თეორიულად, ტოკიოში უნდა ეაქტიურათ იმ ჩოგბურთელებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ წლის შემაჯამებელ ტურნირში მოხვედრაზე. მაგრამ ასე არ მოხდა - მედისონ კისმა, კარლა სუარეს-ნავარომ და დომინიკა ციბულკოვამ მეოთხედფინალამდე წააგეს.
კისმა გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე წააგო იულია პუტინცევასთან. სუარეს ნავარო სამი საათი ებრძოდა კაროლინ ვოზნიაცკის და ინიციატივაც ჰქონდა, თუმცა დანიელი წვიმამ გადაარჩინა და პაუზის შემდეგ, მეტოქეზე უკეთ
ოსაკა წელს ცალკეულ მატჩებში ბრწყინავდა. ის "დიდი სლემის" ყველა ტურნირზე მეორე წრეში გადიოდა, აშშ-ის ღიაზე კი კიდევ უფრო შორს წავიდა, მაგრამ კისთან წააგო, არადა, მესამე სეტში 5:1-ს იგებდა. აქამდე, იაპონელი WTA-ის ტურნირებზე მეოთხედფინალზე შორს არ ყოფილა, ტოკიოში კი ფინალამდე მიაღწია.
იაპონიის დედაქალაქში წარუმატებლად გამოვიდა აშშ-ის ღიას ფინალისტი კაროლინა პლიშკოვა. მან პირველივე მატჩში ორ სეტში წააგო ბელარუს ალექსანდრა სასნოვიჩთან. რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა მონიკა პუიგმა პეტრა კვიტოვას მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა აგნიეშკა რადვანსკასთან.
გარბინ მუგურუსამ რევანში აუღო ანასტასია სევასტოვას აშშ-ის ღიაზე მარცხის გამო, მაგრამ იმედგაცრუება ელოდა მეოთხედფინალში ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ. არადა, მესამე სეტში ესპანელი ორჯერ იგებდა ბრეიკით. უკრაინელმა ამ სეზონში მეორედ დაამარცხა მუგურუსა.
სულ რაღაც ერთი თვის წინ, კაროლინ ვოზნიაცკი კატასტროფულად გამოიყურებოდა. გარდატეხა აშშ-ის ღიაზე მოხდა, სადაც ნახევარფინალამდე მიაღწია, ახლა კი ტოკიოში ტიტული მოიპოვა. დანიელს ორი რთული მატჩი ჰქონდა სუარეს ნავაროსთან და რადვანსკასთან. აგნიეშკაზე გამარჯვება მეოთხე იყო TOP10-ის მოთამაშეების წინააღმდეგ ბოლო ორი ტურნირის განმავლობაში. აშშ-ის ღიამდე, კაროლინს ასეთი მოგება ამ სეზონში არ ჰქონია.
ოსაკასთან გადამწყვეტ მატჩში ვოზნიაცკი მცირე ტრავმით თამაშობდა. პირველ სეტში დანიელი ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით, მაგრამ რაღაც მომენტში ათიდან ცხრა გეიმი აიღო და 7:5, 5:0 დაწინაურდა. 0:5-დან იაპონელმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.
კაროლინმა პირველი ტურნირი მოიგო 2015 წლის მარტიდან. სულ პროფესიულ ტურში 24 მოგება დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით, მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მას მხოლოდ შარაპოვა (35), ვინუს უილიამსი (49) და სერენა უილიამსი (71) უსწრებენ. ზედიზედ ცხრა წელია, ვოზნიაცკი სეზონში მინიმუმ ერთ ტურნირს იგებს.
* * *
გასულ კვირას, კიდევ ორი ტურნირი გაიმართა "ინტერნასიონალის" სტატუსით. გუანგჯოუში ელენა იანკოვიჩი ახლოს იყო ტიტულის შენარჩუნებასთან. სერბმა ამ სეზონში საუკეთესო ტურნირი ჩაატარა - ნახევარფინალში აშშ-ის ღიას მეოთხედფინალისტი ანა კონიუჰი დაამარცხა. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ის შეაჩერა ლესია ცურენკომ. შეხვედრა ორსაათნახევარი გაგრძელდა და უკრაინელმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო.
სეულში გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ლარა არუაბარენა და მონიკა ნიკულესკუ. მატჩის მსვლელობა უცნაური გამოვიდა. მონიკამ მოიგო მეორე სეტი, მაგრამ პირველსა და მესამეში 0:6 დამარცხდა! ლარასთვის ეს არის მეორე ტიტული კარიერაში. პირველი ოთხი წლის წინ, ბოგოტაში მოიგო.
WTA. ტოკიო
კაროლინ ვოზნიაცკი (დან)-ნაომი ოსაკა (იაპ) 7:5, 6:3
WTA. გუანგჯოუ
ლესია ცურენკო (უკრ)-ელენა ინკოვიჩი (სერ, 2) 6:4, 3:6, 6:4
WTA. სეული
ლარა არუაბარენა (ესპ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 5) 6:0, 2:6, 6:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"