მარიამ დალაქიშვილმა იტალიაში ჩატარებულ TENNIS EUROPE JUINIOR MASTERS-ზე გაიმარჯვა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე იტალიის ქალაქმა რეჯიო კალაბრიამ 14 და 16-წლამდელ ჩოგბურთელთა 2016 წლის TENNIS EUROPE JUINIOR MASTERS-ს უმასპინძლა. გოგონებისა და ბიჭების ორივე ასაკში 8-8 საუკეთესო რეიტინგის მქონე სპორტსმენი ცდიდა ძალებს.

ტურნირზე ერთადერთი ქართველი გახლდათ მარიამ დალაქიშვილი, რომელიც 16-წლამდელებში განთესვით მესამე იყო. სტარტზე მან სერბი მიხაელა დიაკოვიჩი დაამარცხა - 7:6, 1:6, 6:2. ნახევარფინალში რუსი მეტოქე, ასპარეზობის რეიტინგფავორიტი დანიელა მედვედევა ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4. გადამწყვეტ პაექრობაში მარიამმა ასპარეზობის მე-4 ნომერ სერბს - ტამარა მალეშევიჩს აჯობა - 7:6, 6:3 და პირველი ადგილი დაიკავა.

იტალიაში გამგზავრებამდე მარიამ დალაქიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ახალგაზრდა ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე ისახელა თავი. მეხუთე ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა დაამარცხა ლაიდა ბაიკანი (თურქეთი)-6:1, 6:1, შემდეგ მის გზას გაუყენა ქსენია ბრიჩი (ბელორუსი)-6:1, 7:5 და არინა სოლომატინა (რუსეთი)-6:3, 6:3, ნახევარფინალში ბელორუსი ვიქტორია კანაპატსკაია არ გამოუცხადდა სათამაშოდ და უბრძოლველად გავიდა ფინალში, სადაც მეორე ნომრად განთესილ ესტერ როგოვას (უკრაინა) მოუგო-6:3, 6:4.

დალაქიშვილმა ბაქოში წყვილებშიც იყოჩაღა - ზოზია ქარდავასთან (რუსეთი) შეამხანაგებულმა სტარტზე ვიქტორია კანაპატსკაიას და ვლადა ზვერევას (ორივე-ბელორუსი) აჯობა - 6:7, 6:0, 10:6; შემდეგ ლაიდა ბაიკანი და ზეჰრა ლარა ტეკბაში (ორივე-თურქეთი) დაჯაბნა - 6:2, 6:3, ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ევგენია ბურდინასა და სოფიო პლოტნიკოვას (ორივე-რუსეთი) სამ სეტში დააყრევინა ფარ-ხმალი, გადამწყვეტ პაექრობაში კი მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრა მირონოვამ (რუსეთი) და ესტერ როგოვამ (უკრაინა) ქართულ-რუსულ დუეტს სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწიეს და დამარცხდნენ - 7:5, 3:6, 8:10.

ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება ეკატერინე ჟორჟოლიანი, რომელმაც პოლინა ხარცისს (რუსეთი) სძლია - 7:6, 6:3, მე-2 წრეში კი ვლადა ზვერევას (ბელორუსი) ვერაფერი მოუხერხა - 1:6, 0:6.

ასევე, საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოდა ლია სალუქვაძე - ვალერია სტრახოვასა (რუსეთი, 6:2, 6:3) და კრისტინა ვაშინას (ბელორუსი, 6:2, 6:4) მოუგო, მაგრამ იულია ასანოვასთან (რუსეთი) დამარცხდა - 3:6, 1:6. სამაგიეროდ, იღბლიანი წაგებულის სტატუსით მოხვდა ძირითად ბადეში, სადაც თურქი ზეჰრა ლარა ტეკბაში (თურქეთი) კი გაისტუმრა ტრიბუნებზე (7:5, 6:2), თუმცა მეორე წრეში ევგენია ბურდინასთან (რუსეთი) მშრალი ანგარიშით დათმო შეხვედრა - 0:6, 0:6.

ბაქოში ახალგაზრდების ტურნირზე ქართველმა ვაჟებმაც იასპარეზეს. ერთეულებში თავი გამოიჩინა ვაჟა შუბლაძემ: ჩვენმა ჩოგბურთელმა ზედიზედ დაამარცხა დმიტრი კამუშკინი (რუსეთი, 6:1, 6:1), ასპარეზობის რეიტინგფავორიტი გრიგორი ლომაკინი (ყაზახეთი, 6:1, 6:1), სერგეი ლისოვი (რუსეთი, 6:4, 6:3), ვოლოდიმირ მალახოვი (უკრაინა, 6:2, 6:3), ბორა შენგული (თურქეთი, 1:6, 7:5, 6:1) და პირველი ადგილი დაიკავა.

ერთეულთა პირველობაში კიდევ ორი ჩვენებური მონაწილეობდა, მაგრამ ისინი ვერაფერს გახდნენ: დავით ჭელიძემ პირველ წრეში რაილ იბრაგიმოვი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3, მერე იან ნიკოლაევს (რუსეთი) აჯობა - 2:6, 6:1, 6:0, მესამე წრეში კი ვლადიმირ სენკინთან პირველი ხელი 0:6 დათმო, მეორეს 0:1-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ზურა ტყემალაძე სტარტზევე დენის ორეშინთან (რუსეთი) დამარცხდა - 4:6, 3:6, სამაგიეროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ესტონელ დანიილ გლინკასთან ერთად აჯობა ყველას: სტარტზე რუსებს - ილია ფილიჩევსა და დმიტრი პერეტრუხინს მიუჩინა ტრიბუნებზე ადგილი - 6:2, 6:2, მერე მათს თანამემამულეებს - ვლადისლავ ბურაკოვსა და დანიილ ივანოვს სძლია - 6:3, 6:2. ქართულ-ესტონურმა დუეტმა ნახევარფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ყაზახებს - არშან არაშოვსა და გრიგორი ლომაკინს გადაუკეტა გადამწყვეტი პაექრობისკენ მიმავალი გზა - 6:1, 6:3. ფინალში კი განთესვით მეორე ნომრებს - სერგეი ლისოვსა და პაველ ვერბინს (ორივე - რუსეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:1, 6:0 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

ვაჟთა წყვილების პირველ წრეში დავით ჭელიძე და დავით გიორგაძე (რუსეთი) ლისოვი და ვერბინის დუეტთან დამარცხდნენ - 5:7, 4:6, ხოლო ვაჟა შუბლაძე და მასპინძელი მუჰამადალი ჰუსეინოვი ვერაფერს გახდნენ აზიელებთან - არშან არაშოვსა და გრიგორი ლომაკინთან - 6:3, 1:6, 3:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული