ქართველი ჩოგბურთელები ავსტრალიის ღია პირველობას იწყებენ

AutoSharing Option
9 იანვარს, დილით, მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ორთაბრძოლები დაიწყება.

შარშან მწვანე კონტინენტის სლემტურნირის (საპრიზო ფონდი 33.000.000 დოლარი) ძირითად ბადეში ჩაება ანა ტატიშვილი და პირველსავე წრეში იაპონელ აიუმი მორიტასთან დამარცხდა - 3:6, 3:6. ამჯერად თბილისელი ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგში 126-ეა, ასპარეზობას კვალიფიკაციიდან დაიწყებს, სადაც მე-12 ნომრად არის განთესილი.

მეორე წრეში გასასვლელად კანადელ ალექსანდრა ვოზნიაკს (2009 წელს ეს ჩოგბურთელი მსოფლიოში 21-ე ადგილზე იყო, ამჟამად 283-ეა) დაუპირისპირდება. აქამდე ისინი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 2011 წელს ალბუკერკში (აშშ) ანამ აჯობა, ალექსანდრამ ლინცში (ავსტრია) რევანში
აიღო. შარშანწინ ბუდაპეშტში მათი მესამე პაექრობა ჩვენებურის გამარჯვებით (5:7, 7:6, 6:4) დამთავრდა.

როგორც ვხედავთ, ტატიშვილს იოლი გასეირნება არ ელის, თუმცა ანას შარშანდელი სეზონის წარმატებულ ფინიშს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი კანადურ ბარიერს გადალახავს და არანჩა რუსსა (ჰოლანდია) და ეკატერინა ბიჩკოვას (რუსეთი) შორის უძლიერესს დაელოდება.

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში ითამაშებს კიდევ ერთი თბილისელი ჩოგბურთელი - სოფიო შაფათავა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 214-ე საფეხურზეა.

WTA-ს ტურნირის სადებიუტო სტარტზე მას მეტოქეობას გაუწევს იაპონელი ერი ჰოზუმი, რომელიც საჩოგბურთო წრისთვის ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა კლასიფიკაციაში ჩვენებურს 11 ადგილით უსწრებს. შაფათავა-ჰოზუმის შორის უძლიერესი მარინა ზანევსკასა (უკრაინა) და დანკა კოვანიჩის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.

* * *

ჰობარტის (ავსტრალია) ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი), როგორც გაუწყეთ, წყვილებში წარმატებით აიღეს სტარტი თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და უკრაინელმა ირინა ბურიაჩოკმა. ისინი მეოთხედფინალში არიან. 8 იანვარს მათი მეტოქე გამოვლინდა: ესპანელებმა - ლარა არუაბერენამ და სილვია სოლერ-ესპინოზამ სამ სეტში მასპინძლებს - ოლივია როგოვსკას და სტორმ სანდერსს სძლიეს - 2:6, 6:2, 11:9.

* * *

ნაახალწლევს ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ (WTA) ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა. ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:

ერთეულები
126 (127). ანა ტატიშვილი (499 ქულა), 214 (218). სოფიო შაფათავა (288), 318 (313). ოქსანა კალაშნიკოვა (151), 419 (420). ეკატერინე გორგოძე (97), 456 (458). მარგალიტა ჩახნაშვილი (81), 743 (720). სოფიო ქვაცაბაია (28), 1212 (1216). მარიამ ბოლქვაძე (4), 1238 (1242). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები
56 (58). კალაშნიკოვა (1622), 85 (82). ტატიშვილი (1085), 181 (184). შაფათავა (382), 463 (451). გორგოძე (107), 525 (500). ქვაცაბაია (84), 771 (772). ჩახნაშვილი (34), 1266 (1271). ჭალაგანიძე (4), 1289 (1294). ბოლქვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული