US OPEN 2016. X დღე: ჰალეპმა იბრძოლა, მაგრამ...

AutoSharing Option
წინ ნახევარფინალები
აშშ-ის ღიას მხოლოდ რვა ჩოგბურთელი შემორჩა - ცნობილი გახდა ნახევარფინალური წყვილები მამაკაცთა და ქალთა ბადეში...

ქალები
1/4 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ჰალეპი (რუმ, 5) 6:2, 4:6, 6:3
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)-კონიუჰი (ხორ) 6:2, 6:2

1/2 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)
ვოზნიაცკი (დან)-კერბერი (გერ, 2)

ხორვატული ზღაპრის დასასრული
გუშინდელი მატჩებიდან ყველაზე მოკრძალებული აფიშა კაროლინა პლიშკოვასა და ანა კონიუჰის მატჩს ჰქონდა. ისინი პირველად თამაშოდნენ "დიდი სლემის" მეოთხედფინალში.

თუ 18 წლის კონიუჰისგან ასეთ დონეზე თამაშს ჯერ არავინ ითხოვს, 24 წლის პლიშკოვასგან კი
გასაკვირი იყო, რომ აქამდე "დიდი სლემის" ჩემპიონატებში მესამე წრეზე შორს ვერ გადიოდა და ყოველთვის თავისი უფრო წარმატებული თანამემამულეების - პეტრა კვიტოვასა და ლუსი საფაროვას ჩრდილში რჩებოდა (კაროლინა ერთადერთი იყო TOP20-ის მოთამაშეებიდან, ვისაც არასოდეს ეთამაშა "მეიჯორების" მერვედფინალში). მაგრამ, როგორც ჩანს, ჩეხის დრო სწორედ ამ ტურნირზე დადგა.

კონიუჰმა პლიშკოვას ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. უკვე 13 წუთის შემდეგ, ანგარიში 4:0 იყო. პირველ სეტში კაროლინამ საკუთარ გეიმებში მხოლოდ ერთი ქულა წააგო (სულ მატჩში - ხუთი). კონიუჰი, თითქოს გონს მოვიდა და პირველი პარტიის ბოლომდე ორი გეიმი აიღო, მეორე სეტის პირველი ოთხი გეიმის შემდეგ კი ანგარიში თანაბარი იყო - 2:2.

თუმცა, მეხუთე გეიმში ჩეხმა მორიგი ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა - 6:2, 6:2 57 წუთში. პლიშკოვას ფენომენალური მაჩვენებელი ჰქონდა პირველ მოწოდებაზე - ქულების 92 პროცენტი აიღო და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა. თუმცა ჩეხის კარგი მოწოდება არ გვიკვირს, რადგან ის ტურის ლიდერია ეისების რაოდენობით.

ახლა, პლიშკოვას 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. შეგახსენებთ, რომ მან აშშ-ის ღიამდე ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მოიგო, თან ფინალში მსოფლიოს მეორე ნომერი ანჟელიკ კერბერი დაამარცხა და არ მისცა გერმანელს საშუალება, სათავეში ჩადგომოდა მსოფლიოს რეიტინგს.

რაც შეეხება კონიუჰს, მეოთხედფინალში გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, ეს ტურნირი საუკეთესო იყო მის კარიერაში. 2013 წლის სეზონში იუნიორებს შორის "დიდი სლემის" ორი ტურნირის მოგების შემდეგ, ხორვატი ადრე გადავიდა "დიდებში", მაგრამ ვერაფრით უახლოვდებოდა ბელინდა ბენჩიჩის შედეგებს, რომელთანაც ბავშვობიდან ჰქონდა მეტოქეობა. და აი, აშშ-ის ღიაზე შეძლო ერთბაშად დაწეოდა შვეიცარიელს პროფესიულ ტურში.

ჰალეპმა იბრძოლა, მაგრამ...
კაროლინა პლიშკოვასთან ნახევარფინალის წინ, კარგი პრაქტიკა გაიარა სერენა უილიამსმა, რომელმაც პირველი სეტი წააგო ტურნირზე, მაგრამ მაინც დაამარცხა სიმონა ჰალეპი - 6:2, 3:6, 6:4.

ამ მატჩამდე სერენას არც ერთი საკუთარი გეიმი არ ჰქონდა წაგებული. ჰალეპმა შეძლო პირველი სეტის მესამე გეიმში ბრეიკის შესრულება, მაგრამ ეს იყო ერთადერთი, რითაც რუმინელი საწყის პარტიაში დაიკვეხნიდა. უილიამსმა ნახევარ საათში გაანადგურა მეტოქე და თითქოს გამარჯვებულის საკითხი გარკვეული იყო, მაგრამ სიმონამ შეძლო ხასიათის გამოვლენა. მეორე გეიმში რუმინელმა შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მომდევნო გეიმში კი ამერიკელის ორმაგი შეცდომით ისარგებლა და ბრეიკი შეასრულა. სერენას ჰქონდა სეტის გადარჩენის შანსი - 5:4-ზე ჰალეპი სეტზე აწვდიდა და უილიამსმა კიდევ ხუთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მაინც წააგო 12-წუთიანი გეიმი. ამ სეტში, მასპინძელს ძალიან ბევრი - 25 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

მაგრამ, მესამე სეტში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ამერიკელმა შეცდომებს უკლო, მეოთხე გეიმში შესრულებული ბრეიკით 3:1 დაწინაურდა და ეს უპირატესობა ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნა. სერენამ შეხვედრა 18 ეისით და 50 "ვინერსით" დაასრულა!

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მეცხრე შეხვედრა და სერენა ძალიან დამაჯერებლად ამარცხებს რუმინელს - 8:1. ამერიკელი "დიდი სლემის" ზედიზედ მეცხრე ტურნირზე გავიდა ნახევარფინალში, სულ კი კარიერაში ამ ეტაპზე 33-ედ ითამაშებს.

სერენამ მორიგ ტრიუმფამდე ორი მოგება რჩება. ყველამ იცის, რომ ამერიკელს ორი რეკორდის დამყარება შეუძლია, რომლებსაც ლეგენდარულ გერმანელთან შტეფი გრაფთან იყოფს: "დიდ სლემზე" ტიტულების რაოდენობა და WTA-ის რეიტინგში ზედიზედ ლიდერობის ხანგრძლივობა.

თუ პირველ რეკორდთან დაკავშირებით, უილიამსს აქვს შეცდომის უფლება, მეორეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამყარებს, თუ ნიუ იორკში გამარჯვებას იზეიმებს, რადგან ანჟელიკ კერბერი ნახევარფინალში გასვლით, სათავეში უდგას ლაივ-რეიტინგს და ამ პოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ სერენა ტურნირს მოიგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული