სერენა უილიამსი სინგაპურში არ მიდის

AutoSharing Option
გასულ კვირას ჩატარებული ტურნირების შემდეგ, გაირკვა ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილე.

კვირას, სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ ლინცის ტურნირის ფინალში დაამარცხა შვეიცარიელი ვიქტორია გოლუბიჩი და სეზონში მესამე ტიტული მოიპოვა. ამ წარმატების წყალობით, სლოვაკმა კარიერაში პირველად მიიღო სეზონის შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაშის უფლება.

ასევე მოიპოვა სინგაპურის საგზური ამერიკელმა მედისონ კისმა. დებ უილიამსებს თუ არ ჩავთვლით, 21 წლის ჩოგბურთელი 2005 წლის შემდეგ პირველი ამერიკელია, ვინც წლის დასკვნით ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა.

მაშ ასე, WTA-ის ჩემპიონატში მონაწილეთა საბოლოო სიამ ასეთი სახე მიიღო:

ანჟელიკ კერბერი
სერენა უილიამსი
სიმონა ჰალეპი
აგნიეშკა რადვანსკა
კაროლინა პლიშკოვა
გარბინ მუგურუსა
დომინიკა ციბულკოვა
მედისონ კისი

სინგაპურში ტურნირი 23-30 ოქტომბერს გაიმართება.

* * *
ამ სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სერენა უილიამსმა უარი თქვა სინგაპურში თამაშზე. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ეს გადაწყვეტილება მხარის ტრავმის გამო მიიღო.

"ჩემმა ექიმებმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ შინ დავრჩე და მხარის ტრავმა ვიმკურნალო, რათა მომდევნო სეზონში თამაშის შანსი მქონდეს", - განაცხადა სერენამ WTA-სთან კომენტარში.

ასე რომ, სინგაპურის ერთი საგზური ვაკანტური გახდა და მისი მოპოვების შანსი აქვს სამ ჩოგბურთელს - ბრიტანელ იოჰანა კონტას, ესპანელ კარლა სუარეს-ნავაროსა და რუს სვეტლანა კუზნეცოვას. სეზონის რეიტინგში კონტა ორივე კონკურენტს უსწრებს. ბრიტანელი ამ კვირას არ თამაშობს, სუარეს ნავარო და კუზნეცოვა კი მოსკოვში "კრემლის თასზე" გამოვლენ. ესპანელსაც და რუსსაც მხოლოდ ტურნირის მოგება დააკმაყოფილებთ კონტას გასასწრებად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული