პეტრა კვიტოვა - მონონუკლეოზის მორიგი მსხვერპლი

AutoSharing Option
ექიმებმა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, 25 წლის ჩეხ პეტრა კვიტოვას მონონუკლეოზის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ წერს WTA-ს ოფიციალური ვებგვერდი, თავად სპორტსმენის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამგვარი დიაგნოზის მიუხედავად, ექიმებმა ნება დართეს კვიტოვას - გააგრძელოს პროფესიულ ტურში გამოსვლა. ამჟამად ჩეხი კანადის ქალაქ ტორონტოში იმყოფება, სადაც მეორე წრიდან დაიწყებს თამაშს უმაღლესი კატეგორიის ტურნირში.

"უიმბლდონის შემდეგ რამდენიმე დღე მონაკოში გავემგზავრე დასასვენებლად. იქ მსუბუქი ვარჯიში გადავწყვიტე, მაგრამ გაირკვა, რომ მონონუკლეოზი მაქვს. ასე რომ, ვარჯიში ჩემთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.

იმ პერიოდში ყელი მტკიოდა, რის გამოც ანტიბიოტიკების მიღება გადავწყვიტე.
სწორედ ამან აჩვენა, რომ იმუნიტეტი მქონდა დაქვეითებული. რამდენიმე ანალიზი ჩავაბარე და ასეთი დიაგნოზი დამისვეს. როგორც ჩანს, ინფექცია გაზაფხულზე შემეყარა. დღეისთვის, გამოჯანმრთელებისკენ მივდივარ და ექიმებმა თამაშის უფლებაც მომცეს, მაგრამ მაინც ვნერვიულობ ვარჯიშებისა და დატვირთვების გამო", - განაცხადა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა დაღლილობის გამო გამოიტანა განაცხადი ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირებიდან, რის შემდეგაც გაიმარჯვა მადრიდში, სადაც სერენა უილიამსს ამ სეზონში ერთადერთი მარცხი აგემა. მომდევნო სამ ტურნირზე ჩეხი რომში მეოთხედფინალამდე მივიდა, მერვედფინალი წააგო როლან გაროსზე და მესამე წრეში დამარცხდა უიმბლდონზე.

"ამ დიაგნოზის შემდეგ ბევრი რამ ცხადი გახდა, მაგრამ ვინ იცის, მართლა ავადმყოფობის გამო ვთამაშობდი ცუდად? მე ხომ წაგებულ მატჩებში გამარჯვების შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. მხოლოდ ის შევიტყვე, რატომ ვიღლებოდი ასე სწრაფად", - დაამატა კვიტოვამ.

მონონუკლეოზი - ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისუსტით, თავის, ყელისა და სახსრების ტკივილით, სხეულის მაღალი ტემპერატურით. თავის დროზე, ეს ინფექცია აღმოუჩინეს შვეიცარიელ როჯერ ფედერერს, აგრეთვე, შვედ რობინ სიოდერლინგს, რომელიც დღემდე არ დაბრუნებულა კორტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული