ბერტენსმა დებიუტში ბრეიკი შეასრულა და 5:4-მდე დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში, ოდნავ მოადუნა ყურადღება, უფრო რბილად დაიწყო თამაში და რამდენიმე არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.
როცა სერენამ ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ყველას ეგონა, რომ ჰოლანდიელს განადგურება არ ასცდებოდა. მაგრამ, ამერიკელს მაინც მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში,
მეორე სეტში უფრო ნაკლები ბრძოლა იყო. მართალია, უილიამსს მოწოდებაზე ისევ ჰქონდა პრობლემები, მაგრამ მეტოქეს ბევრის უფლება აღარ მისცა და 7:6(5), 6:3 მოიგო. "როცა მეტოქეს ჩამოვრჩები, ვცდილობ მოვდუნდე და ამ მომენტში, უკეთ თამაშს ვიწყებ", - განაცხადა სერენა უილიამსმა, რომლისთვისაც ეს იყო 50-ე მოგება სეზონში.
* * *
ამ 50 მოგებასთან ერთად, სერენას მხოლოდ ორი წაგება აქვს სეზონში და ერთ-ერთი, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩისგან. ყველა ელოდება მათ შეხვედრას მერვედფინალში, მაგრამ მოსალოდნელ დუელს საფრთხე დაემუქრა, რადგან ბენჩიჩი კინაღამ შინ გაამგზავრა იაპონელმა მისაკი დოიმ.
ბელინდას მეორე სეტში სამი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. შვეიცარიელი ძალიან ემოციური იყო - ყვიროდა, მსაჯებთან კამათობდა, ბოლოს კი ხელი არ ჩამოართვა მთავარ არბიტრს. ამის გამო, ახალგაზრდა ჩოგბურთელმა "ტვიტერში" ბოდიში მოიხადა: "შემდეგ წრეში გავედი! მინდა ბოდიში მოვიხადო კორტზე ჩემი საქციელის გამო. ვიცი, რომ საშინლად მოვიქეცი. მაგრამ ყველას აქვს ცუდი დღეები".
სანამ სერენასთან თამაშის უფლებას მოიპოვებს, ბენჩიჩმა მესამე წრეში ვინუს უილიამსის ბარიერი უნდა გადალახოს. უფროსი უილიამსი მშვიდად უგებდა თანამემამულე ირინა ფალკონის - 6:3, 5:3, მაგრამ ამ უკანასკნელმა მეტოქეს ორჯერ მატჩზე არ ჩააწოდებინა და თამაში მესამე სეტში გადაიყვანა, მაგრამ ბოლოს, ვინუსმა მაინც თავისი გაიტანა.
ქალები
II წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 7:6(5), 6:3; ბეტანი მატეკი (აშშ)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:2, 6:1; მედისონ კისი (აშშ, 27)-ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ) 6:1, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 15)-მაგდა ლინეტი (პოლ) 6:3, 6:2; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 12)-მისაკი დოი (იაპ) 5:7, 7:6(3), 6:3; ვინუს უილიამსი (აშშ, 23)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:3, 6:7(2), 6:2; ანეტ კონტავეიტი (ესტ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 31) 7:5, 6:4; მედისონ ბრენგლი (აშშ)-ანა ტატიშვილი (აშშ) 6:3, 6:2; დარია კასატკინა (რუს)-ანა კონიუხი (ხორ) 6:4, 6:4; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 7:5, 6:1;
ელინა სვიტოლინა (უკრ, 17)-კაია კანეპი (ესტ) 6:3, 6:4; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 13)-ლორენ დევისი (აშშ) 6:1, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა)-დენისა ალერტოვა (ჩეხ) 2:6, 6:3, 6:1; მარიანა დუკე-მარინო (კოლ)-ოსეან დოდენი (საფ) 6:1, 5:7, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან, 25)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 6:7(2), 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-ჯესიკა პეგულა(აშშ) 5:7, 7:5, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"