დიდი დევნა დასრულებულია

AutoSharing Option
გასულ კვირას, გერმანელ ანჟელიკ კერბერს მხოლოდ ერთი მოგება დააკლდა იმისთვის, რომ ახალი პირველი ჩოგანი გამხდარიყო. ასე რომ, სერენა უილიამსმა გაინაღდა რეიტინგში ზედიზედ 186 კვირის განმავლობაში ლიდერობა.

ეს არის ლეგენდარული გერმანელის შტეფი გრაფის რეკორდის გამეორება. იმისთვის, რომ ეს რეკორდი დაამხოს, ამერიკელს დასჭირდება აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ პირველობის შენარჩუნება.

მოდით, გავიხსენოთ, როგორ მივიდა გრაფი ამ ფენომენალურ რეკორდამდე. გერმანელს 1987 წელს, 18 წლის ასაკში ჰქონდა პირველი წარმატებული სეზონი. როლან გაროსზე პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი, როცა ფინალში მარტინა ნავრატილოვა დაამარცხა. შტეფიმ მთელი წელი
ფანტასტიკურად გაიარა (75 მოგება და მხოლოდ ორი წაგება) და 1987 წლის 17 აგვისტოს, კარიერაში პირველად ჩაუდგა სათავეში რეიტინგს.

მომდევნო წელი კიდევ უფრო წარმატებული იყო. გრაფმა "ოქროს სლემი" შეასრულა - მოიგო "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი და სეულის ოლიმპიადა. ეს ბოლო შემთხვევაა ჩოგბურთში, როცა ჩოგბურთელმა ერთ სეზონში ოთხივე დიდ ტურნირზე გაიმარჯვა.

1989 წელს, შტეფიმ სენსაციურად წააგო როლან გაროსი 17 წლის არანჩა სანჩეს-ვიკარიოსთან, რამაც მეორე "დიდი სლემის" შესრულების შესაძლებლობა წაართვა. მაგრამ სეზონი მაინც ფენომენალური გამოვიდა - 86 მოგება და ორი წაგება! რაღაც მომენტში, შტეფის 66-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

ქალთა პროფესიული ტური შტეფი გრაფის ბატონობისგან მონიკა სელეშს უნდა ეხსნა. სწორედ მან შეწყვიტა გერმანელის 66-მატჩიანი მოგებათა სერია. იმ პერიოდში, გრაფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რასაც ოჯახში არეულობაც დაერთო. სელეში კი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა და ზედიზედ მოიგო "დიდი სლემის" სამი ტურნირი. 1991 წლის 11 მარტს, მონიკამ დაასრულა შტეფის 186-კვირიანი ლიდერობა WTA-ის კლასიფიკაციაში.

ამის შემდეგ, გრაფი კიდევ ექვსჯერ ჩაუდგა სათავეში რეიტინგს და ჯამში, 377 კვირა გაატარა ლიდერის რანგში. ამ მაჩვენებლამდე სერენა უილიამსს 70 კვირა აშორებს.

უწყვეტი ლიდერობა WTA-ის ტურში:
1. შტეფი გრაფი - 186 კვირა
2. სერენა უილიამსი - 184
3. მარტინა ნავრატილოვა - 156
4. კრის ევერტი - 113
5. შტეფი გრაფი - 94
6. მონიკა სელეში - 91
7. მარტინა ნავრატილოვა - 90
8. შტეფი გრაფი - 87
9. მარტინა ჰინგისი - 80
10. კრის ევერტი - 76

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული