ჰოფმანის თასი პოლონეთის ნაკრებმა მოიგო

AutoSharing Option
პროფესიული ტურის ტურნირების გარდა, გასულ კვირას გაიმართა ჰოფმანის თასი - შერეულ წყვილებში მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი, რომელზეც სარეიტინგო ქულები არ რიგდება.

აქ მთავარი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, სერენა უილიამსი იყო. მან ჯონ ისნერთან ერთად დააკომპლექტა აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა. მართალია, WTA-ს პირველი ნომერი კანადასთან შეხვედრაში ეჟენი ბუშართან განადგურდა (2:6, 1:6), მაგრამ დანარჩენი ორი მატჩი ამერიკელებმა მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

B ჯგუფში პოლონეთის ნაკრებმა იმარჯვა. აგნიეშკა რადვანსკა და იერჟი იანოვიჩი გაუსწორდნენ ავსტრალიასა და ბრიტანეთს, ხოლო საფრანგეთთან 1:2 წააგეს, მაგრამ სეტების უკეთესი სხვაობით გაუსწრეს
ბრიტანეთს, რომელმაც ასევე ორი შეხვედრა მოიგო.

ფინალის პირველ მატჩში უილიამსი და რადვანსკა დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. პოლონელს რვიდან რვა შეხვედრა ჰქონდა წაგებული ამერიკელთან და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მისთვის ამ მატჩში მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

უილიამსმა ჩააგდო მატჩის სტარტი - ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. რადვანსკამ ძალების ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა და აღარ მისცა მეტოქეს დაწევის საშუალება. მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელმა მოუმატა. ბრეიკის შანსი ორივეს ჰქონდა, თუმცა უილიამსის მოწოდებებზე გეიმები უფრო ხანგრძლივი გამოდიოდა და 5:5-ზე პოლონელმა მიაღწია მიზანს - ბრეიკი გააკეთა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

აქ კი უილიამსმა მკვეთრად მოუმატა თამაშს. პოლონელი ანერვიულდა და ტაი-ბრეიკზე წააგო სეტი. მაგრამ მესამე პარტია ძალიან მოკლე გამოვიდა. მას შემდეგ, რაც რადვანსკამ გადაარჩინა უმძიმესი სასტარტო გეიმი, ამერიკელი მოულოდნელად მოიშალა და თავი ხელში ვეღარ აიყვანა - 4:6, 7:6(3), 1:6.

ასე რომ, ჰოფმანის თასზე სერენამ ოთხი მატჩი ჩაატარა და ორჯერ წააგო. ამასთან, პირველ მატჩში ფლავია პენეტასთან სასტარტო სეტი 0:6 დათმო. ეს იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ამერიკელი ჯერ შორს არის ოპტიმალური სათამაშო და ფიზიკური ფორმისგან.

მამაკაცთა მატჩში ჯონ ისნერმა იერჟი იანოვიჩს მოუგო - 7:6(10), 6:4 და გადამწყვეტი აღმოჩნდა მიქსტი, რომლისთვისაც უფრო უკეთ მომზადებული პოლონეთი იყო. რადვანსკა და იანოვიჩი დამაჯერებლად და სტაბილურად გამოიყურებოდნენ და ორ სეტში გაუსწორდნენ უილიამსსა და ისნერს - 7:5, 6:3. პოლონეთმა ისტორიაში პირველად მოიგო ჰოფმანის თასი.

ჰოფმანის თასი
ფინალი
პოლონეთი-აშშ 2:1
1:0 აგნიეშკა რადვანსკა-სერენა უილიამსი 6:4, 6:7(3), 6:1
1:1 იერჟი იანოვიჩი-ჯონ ისნერი 6:7(10), 4:6
2:1 რადვანსკა/იანოვიჩი-უილიამსი/ისნერი 7:5, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული