მაიამის "მასტერსი": რუსების შავი დღე

AutoSharing Option
ქალებმა მაიამის ტურნირზე სრულად გაიარეს მერვედფინალური ეტაპი. აგრძელებს 2015 წელს ტრიუმფალურ სვლას მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი. ამერიკელი ამ სეზონში ისევ დაუმარცხებელია და მისმა მოგებათა სერიამ 18 მატჩს მიაღწია.

სერენას მორიგი მსხვერპლი გახდა რუსი სვეტლანა კუზნეცოვა, რომელიც ამერიკელთან ურთიერთშეხვედრებში 2:7-ს აგებდა. უილიამსმა ოთხივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და არც ერთი საკუთარი გეიმი არ დაანება მეტოქეს, თავად კი სამი ბრეიკი მიითვალა - 6:2, 6:3.

რეიტინგის ლიდერის მეტოქე მეოთხედფინალში გერმანელი საბინ ლისიცკი იქნება, რომელმაც შესანიშნავი ფორმა აკრიფა. სეზონის სტარტზე შვიდიდან ექვსი მატჩის წაგების შემდეგ
ლისიცკის ბოლო რვა მატჩში შვიდი მოგება დაუგროვდა. მან ინდიან უელსში წინა ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია, ახლა კი უილიამსის ბრწყინვალე სერიის შეწყვეტას ეცდება.

ლისიცკიმ ანა ივანოვიჩის ძლევის შემდეგ იტალიელი სარა ერანი გაანადგურა - 6:1, 6:2. სერენასთან ურთიერთშეხვედრებში გერმანელი 1:2-ს აგებს. ეს ერთადერთი მოგება საბინას ორი წლის წინ უიმბლდონზე ჰქონდა.

* * *
ინდიან უელსის ჩემპიონმა სიმონა ჰალეპმა ნავსი გატეხა და მეოთხე ცდიდან პირველად დაამარცხა იტალიელი ფლავია პენეტა.

რუმინელმა პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით მოიგო, მეორეში კი ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც აიცილა თავიდან მესამე პარტიის თამაში. პენეტა მეორე სეტში 5:2-ს იგებდა, მაგრამ ჰალეპმა ზედიზედ 10 გათამაშება მოიგო, ინიციატივა დაიბრუნა და ზედიზედ 5 გეიმის აღებით მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა - 6:3, 7:5.

ჰალეპი სამი ტიტულით ამ სეზონის ლიდერია. გარდა ამისა, ის მოგებების რაოდენობით პირველ ადგილს იყოფს ჩეხ კაროლინ პლიშკოვასთან. პენეტასთან გამარჯვება რიგით 23-ე იყო რუმინელისთვის.

სიმონას მეოთხედფინალში ამერიკელ სლოუნ სტივენსთან მოუწევს თამაში, რომელმაც შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან 3:5-დან გადაარჩინა მეორე სეტი და 6:4, 7:6(5) მოიგო.

ჰალეპსა და სტივენსს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 2:2.

* * *
კიდევ ერთი გერმანელი ითამაშებს მეოთხედფინალში. ეს არის ანდრეა პეტკოვიჩი, რომელმაც მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო რუს ეკატერინა მაკაროვას. საქმე ისაა, რომ დაახლოებით კვირანახევარში ფედერაციის თასზე გერმანიისა და რუსეთის ნახევარფინალი გაიმართება და პეტკოვიჩის გუშინდელ მოგებას ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა.

ანდრეამ პირველ სეტში გადაუარა რუსს, მეორესაც კომფორტულად იგებდა, მაგრამ 5:3-ზე ორი გეიმი დათმო და ანგარიში გაათანაბრებინა მეტოქეს. თუმცა 5:5-ზე ორი გეიმის მოგებით ყველაფერი თავის ადგილას დადგა - 6:1, 7:5.

საერთოდ, რუსებს გუშინ შავი დღე ჰქონდათ. კუზნეცოვასა და მაკაროვას ბედი გაიზიარა პირველ წრეში მარია შარაპოვას მძლეველმა დარია გავრილოვამ, რომელმაც უშანსოდ წააგო ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან - 3:6, 2:6. სწორედ პლიშკოვა იქნება პეტკოვიჩის მეტოქე მეოთხედფინალში.

* * *
ბოლო მეოთხედფინალური წყვილი დააკომპლექტეს ვინუს უილიამსმა და კარლა სუარეს ნავარომ.

ვინუსის მეტოქე იყო ბოლო დროს ფორმიდან ამოვარდნილი კაროლინ ვოზნიაცკი. დანიელმა აქაც ჩააგდო პირველი სეტი, სამაგიეროდ, მეორეში ახლოს იყო მოგებასთან. კარო 5:3 გაიჭრა წინ, მაგრამ უილიამსმა მომდევნო 12 გათამაშებიდან 11 თავის სასარგებლოდ დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამას მოჰყვა ვოზნიაცკის მხრიდან ბრეიკი, თუმცა დანიელმა 6:5-ზე ისევ ვერ ჩააწოდა სეტზე და ბოლოს ჩააგდო ტაი-ბრეიკი, სადაც მხოლოდ ერთი ქულა აიღო - 6:3, 7:6(1).

კარლა სუარეს ნავარომ აგნიეშკა რადვანსკა გამოთიშა ბრძოლას. პოლონელმა მოიგო მარათონული 57-წუთიანი პირველი პარტია, მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივას ესპანელი დაეუფლა. კარლამ მომდევნო 13 გეიმიდან 11 თავის სასარგებლოდ დაასრულა: 24 წუთში მოიგო მეორე სეტი და მესამეში 5:2 გავიდა წინ. ბოლოს რადვანსკამ გაიბრძოლა, მაგრამ მაინც დანებება მოუწია - 5:7, 6:0, 6:4.

სუარეს ნავარო და ვინუს უილიამსი მეხუთედ შეხვდებიან ერთმანეთს. ჯერჯერობით მათ შორის ანგარიშია - 2:2.

ქალები
1/8-ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ფლავია პენეტა (იტა, 15) 6:3, 7:5; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 6:4, 7:6(5); კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7) 5:7, 6:0, 6:4; ვინუს უილიამსი (აშშ, 16)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4) 6:3, 7:6(1); ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 8) 6:1, 7:5; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 14)-დარია გავრილოვა (რუს) 6:3, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ, 27)-სარა ერანი (იტა, 11) 6:1, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 24) 6:2, 6:3.

1/4-ფინალი
ს. უილიამსი (1)-ლისიცკი (27); ჰალეპი (3)-სტივენსი; სუარეს ნავარო (12)-ვ. უილიამსი (16); პეტკოვიჩი (9)-კარ. პლიშკოვა (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული