სერენას ნავრატილოვასა და ევერტის გვერდით უნდა

AutoSharing Option
ჩოგბურთელები მომქანცველი სეზონის შემდეგ ისვენებენ, თუმცა ცნობები საჩოგბურთო პორტალებიდან არ კლებულობს...

ფელისიანო ლოპესი და WADA-ის კრიტიკა
ესპანელი ფელისიანო ლოპესი შეუერთდა იმ ცნობილ ჩოგბურთელებს, რომლებიც არ იღლებიან დღევანდელი ანტისადოპინგო სისტემის კრიტიკით. "მოქმედი ანტისადოპინგო სისტემა საშინელია. თავს დამნაშავეებად ვგრძნობთ, არადა, ცუდს არაფერს ვაკეთებთ. სკანდალი ველოსპორტში, რის გამოც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ წესები გაამკაცრა, ჩვენი მიზეზით არ მომხდარა. ამ მომენტიდან, ყველა ესპანელი სპორტსმენი დასჯილია, არადა, აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან. ამ მიზეზით არ მისცეს მადრიდს 2020 წლის ოლიმპიადა.

აქ ადგილი არ აქვს სამართლიანობას. ერთხელ, ფოსტით შემატყობინეს,
რომ დილით მესტუმრებოდნენ დოპინგ-ოფიცრები, მაგრამ წერილი გვიან მოვიდა და დილით, შვიდ საათზე სახლში არ ვიყავი. დიდი შანსი იყო, რომ დისკვალიფიკაცია მიმეღო. მე მიმაჩნია, რომ უნდა დავისაჯო იმ შემთხვევაში, თუ აკრძალულ პრეპარატებს აღმომიჩენენ, და არა, ბიუროკრატიული მიზეზით", - განაცხადა ლოპესმა.

რაფაელის მიზნები

რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა განაცხადა, რომ მისი ნათესავის მთავარი მიზანი ახალ სეზონში არა უიმბლდონის ან როლან გაროსის, არამედ ავსტრალიის ღია პირველობის მოგება იქნება.

"რაფასთვის მთავარი გამოწვევა მომავალ სეზონში ავსტრალიის ღიაზე მოგება იქნება. თუ რაფაელი ამ ტურნირზე მთავარ პრიზს აიღებს, ის გახდება მესამე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვისაც "დიდი სლემის" ყველა ტურნირი ორ-ორჯერ ექნება მოგებული. ეს უნიკალური მიღწევაა. ასეთი რამ, ადრე მხოლოდ როდ ლეივერსა და როი ემერსონს გაუკეთებიათ", - ამბობს უფროსი ნადალი.

სერენას ნავრატილოვასა და ევერტის გვერდით უნდა
სერენა უილიამსმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ 2014 წელს აპირებს "დიდი სლემის" მინიმუმ ერთი ჩემპიონატის მოგებას. ამით, ჩოგბურთელი დაეწევა თავის დიად თანამემამულეებს - კრის ევერტსა და მარტინა ნავრატილოვას, რომლებსაც 18-18 "მეიჯორი" აქვთ მოგებული კარიერაში.

"კვლავაც მოწყურებული ვარ გამარჯვებებს. ვფიქრობ, ამაში მდგომარეობს ჩემი წარმატების საიდუმლო. რა თქმა უნდა, კარგია, რომ უკვე მოპოვებული მაქვს "დიდი სლემის" 17 ტიტული, მაგრამ არ მინდა მიღწეულით დაკმაყოფილება. მომავალ წელს უნდა მოვიგო ერთი, ორი ან თუნდაც სამი ტურნირი "დიდ სლემზე". ჩემი სურვილია დავეწიო ტიტულების რაოდენობით ნავრატილოვასა და ევერტს", - გაახილა თავისი მიზნები მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.

ნავრატილოვა და პუბლიკის სიყვარული
მარტინა ნავრატილოვას მიაჩნია, რომ სპორტში ისევ არსებობს სქესთა უთანასწორობის პრობლემა, ამიტომაც, როჯერ ფედერერისთვის უფრო იოლია საყოველთაო სიყვარული მოპოვება, ვიდრე სერენა უილიამსისთვის.

"როჯერ ფედერერი უფრო იოლად მიიღებს პუბლიკის საყოველთაო აღიარებასა და სიყვარულს, ვიდრე სერენა. უბრალოდ იმიტომ, რომ ის - მამაკაცია. ამასთან, არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს თავად სერენას პიროვნება, ან ის ფაქტი, რომ ის აფროამერიკელია ან ის, რომ ქალი გახლავთ. ხანდახან ადამიანები მზად არიან ვიღაც გამოაცხადონ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ, მაგრამ, ამასთან, ეს სპორტსმენები არ იღებენ პატივისცემის საჭირო დონეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტინა ჰინგისი აღარ დაბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული