უიმბლდონი: მეორე კვირა ჩემპიონის გარეშე

AutoSharing Option
ქალების ტურნირზე ბოლო ორი დღის მთავარი მოვლენა მოქმედი ჩემპიონის გავარდნა იყო.

არადა, ჩეხი პეტრა კვიტოვას გავარდნას არაფერი მოასწავებდა. მან წინა ორ მატჩში ჯამში მხოლოდ სამი გეიმი დათმო, თითო სეტი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და კორტზე საათნახევარი დაჰყო, მისმა მეტოქემ ელენა იანკოვიჩმა კი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებული შედეგებით ვერ დაიკვეხნიდა და უიმბლდონზეც მერვედფინალზე შორს არასოდეს გასულა, თითო სეტი წააგო რუსებთან - ვესნინასთან და როდინასთან.

ურთიერთშეხვედრებშიც კვიტოვა წინ იყო - 4:2. მათი ბოლო შეხვედრა მაისში, რომის ტურნირზე ჩეხმა იოლად მოიგო - 6:3, 6:2.
თუმცა იანკოვიჩის ბიოგრაფიაში არსებობს ერთი საგულისხმო ფაქტი: 2006 წელს, როცა რეიტინგში თითქმის ამჟამინდელი ადგილი ეკავა (29-ე ნომერი), მან უიმბლდონის მესამე წრეში მოქმედი ჩემპიონი ვინუს უილიამსი დაამარცხა.

თუმცა ეს თითქმის არავის ახსოვდა, მით უმეტეს, რომ პეტრამ პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორე პარტიაში კი ზედიზედ 13 ქულა აიღო და 3:1 დაწინაურდა. მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა.

რა მოხდა შემდეგ?

"ამ კითხვაზე პასუხი რომ ვიცოდე, აუცილებლად გეტყოდით, - განაცხადა პრესკონფერენციაზე კვიტოვამ. - მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ის მატჩში ბრუნდებოდა და აგრესიულობას უმატებდა, მე კი უბრალოდ არაფერი მქონდა პასუხის გასაცემად. მოწოდება ვერ მშველოდა და საერთოდ, ყველა დარტყმას დიდი გაჭირვებით ვასრულებდი".

* * *
კვიტოვას წაგების შემდეგ, ბადის ქვედა ნახევარში სიტუაცია აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გახდა. ფინალში მოხვედრის მთავარ პრეტენდენტად, სავარაუდოდ, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ის უიმბლდონზე მერვედფინალზე შორს არასოდეს გასულა.

მესამე წრეში დანიელი კამილა ჯორჯის ხვდებოდა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 1:2-ს აგებდა. თან იტალიელი კარგ ფორმაში იყო - ორი კვირის წინ, ჰერტოგენბოშის ტურნირზე კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, მაგრამ კაროლინთან არაფერი გამოუვიდა. დიდი რაოდენობით უნებლიე შეცდომებს ცხრა ორმაგიც დაემატა და ვოზნიაცკიმ დამაჯერებლად წაიწია წინ - 6:2, 6:2.

დანიელის შემდეგი მეტოქე გარბინ მუგურუსა იქნება. ესპანელს გაუჭირდა ანჟელიკ კერბერის წინააღმდეგ, მაგრამ 57 "ვინერსის" წყალობით მოიგო - 7:6(12), 1:6, 6:2. ასევე გამოეთიშა ბრძოლას კიდევ ერთი გერმანელი, 2013 წლის ფინალისტი საბინ ლისიცკი. მან ორ სეტში წააგო ამ სეზონში ბრწყინვალედ მოთამაშე ტიმეა ბაშჩინსკისთან - 3:6, 2:6. პირველად 2009 წლის შემდეგ, ლისიცკი ვერ მოხვდა უიმბლდონის მეოთხედფინალში.

ბაშჩინსკის წარმატების შემდეგ, შვეიცარიას ორივე ბადეში მერვედფინალში ოთხი წარმომადგენელი ჰყავს (ფედერერი, ვავრინკა, ბენჩიჩი, ბაშჩინსკი), რაც ისტორიაში პირველად მოხდა. ამ მაჩვენებლით ყველისა და შოკოლადის ქვეყანა მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, რომელსაც მერვედფინალში წარმოადგენენ სერენა და ვინუს უილიამსები, კოკო ვანდევეგე, მედისონ კისი და დენის კუდლა.
* * *
თუმცა სერენა უილიამსი, შეიძლებოდა ვერც გვეხილა მერვედფინალში. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბეწვის ხიდზე გაიარა ბრიტანელ ჰიზერ უოტსონთან მატჩში. ამერიკელმა იოლად მოიგო პირველი სეტი, მაგრამ მეორეში მასპინძელმა დიდი ბრძოლა გაუმართა ამერიკელს და ბრეიკით დაწინაურდა. მართალია, სერენამ დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მაგრამ ჰიზერმა მეცხრე გეიმში ისევ შეძლო ბრეიკის შესრულება და სეტზე წარმატებით ჩააწოდა.

უოტსონის წარმატებული სერია გადამწყვეტ პარტიაში გაგრძელდა. მაყურებლებით გამხნევებული ბრიტანელი თითქმის ყველა ბურთს ახვედრებდა და ორი ბრეიკით დაწინაურდა - 3:1. ჰიზერს შემდეგი გეიმიც რომ აეღო, შესაძლოა, ამერიკელი ვეღარ დაბრუნებულიყო მატჩში, მაგრამ უილიამსმა ათწუთიან გეიმში შეასრულა ბრეიკი, შემდეგ კი 40:0-დან მოიგო მეტოქის კიდევ ერთი მოწოდება. მაგრამ ამით რეიტინგის ლიდერის პრობლემები არ დასრულებულა. უოტსონი არ დანებდა და მეცხრე გეიმში "მშრალი" ანგარიშით აიღო ბრეიკი, რითაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. და აქ ბრიტანელი ანერვიულდა - ორი არააუცილებელი შეცდომა დაუშვა, თან უილიამსი ბრწყინვალედ ათამაშდა. სერენამ 6:5 წაიყვანა ანგარიში და შემდეგ გეიმში მესამე მატჩბოლიდან მოპოვა გამარჯვება.

ახლა, სერენას წინ აქვს ურთულესი მერვედფინალი უფროს დასთან - ვინუს უილიამსთან. დების კლასიკური დაპირისპირება დიდი იშვიათობა გახდა - 2009 წლის შემდეგ, ისინი მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. და ბოლო დუელი 2014 წელს, მონრეალის ნახევარფინალში ვინუსმა მოიგო.

ახლაც, სერენა სულაც არ მოსჩანს აშკარა ფავორიტად. ვინუსი ამ უიმბლდონზე შესანიშნავად გამოიყურება. ალექსანდრა კრუნიჩთან მატჩში ის დაფრინავდა კორტზე და საათზე ოდნავ მეტი დასჭირდა მოსაგებად. უფროსი უილიამსი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად გავიდა უიმბლდონის მერვედფინალში.

* * *
გავიდა შემდეგ წრეში ვიქტორია აზარენკა, რომელმაც დაძაბულ მატჩში მოუგო კრისტინა მლადენოვიჩს. მატჩის მსვლელობა ისეთი იყო, რომ ორივე ჩოგბურთელს შეეძლო ნებისმიერ მომენტში თამაშის ბედი თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა. ყველაფერი გადაწყვიტა მლადენოვიჩის ჩავარდნამ მეორე სეტის ბოლოს, როცა 4:4-ზე საკუთარი გეიმი წააგო. ახლა, აზარენკა შეეცდება ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბელინდა ბენჩიჩის შეჩერებას. შვეცარიელმა უიმბლდონამდე ზედიზედ სამი კვირა ითამაშა, იყო ჰერტოგენბოშის ფინალში და ტიტული აიღო ისტბურნში. მესამე წრეში მან ექიმი გამოიძახა მუხლის არეში ტკივილის გამო, რის შემდეგაც ორჯერ არ ჩააწოდებინა სეტზე ბეტანი მატეკს და მოიგო ორ დაძაბულ სეტში - 7:5, 7:5.

* * *
მცირე პრობლემები ჰქონდა მარია შარაპოვას. რუმინელმა ირინა-კამელია ბეგუმ შეხვედრა ბრეიკით დაიწყო, რომელიც იქვე დაიბრუნა რუსმა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები კარგა ხანი ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას. შარაპოვამ საჭირო მომენტში შეძლო მომატება - მეათე გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.

მეორე სეტში მარიას უფრო იოლად წაუვიდა საქმე. მან სწრაფად წაიყვანა ანგარიში - 5:0, მაგრამ მაინც ოდნავ ანერვიულა გულშემატკივრები. ბეგუმ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და მეცხრეში 30:0 დაწინაურდა, მაგრამ შარაპოვამ მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა და მერვედფინალში ზარინა დიასზე გავიდა, რომელმაც ორ სეტში მოუგო მე-14 ნომრად განთესილ ანდრეა პეტკოვიჩს.

დღეს უიმბლდონზე დიდი სათამაშო დღეა - მეოთხედფინალისტები გამოვლინდებიან როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ბადეში.

ქალები
1/16 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:2, 4:6, 7:5; ვინუს უილიამსი (აშშ, 16)-ალექსანდრა კრუნიჩი (სერ) 6:3, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 23)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:4, 6:4; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 30)-მატეკი (აშშ) 7:5, 7:5; მარია შარაპოვა (რუს, 4)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 29) 6:4, 6:3; ზარინა დიასი (ყაზ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 14) 7:5, 6:4; კოკო ვანდევეგე (აშშ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 22) 6:2, 6:0; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 6)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 3:6, 6:3, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 5)-კამილა ჯორჯი (იტა, 31) 6:2, 6:2; გარბინ მუგურუსა (ესპ, 20)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 10) 7:6(12), 1:6, 6:2; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 15)-საბინ ლისიცკი (გერ, 18) 6:3, 6:2; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ) 6:3, 7:5; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 7:6(4), 6:3; მედისონ კისი (აშშ, 21)-ტატიანა მარია (გერ) 6:4, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 6:1, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 28)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2) 3:6, 7:5, 6:4.

1/8 ფინალი
ს. უილიამსი (1)-ვ. უილიამსი (16); აზარენკა (23)-ბენჩიჩი (30); შარაპოვა (4)-დიასი; ვანდევეგე-საფაროვა (6); ვოზნიაცკი (5)-მუგურუსა (20); ბაშჩინსკი (15)-ნიკულესკუ; გოვორცოვა-კისი (21); ა. რადვანსკა (13)-იანკოვიჩი (28).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული