახერხა ერთი ხანგრძლივი გეიმის მოგება, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ბრეიკით აგებდა. ბოლოსკენ ბელორუსს არ ჰქონდა თამაშში გარდატეხის შეტანის რეალური შანსები, რადგან ბევრ შეცდომას უშვებდა.

საბოლოოდ, ვიქტორიას 40 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა და 30 "ვინერსი" ჰქონდა. იანკოვიჩი უფრო აკურატულად თამაშობდა, მაგრამ ეფექტურად (14 "ვინერსი" და 13 შეცდომა). სერბმა შეძლო აზარენკასთან ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა - 6:4, 6:3.

"თეთრ ჯგუფში" ორი დღის შემდეგ ფორმალურ ლიდერად აზარენკა მიიჩნევა, რომელსაც ნა ლისა და იანკოვიჩზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. რეალურად კი, ბელორუსის მდგომარეობა გართულდა და ახლა ბევრი რამ ნა ლისთან მის მატჩში გადაწყდება.

* * *
ზედიზედ მეორე მატჩში დაადასტურა კარგი მომზადება სერენა უილიამსმა, რომელმაც ორ დღეში მეორე მატჩი მოიგო, მისმა მეტოქემ აგნიეშკა რადვანსკამ კი უკვე ორი შეხვედრის წაგება მოასწრო.

სერენასთვის პოლონელი ყოველთვის მოსახერხებელი მეტოქე იყო - შვიდიდან შვიდი მატჩი ჰქონდა მისთვის მოგებული და ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია. ამერიკელს პრობლემა მხოლოდ მატჩის დებიუტში შეექმნა, როცა პირველ გეიმში ხუთი წუთი იცავდა თავს საკუთარ მოწოდებაზე, ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მაინც დაწინაურდა, რის შემდეგაც საქმეები კარგად წავიდა. ამერიკელმა მალე მოიპოვა სამგეიმიანი უპირატესობა და რადვანსკამ ვერაფერი მოახერხა.

მეორე პარტიაში პოლონელმა უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწია ამერიკელს, მაგრამ ისევ უჭირდა ბრეიკ-პოინტების გამოყენება. 2:1-ზე სერენამ გაქცევის საშუალება მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. თუმცა რადვანსკამ შეძლო პასუხის გაცემა, როცა ისარგებლა ამერიკელის ჩავარდნით და პირველი ბრეიკი აიღო მატჩში.

თანაფარდობა მეათე გეიმამდე შენარჩუნდა, როცა ტურნირის ფავორტმა ბოლო სპურტი განახორციელა, აგნიეშკას გეიმი აიღო და მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

თეთრი ჯგუფი
ნა ლი (ჩინ, 4)-სარა ერანი (იტა, 6) 6:3, 7:6(5); ელენა იანკოვიჩი (სერ, 7)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2) 6:4, 6:3.

წითელი ჯგუფი
სერენა უილიამსი (აშშ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული