ყაზანში დაჭაშნიკებული მედლები

AutoSharing Option
ყაზანში (რუსეთი) გუშინ დამთავრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი მონაწილეობდა - გია მაჭავარიანი (105 კგ) და ირაკლი თურმანიძე (+105). სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია ჩვენი ბიჭების რუსული მონაგარი. არადა, მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე აქამდე მედლები არასდროს მოუპოვებიათ.

შაბათს ფიცარნაგზე მაჭავარიანი გავიდა. სტარტზე 180 კილოგრამი აიტაცა, მერე 183 კილოგრამიც დაძლია. 185-კილოგრამიანი შტანგითაც მოძრაობა უნაკლოდ შეასრულა, მაგრამ მსაჯებმა რატომღაც არ ჩაუთვალეს. ეტყობა, მასპინძლებმა თავი დაიზღვიეს, რადგან მათს მთავარ იმედს, 94 კილოში პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანსა და მსოფლიოს
ჩემპიონატის პრიზიორ ჰაჯიმურატ აკაევს, რომელმაც 105 კილოში გადმოინაცვლა, 185 კგ დაძლეული კი ჰქონდა, მაგრამ შეკვეთილ 190 კილოს თუ ვერ მოერეოდა, პირადი წონით მაჭავარიანთან მცირე ოქროს მედალს დათმობდა. შეჯიბრების ორგანიზატორთა საბედნიეროდ, აკაევი 190 კილოს იოლად გაუმკლავდა, აი, 195-ში კი არაპროფესიონალთათვისაც შესამჩნევი შეცდომა დაუშვა, თუმცა არბიტრებმა წონა მაინც ჩაუთვალეს, რაზეც თვით რუსმა ტელეკომენტატორმაც ვერ შეიკავა თავი - მაშ, მაჭავარიანმა რაღა დააშავაო, დააყოლა.

მასპინძლების წინასწარი განაცხადიდანაც ჩანდა, რომ ოქრო-ვერცხლი თავისთვის ჰქონდათ მონიშნული, მაგრამ ისინი რომან კონსტანტინოვმა დააღალატა - საწყისი 180 კილო ვერ დაძლია და ჩემპიონატს დაემშვიდობა. ატაცში მცირე ოქრო აკაევს ხვდა, ვერცხლი - მაჭავარიანს, ბრინჯაო - ბელარუს მიხაილ ავდიევს (181 კგ).

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა იოლად დაძლია 214 და 217-კილოიანი შტანგები. მესამე ცდისას 221 კილოზე მიიტანა იერიში. თითქოს მიზანთანაც ახლოს იყო, მაგრამ მკერდიდან შტანგის აკვრას მოერიდა. ამ დროისთვის მას ორჭიდში ვერცხლი გარანტირებული ჰქონდა, ოქროს მაინც ვერ შესწვდებოდა, ამიტომ, ეტყობა, ზედმეტ რისკს და შესაძლო ტრავმას მოერიდა. ამ მოძრაობაშიც ოქრო აკაევმა (230 კგ) დაისაკუთრა, ვერცხლი - მაჭავარიანმა (217), ბრინჯაო - პოლონელმა ბართლომეი ბონკმა (214). სხვათა შორის, ორჭიდში ადგილებიც ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა: 1. აკაევი - 425 (195+230), 2. მაჭავარიანი - 400 (183+217), 3. ბონკი - 394(180+214).

26 წლის გია მაჭავარიანი ხარაგაულშია დაბადებული, ამჟამად ქობულეთში ცხოვრობს და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძე ავარჯიშებს. 2007 წელს მან მძიმე ტრავმა გადაიტანა. ამის მიუხედავად, 2008-2009 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო შარშანწინდელ კონტინენტის პირველობაზე მეექვსე იყო. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ მითხრა, რომ მაჭავარიანს წლეულს საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეუძლია მედლებისთვის ბრძოლა...

გუშინ ყაზანის ფიცარნაგზე ძალები მძიმეწონოსნებმა მოსინჯეს. მასპინძლებისთვის ეს დღეც ცუდად დაიწყო - მედლის უპირველესმა კანდიდატმა, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა, ორჭიდში 440 კილოგრამით ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ევგენი ჩიგიშევმა ატაცში საწყისი 195 კილო ვერ დაძლია და ასპარეზობას ჩამოშორდა. თავიდან ვერც დმიტრი ლარიკოვმა იყოჩაღა - სამიდან ერთი ცდა გამოიყენა მხოლოდ - 192 კილოგრამი, რამაც რუსს მცირე ვერცხლი მოუტანა. ოქრო 195 კილოთი უკრაინელ იჰორ შიმეჩკოს ერგო. მესამე ადგილზე საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი თურმანიძე გავიდა. მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (180, 185, 188 კგ). აკვრაში კი 214 და 218-კილოგრამიანი შტანგები დაიმორჩილა, ორჭიდში 406 კილოგრამი მოაგროვა და მე-6 ადგილზე გავიდა. საგულისხმოა, რომ შარშან ანტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი 6 კილოგრამით გააუმჯობესა. ერთი სიტყვით, წინსვლა აქაც არის, რაც სამომავლოდ გვეიმედება.

მძიმე წონაში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. დმიტრი ლარიკოვი (რუსეთი, 192+227=419), 2. იჰორ შიმეჩკო (უკრაინა, 195+217=412), 3. ჯირი ორშაგი (ჩეხეთი, 184+226=410)... 6. ირაკლი თურმანიძე (საქართველო, 188+218=406).

აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი სპორტსმენი პირველი თებერვლიდან დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე იმყოფებოდა საწვრთნელ შეკრებაზე. სანიმუშო სავარჯიშო პირობებმა და ნაკრების თავკაცად ცნობილი სპეციალისტის, ოლიმპიურ ჩემპიონების აღმზრდელ ვანო გრიქუროვის დაბრუნებამ ქართულ ძალოსნობას უკვე მოუტანა სასურველი შედეგები. იმედია, მომავალშიც ასე იქნება.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული