საფრანგეთის ღია პირველობა: კვიტოვას ორი ნული

AutoSharing Option
რაც შეეხება 1/16 ფინალის მატჩებს, ამ ეტაპს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. უცნაურად და სამარცხვინოდ წააგო მეათე ნომრად განთესილმა პეტრა კვიტოვამ შელბი როჯერსთან. უცნაური მატჩის საბოლოო ანგარიშია - 0:6, 7:6(3), 0:6.

პირველ სეტში კვიტოვას მხოლოდ ორი "ვინერსი" ჰქონდა და როჯერსმა 23 წუთში "მშრალი" ანგარიშით მოიგო. ჩეხი მეორე სეტშიც ჩამორჩა - 2:4, მაგრამ გაათანაბრა ანგარიში და ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც 7:3 მოიგო. მესამე სეტში კი პირველი პარტიის ისტორია განმეორდა - კვიტოვას მხოლოდ ოთხი "ვინერსი" და კიდევ ერთი ნულზე წაგებული სეტი.

როჯერსი პირველად გავიდა
"დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში, კვიტოვა კი თავისი საყვარელი უიმბლდონისთვის მოსამზადებლად წავიდა.

სერიოზული ტესტის ჩატარება მოუწია მსოფლიოს პირველ ჩოგანს სერენა უილიამსს. ამერიკელის წინააღმდეგ ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე თამაშობდა. თუმცა პირველი სეტი მაინც წააგო, მეორეში კი ტაი-ბრეიკამდე მივიდა და სწორედ მე-13 გეიმის წინ, თამაში წვიმის გამო ორსაათნახევრით შეწყდა. და როცა განახლდა, მლადენოვიჩმა ოთხი მატჩბოლი მოიგერია. მეხუთე ცდიდან უილიამსმა მაინც დაასრულა შეხვედრა თავის სასარგებლოდ - 6:4, 7:6(10). ამერიკელის შემდეგი მეტოქე ელინა სვიტოლინაა.

აგრძელებს წინსვლას ამ ტურნირის მთავარი სენსაცია კიკი ბერტენსი, რომელმაც პირველ წრეში ანჟელიკ კერბერი დაამარცხა. ჰოლანდიელს ყველაზე რთული მატჩის გადატანა 1/16 ფინალში მოუწია რუსი დარია კასატკინას წინააღმდეგ.

პირველი ორი სეტის გაცვლის შემდეგ, ჩოგბურთელებმა მესამე პარტიაში ნამდვილი თრილერი მოაწყვეს. რუსი 2:5-ს აგებდა. მეცხრე გეიმში, რომელიც 11 წუთი გაგრძელდა, მან ხუთი მატჩბოლი მოიგერია, შემდეგ კი, 7:6-ზე და 8:7-ზე მატჩზე ჩაწოდების საშუალება ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ინიციატივა ისევ ბერტენსის მხარეს გადავიდა - მან ზედიზედ სამი გეიმი აიღო და ურთულესი გამარჯვება მოიპოვა - 6:2, 3:6, 10:8.

ჰოლანდიელმა, რომელმაც ერთი კვირის წინ ნიურნბერგის ტურნირი მოიგო, მოგებათა სერია 10 მატჩამდე აიყვანა და გაიმეორე "დიდი სლემის" ტურნირებზე თავისი საუკეთესო შედეგი - 1/8 ფინალში ის ამერიკელ მედისონ კისს შეხვდება.

21 წლის ყაზახმა იულია პუტინცევამ მორიგი მეტოქე გაანადგურა. მან მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო კარინ კნაპს - 6:1, 6:1. სულ კი პარიზში გამართულ სამ შეხვედრაში, პუტინცევამ სულ რაღაც რვა გეიმი წააგო. ახლა, მას ელოდება შეხვედრა მე-12 ნომრად განთესილ კარლა სუარეს ნავაროსთან.

* * *
მამაკაცებს შორის მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია სლოვენიური წარმოშობის ბრიტანელთან ალიაჟ ბედენესთან - 6:2, 6:3, 6:3. სერბს 39 "ვინერსი" ჰქონდა და ბადესთან 15 გასვლიდან 11 გამოიყენა. დღეს მას რობერტო ბაუტისტა-აგუტსთან ელოდა შეხვედრა.

მნიშვნელოვანი იყო ენდი მარეისთვის სამ სეტში მოგება ხორვატი ივო კარლოვიჩის წინააღმდეგ - 6:1, 6:4, 7:6(3). ბრიტანელმა 10 სეტი და შვიდი საათი მოანდომა პირველ ორ წრეში რადეკ შტეპანეკისა და მატიას ბურგის დამარცხებას, ასე რომ, მეორე ჩოგანს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა.

ფაქტები
- მეოთხე ნომრად განთესილმა გარბინ მუგურსუამ იანინა ვიკმაიერი (6:3, 6:0) დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ გავიდა როლან გაროსის მერვედფინალში.

- ყოფილი ფინალისტების - სამანტა სტოსურისა (2010) და ლუსი საფაროვას (2015) მატჩში, ავსტრალიელმა 2 საათი და 22 წუთი ბრძოლის შემდეგ მოიგო - 6:3, 6:7(0), 7:5. სამანტას შემდეგი მეტოქეა კიდევ ერთი ექს-ფინალისტი სიმონა ჰალეპი.

- თავად ჰალეპს სამი სეტი დასჭირდა ნაომი ოსაკას დასამარცხებლად - 4:6, 6:2, 6:3. სიმონას გარდა, მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა 25-ე ნომრად განთესილმა ირინა-კამელია ბეგუმ. ორი რუმინელი როლან გაროსის ამ ეტაპზე პირველად ითამაშებს 1997 წლის შემდეგ.

- მოქმედმა ჩემპიონმა სტენ ვავრინკამ ჟერემი შარდი დაამარცხა ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ - 6:4, 6:3, 7:5 და როლან გაროსზე 30-ე გამარჯვება მოიპოვა.

- უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ შეწყვიტა ანა ივანოვიჩთან შვიდმატჩიანი წაგებათა სერია - 6:4, 6:4 და რევანში აუღო სერბს შარშანდელ მეოთხედფინალში წაგებისთვის.

- ჟო-ვილფრიდ ცონგა პირველ სეტში 5:2-ს უგებდა ერნესტ გულბისს, მაგრამ ტრავმის გამო უარი თქვა მატჩის გაგრძელებაზე. ლატვიელი კარიერაში მეოთხედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში, სადაც ბელგიელ დავიდ გოფენს შეხვდება.

- რობერტო ბაუტისტა აგუტმა 6:2, 6:3, 6:3 დაამარცხა ბორნა ჩორიჩი და მერვედფინალში ისე მოხვდა, რომ პარტია არ წაუგია.

- როლან გაროსის მერვედფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელს ვხედავთ. უკონკურენციოდაა ესპანეთი, რომელმაც ექვსი ჩოგბურთელი შეინარჩუნა (ოთხი მამაკაცთა ბადეში და ორი - ქალებში). მეორეზეა აშშ - ხუთი მოთამაშე; ორი-ორი წარმომადგენელი ჰყავთ სერბეთს, შვეიცარიასა და რუმინეთს, თითო - რუსეთს, უკრაინას, ყაზახეთს, ლატვიას, ჩეხეთს, ავსტრიას, ბელგიას, ჰოლანდიას, კანადას, ავსტრალიას, იაპონიას, ბულგარეთს, პოლონეთს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს.

1/16 ფინალი
კაცები
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბედენე (ბრიტ) 6:2, 6:3, 6:3
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14)-ჩორიჩი (ხორ) 6:2, 6:3, 6:3
ფერერი (ესპ, 11)-ლოპესი (ესპ, 21) 6:4, 7:6(6), 6:1
ბერდიხი (ჩეხ, 7)-კუევასი (ურუ, 25) 4:6, 6:3, 6:2, 7:5
გრანოლერსი (ესპ)-ნადალი (ესპ, 4) უარი
ტიმი (ავსტრია, 13)-ზვერევი (გერ) 6:7(4), 6:3, 6:3, 6:3
გოფენი (ბელ, 12)-ალმაგრო (ესპ) 6:2, 4:6, 6:3, 4:6, 6:2
გულბისი (ლატ)-ცონგა (საფ, 6) 2:5 უარი
რაონიჩი (კან, 8)-მარტინი (სლოვაკ) 7:6(4), 6:2, 6:3
რამოსი (ესპ)-სოკი (აშშ, 23) 6:7(2), 6:4, 6:4, 4:6, 6:4
ტროიცკი (სერ, 22)-სიმონი (საფ, 16) 6:4, 6:2, 6:2
ვავრინკა (შვეიც, 3)-შარდი (რუს, 30) 6:4, 6:3, 7:5
ნიშიკორი (იაპ, 5)-ვერდასკო (ესპ) 6:3, 6:4, 3:6, 2:6, 6:4
გასკე (საფ, 9)-კირგიოსი (ავსტრა, 17) 6:2, 7:6(7), 6:2
ისნერი (აშშ, 15)-გაბაშვილი (რუს) 7:6(7), 4:6, 2:6, 6:4, 6:2
მარეი (ბრიტ, 2)-კარლოვიჩი (ხორ, 27) 6:1, 6:4, 7:6(3)

ქალები
ს. უილიამსი (აშშ, 1)-მლადენოვიჩი (საფ, 26) 6:4, 7:6(10)
სვიტოლინა (უკრ, 18)-ივანოვიჩი (სერ, 14) 6:4, 6:4
ს. ნავარო (ესპ, 12)-ციბულკოვა (სლოვაკ, 22) 6:4, 3:6, 6:1
პუტინცევა (ყაზ)-კნაპი (იტა) 6:1, 6:1
ბერტენსი (ჰოლ)-კასატკინა (რუს, 29) 6:2, 3:6, 10:8
კისი (აშშ, 15)-პუიგი (პ-რიკ) 7:6(3), 6:3
ვ. უილიამსი (აშშ, 9)-კორნე (საფ) 7:6(5), 1:6, 6:0
ბაშჩინსკი (შვეიც, 8)-პარმენტიე (საფ) 6:4, 6:2
ბეგუ (რუმ, 25)-ბეკი (გერ) 6:4, 2:6, 6:1
როჯერსი (აშშ)-კვიტოვა (ჩეხ, 10) 6:0, 6:7(3), 6:0
კუზნეცოვა (რუს, 13)-პავლიუჩენკოვა (რუს, 24) 6:1, 6:4
მუგურუსა (ესპ, 4)-ვიკმაიერი (ბელ) 6:3, 6:0
ჰალეპი (რუმ, 6)-ოსაკა (იაპ) 4:6, 6:2, 6:3
სტოსური (ავსტრა, 21)-საფაროვა (ჩეხ, 11) 6:3, 6:7(0), 7:5
პირონკოვა (ბულ)-სტივენსი (აშშ, 19) 6:2, 6:1
ა. რადვანსკა (პოლ, 2)-სტრიკოვა (ჩეხ, 30) 6:2, 6:7(6), 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული