US OPEN 2016. VIII დღე: მეოთხედფინალების დროა

AutoSharing Option
აშშ-ის ღიაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ასეთი მეოთხედფინალური წყვილები მივიღეთ:

ქალები
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ჰალეპი (რუმ, 5)
კონიუჰი (ხორ)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)
ვოზნიაცკი (დან)-სევასტოვა (ლატ)
ვინჩი (იტა, 7)-კერბერი (გერ, 2)

ისევ მოგება, ისევ რეკორდი
სერენა უილიამსმა მორიგი დამაჯერებელი მოგების შემდეგ, მორიგი რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაში გამარჯვებით, ამერიკელმა გააუმჯობესა ქალებს შორის "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებების რეკორდი (307), რომელიც მარტინა ნავრატილოვას ეკუთვნოდა. გუშინ კი სერენამ იაროსლავა შვედოვას მოუგო, რიგით 308-ე გამარჯვება გაიფორმა, ეს კი აბსოლუტური რეკორდია როგორც ქალებში, ასევე კაცებში.

უილიამსმა
საუკეთესო მატჩი ჩაატარა ტურნირზე ყაზახის წინააღმდეგ. ბრწყინვალედ მუშაობდა მოწოდება: 11 ეისი და მხოლოდ ორი წაგებული ქულა პირველ მოწოდებაზე. სერენამ მეტოქისთვის არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ გაიმეტა, თავად კი სამი ბრეიკი შეასრულა, ჰქონდა 28 "ვინერსი" და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა. სხვათა შორის, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ერთადერთი მოთამაშეა ამ ტურნირზე (ქალებშიც და მამაკაცებშიც), ვისაც ჯერ საკუთარი გეიმი არ წაუგია.

იმისთვის, რომ კლასიფიკაციაში ლიდერობა შეინარჩუნოს, უილიამსს ფინალში გასვლა სჭირდება. და თუ იქ ანჟელიკ კერბერიც აღმოჩნდება, გადამწყვეტ მატჩში გამარჯვებული გახდება ნომერი პირველი.

მეოთხედფინალში სერენას მეტოქე სიმონა ჰალეპი იქნება. წინა წრეში რუმინელს გაუჭირდა უნგრელი ტიმეა ბაბოშის დამარცხება და დაფარული მატჩბოლების მოგერიებაც კი მოუწია, მაგრამ, ამჯერად, ჰალეპმა უპრობლემოდ დაამარცხა კარლა სუარეს ნავარო. სხვათა შორის, გუშინდელ მატჩამდე, რუმინელსა და ესპანელს შორის თანაფარდობა იყო ურთიერთშეხვედრებში - 5:5.

სუარეს ნავარომ ძალიან მალე წააგო პირველი სეტი და მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა, როცა მეორეში 3:5-ს აგებდა. ესპანელმა მატჩზე არ ჩააწოდებინა მეტოქეს, თუმცა ბოლო ორ გეიმში ისევ ბევრი შეცდომა დაუშვა და იძულებული გახდა, მეოთხედფინალის საგზური მეხუთე ნომრად განთესილისთვის გადაებარებინა.

დღის მატჩი
დღის ყველაზე სანახაობრივი მატჩი ვინუს უილიამსსა და კაროლინა პლიშკოვას შორის გაიმართა, რომელიც დაძაბულობით არ ჩამოუვარდებოდა წინა დღეს, ლუკა პუიესა და რაფაელ ნადალის დაპირისპირებას.

პლიშკოვა პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირების მერვედფინალში და, შესაძლოა, გამოუცდელობის გამო ჩააგდო მატჩის სტარტი - ვინუსმა 5:1 წაიყვანა ანგარიში. თუმცა, ამერიკელს არ გამოუვიდა სეტის იოლად მოგება. ვეტერანს თითქოს დაღლა დაეტყო, შეცდომების დაშვება დაიწყო და კაროლინამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო, მაგრამ პარტია ვერ გადაარჩინა.

მეორე სეტის დებიუტი ისევ ვინუსს დარჩა და... ისევ დაეწყო ჩავარდნა. 3:1-ის შემდეგ, ამერიკელმა ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო. ჩეხმა აშკარად დაალაგა თამაში და სეტის ბოლომდე, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ორი ქულა დათმო.

მესამე სეტის დასაწყისიც წინა ორს ჰგავდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წინ გასვლა პლიშკოვამ მოახერხა - 3:1 და უკვე მისი ნერვიულობის ჯერი დადგა. კაროლინამ მნიშვნელოვან ქულებზე შეცდომების დაშვება დაიწყო და 5:4-ზე უილიამსმა მატჩბოლი მოიპოვა მიღებაზე. აქ კი პლიშკოვამ შეძლო მობილიზება და შეტევაში მოიგერია საფრთხე, სულ მალე კი ჩეხმა სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ კაროლინას ტურში ერთ-ერთი საუკეთესო მოწოდება აქვს, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ვინუსი საპასუხო ბრეიკს შეასრულებდა, მაგრამ ამერიკელმა ოთხი კარგი შეტევა ჩაატარა და ტაი-ბრეიკამდე მიაღწია.

ადგილობრივ პუბლიკას იმედი მიეცა, რომ 36 წლის ვინუსი საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეოთხედფინალისტი გახდებოდა. წელს, უფროს უილიამსს 13-დან 11 ტაი-ბრეიკი ჰქონდა მოგებული, კაროლინას - 17-დან მხოლოდ ექვსი. მაგრამ, ამჯერად, ჩეხი სრულად ფლობდა უპირატესობას მე-13 გეიმში და მეექვსე მატჩბოლზე მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება.

მეორე სენსაცია ქალებში
ქალთა ბადეს მეორე სენსაციური მეოთხედფინალისტი ჰყავს. ლატვიელი ანასტასია სევასტოვას შემდეგ, საუკეთესო რვას შორის ადგილი მოიპოვა 18 წლის ხორვატმა ანა კონიუჰმა, რომელმაც მეოთხე ნომრად განთესილი აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა - 6:4, 6:4. ამით, მან მოუსპო შანსი პოლონელს, ტურნირის შემდეგ რეიტინგის პირველი ნომერი გამხდარიყო.

ამ ჩოგბურთელებმა ფანტასტიკური მატჩი ითამაშეს უიმბლდონზე. ხორვატს სამი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ რადვანსკამ ხასიათი გამოავლინა. ამასთან, 7:7-ზე კონიუჰმა ბურთზე ფეხი დააბიჯა და კოჭის ტრავმა მიიღო, რითაც პოლონელს საქმე გაუადვილა.

მათი მეორე მატჩის სტარტი აგნიეშკას უკეთ გამოუვიდა და 2:0 წაიყვანა ანგარიში. თუმცა ხორვატი მალე გაუმკლავდა სასტარტო მღელვარებას (ის პირველად თამაშობდა ცენტრალურ კორტზე), ბრეიკი დაიბრუნა და მისი შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ანა კარგად იღებდა ბურთს, მარჯვნიდან და მარცხნიდან უტევდა და მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა. მატჩის ბოლოს, ხორვატის ანგარიშზე 38 "ვინერსი" და 27 უნებლიე შეცდომა იყო. რადვანსკას უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა - 9 "ვინერსი" და 13 შეცდომა.

"ჩემთვის დიდი პატივია ბადეში ასე შორს გასვლა, - თქვა მოგვიანებით კონიუჰმა, რომელმაც პირველად დაამარცხა TOP10-ის წარმომადგენელი. - 18 წლის ვარ, აქ იუნიორთა ტურნირი მაქვს მოგებული და კარგი მოგონებებიც შეინარჩუნე. მიყვარს ეს ქალაქი და უბრალოდ, მოხარული ვარ მეოთხედფინალში თამაშის შანსი რომ მომეცა".

ქალები
1/8 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-შვედოვა (ყაზ) 6:2, 6:3
ჰალეპი (რუმ, 5)-სუარეს ნავარო (ესპ, 11) 6:2, 7:5
კონიუჰი (ხორ)-ა. რადვანსკა (პოლ, 4) 6:4, 6:4
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)-ვ. უილიამსი (აშშ, 6) 4:6, 6:4, 7:6(3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული