შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ინდიან უელსში ვერ შეძლო ნახევარფინალის თამაში რუმინელი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ. პრესკონფერენციის დროს სერენამ განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის - მოახერხებს თუ არა მაიამიში თამაშს. მაგრამ უკვე შემდგარი ბადითა და თავად უილიამსის ახალი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მოქმედი ჩემპიონი შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
განრიგის მიხედვით, სერენა უილიამსი ტიტულის დაცვას პარასკევს, შელბი
მანამდე კი გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მომავალი ტურნირის შესახებ:
- ეს მეორე უმსხვილესი ტურნირია არა "დიდი სლემის" სერიიდან. გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ინდიან უელსში გამარჯვების შემდეგ სიმონა ჰალეპს სწორედ ამდენი დაემატა რეიტინგში, რამაც ის ავტომატურად მიაახლოვა სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირს.
- კი-ბისკეინი მაიამის გარეუბანია. ეს არის დები უილიამსების საცხოვრებელ პალმ-ბიჩ გარდენსის მეზობელი ქალაქი. პრაქტიკულად, საშინაო კედლებში თამაში ძალიან ეხმარება უილიამსებს: მათ ეს ტურნირი ჯამში ათჯერ მოიგეს (სამჯერ ვინუსმა და შვიდჯერ - სერენამ). საინტერესოა, რომ სერენა უილიამსს ყველაზე ბევრჯერ კარიერაში სწორედ ამ ტურნირზე გაუმარჯვია.
- ვინუს უილიამსი, რომელმაც გამოტოვა ინდიან უელსის ტურნირი, ისევ მზად არის საბრძოლველად: ამერიკელმა წარმატებით დაიწყო 2015 წელი და ამ მომენტისთვის 15 მოგება და სამი წაგება აქვს. დღეისთვის ვინუსი მეცხრე ადგილზეა WTA-ს "ჩემპიონთა რბოლაში".
- მარია შარაპოვა ჯერ ისევ ოცნებობს მაიამის ტურნირში გამარჯვებაზე. რუსისთვის ეს შეჯიბრება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია იმის მიუხედავად, რომ მარიას აქ არასოდეს გაუმარჯვია. ის ფინალში იყო 2005 (წააგო კიმ კლაისტერსთან), 2006 (სვეტლანა კუზნეცოვა), 2011 (ვიქტორია აზარენკა), 2012 (აგნიეშკა რადვანსკა) და 2013 წლებში (სერენა უილიამსი).
- მსოფლიოს მესამე ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა ამ სეზონში უკვე სამი ტურნირი მოიგო და სათავეში ჩაუდგა WTA-ს საჩემპიონო რბოლას. მაიამიში რუმინელი არასოდეს გასულა მესამე რაუნდზე შორს და ახლა ამ სერიის შეწყვეტას აპირებს.
- შეჯიბრებას გამოტოვებენ პეტრა კვიტოვა, რომელიც ჯერაც ვერ გამოჯანმრთელდა ინფექციის შემდეგ და არც ინდიან უელსში უთამაშია; დომინიკა ციბულკოვა, ტიმეა ბაშჩინსკი (ორივეს მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს) და იარმილა გაიდოშოვა (ვირუსული ინფექცია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"