ისევ მცირე ბრინჯაო ავიტაცეთ

AutoSharing Option
პოლონურ ჩეხანოვოში ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე გუშინ მედლებისათვის 69 კილოგრამი წონითი კატეგორიის 23 სპორტსმენი იბრძოდა, მათ შორის - ორი საქართველოდან.

ჩვენი სპეციალისტები იმედოვნებდნენ, რომ ჩაქველი ჯაბა ჩიბურდანიძე, რომელიც შარშანაც მონაწილეობდა მსგავს შეჯიბრებაში, კვარცხლბეკზე ავიდოდა. მან მართლაც შედგა ფეხი მესამე საფეხურზე, ოღონდ - ატაცში. ჯაბამ 123-კილოგრამიანი შტანგა მხოლოდ მეორე ცდაზე დაძლია, მესამეზე 128 კილო ასწია და, შოთა მიშველიძის მსგავსად, მცირე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ჩვენებურს ორი კილოთი აჯობა სომეხმა ანდრანიკ კარაპეტიანმა, რომელსაც ვერცხლი ერგო, ოქრო კი 131 კილოთი ბელარუს ივან კლიმს დარჩა.

აკვრაში 160 კილოთი უძლიერესი იყო რუმინელი ალექსანდრუ პინტეა, რომელსაც ჩიბურდანიძემ ატაცში 5 კილოთი გაუსწრო.

სამწუხაროდ, ჩაქველ ათლეტს პირველი ცდა აკვრაშიც გაუცუდდა, რამაც საბოლოო შედეგზე უარყოფითად იმოქმედა: ჯაბამ მესამე ცდაზე მხოლოდ 152 კილოს დამორჩილება შეძლო, ორჭიდში 280 კილოგრამი მოაგროვა, ეს კი მხოლოდ მე-4 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი - მეორე-მესამე ადგილოსნებს 3-3 კილოთი ჩამორჩა.

ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად, პინტეამ და კარაპეტიანმა გაინაწილეს: პირადი წონით კარპატელი ჩვენს სამხრეთელი მეზობელზე 80 გრამით ნაკლები აღმოჩნდა.

ორჭიდში 289 კილოგრამით პირველი ადგილი კლიმმა დაიკავა. მასვე აკვრაში 158 კილოთი მცირე ვერცხლი ერგო, მესამე იყო (155 კგ) სომეხი ვარდან მილიტოსიანი, რომელმაც ატაცში საწყისი წონა (125 კგ) ვერ დაძლია და ორჭიდში 0 ქულა მიიღო. აკვრაში, ასევე, 155-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა რუსმა ალექსეი ოსიპოვმა, მაგრამ იგი სომეხზე 90 გრამით მძიმე იყო და მე-4 ადგილი ერგო.

ამავე წონაში გამოდიოდა ზუგდიდელი დებიუტანტი ბაჩანა ქუხილავა, რომელმაც ორჭიდში 248 კილოგრამით (111+137) მერვე ადგილი დაიკავა.

დღეს 77 კილოში ზუგდიდელი თემურ პერტაია იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული