ინდიან უელსი: სასწაულების დღე

AutoSharing Option
გუშინ, ინდიან უელსში მორიგი სათამაშო დღე იყო. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცთა მატჩები უფრო საინტერესო გამოვიდა, თუნდაც იმიტომ, რომ გადამწყვეტ მომენტებში დაუჯერებელი შეცდომები ვიხილეთ.

მაგალითად, ტომაშ ბერდიხმა იოლი სმეში გააფუჭა მილოშ რაონიჩის მატჩბოლზე და ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 6:7(7). ჩეხს სეტბოლები ჰქონდა როგორც მე-12 გეიმში, ასევე ტაი-ბრეიკზე, მაგრამ ვერ გამოიყენა. რაონიჩი ბრწყინვალედ თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და ჯამში მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

კიდევ უფრო დრამატულად მიმდინარეობდა სტენ ვავრინკასა და დავიდ გოფენის მატჩი. შვეიცარიელი მუდმივად მდევრის როლში იყო: 0:4-ს აგებდა
მეორე სეტში, 2:5-ს - მესამეში. და მაინც მიაღწია გადამწყვეტი სეტის ტაი-ბეიკამდე, სადაც 5:5-ზე ძალიან იოლ ბურთზე დაუშვა შეცდომა. შემდეგ გათამაშებაში გოფენმა რთული გამარჯვება გაიფორმა - 6:3, 5:7, 7:6(5).

ორივე ჩოგბურთელი საშინლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე - ჯამში 13 ბრეიკი და 10 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. ბელგიელისთვის ეს იყო 27-ე ცდიდან მხოლოდ მეორე მოგება TOP10-ის მოთამაშეებთან.

კიდევ ერთი დრამა გათამაშდა რაფაელ ნადალისა და ალექსანდრ ზვერევის მატჩში. გერმანელი უკეთ გამოიყურებოდა პირველ სეტში და 5:3 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ პარტიაზე ჩაწოდება ვერ შეძლო. ტაი-ბრეიკზე ნადალს ორი სეტბოლი ჰქონდა, თუმცა ზვერევმა ბოლომდე იბრძოლა და ზედიზედ სამი ქულა აიღო.

მეორე სეტში გერმანელმა დაისვენა და "მშრალი" ანგარიშით წააგო, სამაგიეროდ, მესამე პარტიაში 5:2 გაიჭრა წინ. გადამწყვეტი მომენტი დადგა მეათე გეიმში: ზვერევი აწვდიდა, 5:4-ზე მატჩბოლი ჰქონდა და გათამაშებისას აშკარა უპირატესობა მიიღო: წინ გასულს, იოლი დარტყმა უნდა შეესრულებინა, მაგრამ ბადეს მოახვედრა. ამ შეცდომის შემდეგ, 16 ქულა გათამაშდა და 15 ნადალმა მოიგო - 6:7(8), 6:0, 7:5.

ღამის სესიაში ახალი თრილერი აჩუქეს მაყურებელს კეი ნიშიკორიმ და ჯონ ისნერმა. ამერიკელმა დამაჯერებლად აიღო პირველი სეტი, მაგრამ მეორე პარტიიდან კეიმ მოუმატა. მომდევნო ორ სეტში ტაი-ბრეიკი გათამაშდა და ჯონს მატჩბოლი ჰქონდა მესამე სეტის მე-12 გეიმში, მაგრამ ვერ გამოიყენა და რამდენიმე წუთში გამარჯვება იაპონელმა იზეიმა - 1:6, 7:6(2), 7:6(5).

რამდენიმე მძიმე მატჩის შემდეგ, თანდათან გონს მოდის ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც საათსა და ხუთ წუთში გაანადგურა ფელისიანო ლოპესი - 6:3, 6:3 და მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება. საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩმა მხოლოდ ოთხი ქულა აიღო პირველ სეტში ლოპესის მოწოდებაზე, მაგრამ ეს ერთ გეიმში გააკეთა და ამით ბრეიკი შეასრულა.

* * *
გუშინ, ასევე გაიმართა ორი მეოთხედფინალი ქალებს შორის. ორივე შეხვედრას ხმაურიანი აფიშა ჰქონდა: აგნიეშკა რადვანსკა-პეტრა კვიტოვა და სერენა უილიამსი-სიმონა ჰალეპი.

პირველში აშკარა ფავორიტად პოლონელი ჩოგბურთელი მოჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ კვიტოვას მიჰყავდა ურთიერთშეხვედრათა ანგარიში - 6:3. ინდიან უელსში პეტრა სუსტ თამაშს აჩვენებდა. მართალია, მან მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ ყველა შეხვედრაში სამი სეტის ჩატარება დასჭირდა და ბევრ შეცდომას უშვებდა.

რადვანსკას წინააღმდეგაც პირველ პარტიაში 22 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, სამაგიეროდ, მეორე სეტში შეძლო მომატება და 5:2 დაწინაურდა. თუმცა სეტებში ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე ირკვეოდა და იქ პოლონელმა, ისევ მეტოქის შეცდომების ხარჯზე, 7:3 მოიგო. ამ მოგებით, რადვანსკამ ახალ რეიტინგში მეორე ადგილი გაინაღდა.

სერენა უილიამსმა საკმაოდ იოლად მოუგო მოქმედ ჩემპიონს. მართალია, მატჩი უკეთ ჰალეპმა დაიწყო, მაგრამ სერენამ მალე დაალაგა თამაში და 5:2 გავიდა წინ. რუმინელმა მწვრთნელი გამოიძახა კორტზე და ეს ორი გეიმის მოგებაში დაეხმარა, თუმცა მეტი ვერ შეძლო. სიმონამ საკუთარი მოწოდება და სეტი მეტოქეს ჩააბარა - 4:6.

მეორე სეტის ბედი სერენას ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა. ჰალეპს დაკარგული მოწოდების დაბრუნების შანსი არ ჰქონია, რადგან ამერიკელი ბრწყინვალედ აწვდიდა - 6:3. ასე რომ, მივიღეთ პირველი ნახევარფინალური წყვილი - სერენა უილიამსი-აგნიეშკა რადვანსკა.

კაცები
1/8 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18) 6:3, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ, 15)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 3) 6:3, 5:7, 7:6(5); რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-ალექსანდრ ზვერევი (გერ) 6:7(8), 6:0, 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-ჯონ ისნერი (აშშ, 9) 1:6, 7:6(2), 7:6(5); მილოშ რაონიჩი (კან, 12)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:4, 7:6(7); ჟო- ვიფლრიდ ცონგა (საფ, 7)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 11) 6:3, 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ, 10)-რიშარ გასკე (საფ, 8) 7:5, 5:7, 6:2; გაელ მონფილსი (საფ, 13)-ფედერიკო დელბონისი (არგ) 6:3, 6:4.

1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ცონგა (7); ნადალი (4)-ნიშიკორი (5); ჩილიჩი (10)-გოფენი (15); რაონიჩი (12)-მონფილსი (13).

ქალები
1/4 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 5) 6:4, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8) 6:2, 7:6(3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული