1999 წელს მუხრან გოგიამ ამ წონაში 187 კილო აიტაცა და ქვეყნის რეკორდი დაამყარა. შარშან პარიზში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე მაჭავარიანმა ეს მიღწევა გაიმეორა და მცირე ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა.
ზუგდიდში კი რეკორდი ხუთი კილოგრამით დაამძიმა. აკვრაში 225-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდშიც 417 კილოგრამით საქართველოს რეკორდი დაამყარა.
ეს გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა: 2011 წელს პარიზში, ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა ათლეტებმა ანტალიის მსგავს შეჯიბრებაში მოპოვებული
- ეროვნული ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოვემზადე,- მითხრა გიამ. - საერთოდ, ნაკრების წევრებს ფედერაციამ, სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით, წვრთნისა და აქტიური დასვენებისთვის ყოველგვარი პირობა შეგვიქმნა. ჩვენც თავდადებული გარჯით ვცდილობთ ქომაგთა იმედების გამართლებას...
ხარაგაულში დაბადებულ-გაზრდილმა ჭაბუკმა ყმაწვილობისას სპორტის მრავალ სახეობაში სცადა ბედი, თუმცა დიდხანს ვერც ფეხბურთს დაუდო გული, ვერც კრივსა და ჭიდაობას. ბიძამ ურჩია, ჯანი გერჩის, იქნებ შტანგა მოგესინჯაო.
ასე აღმოჩნდა ვაკის ძალოსნობის დარბაზში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ავთანდილ გახოკიძესთან. მაშინ 15 წლის იყო.
"ვერ გეტყვით, შტანგა ერთი ნახვით შემიყვარდა და თავდავიწყებით დავიწყე ვარჯიში-მეთქი. თავიდან მწვრთნელისა და ოჯახის წევრების ხათრით დავდიოდი დარბაზში.
სამი წელიწადი შედეგიც არ მქონია. 2003 წელს 94 კილოში საქართველოს პირველობაზე ვერცხლის მედალი რომ მოვიპოვე, მაშინ ვიგრძენი, რომ შტანგას გავშინაურებივარ და ისეთმა ჟინმა შემიპყრო, ერთი სული მქონდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავსულიყავი. იმ დღიდან მეტი გულისყურით ვეკიდებოდი მწვრთნელის შენიშვნებს და რჩევებს.
2004 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სალიცენზიო ქულები მივეცი. მეამაყებოდა, რომ ისეთი სახელოვანი სპორტსმენის გვერდით მიწევდა გამოსვლა, როგორიც გახლავთ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ასანიძე. მერე იმან გამახარა, რომ ათენში ჩემმა კერპმა ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა".
მას შემდეგ შვიდი წელიწადი გავიდა და გია მაჭავარიანი სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში მეტ-ნაკლები წარმატებით გამოდიოდა. ერთხელ 20-წლიანთა ევროპის პირველობაზე ორჭიდში მე-4 ადგილი დაიკავა, 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე იყო. ვერა და ვერ მიუახლოვდა კვარცხლბეკს. და აი, შარშან, გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატზე ერთბაშად სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
- ყაზანში დიდი შემართებით ჩავედი, რადგან შეჯიბრებისთვის სერიოზულად მოვემზადე და მწვრთნელები მედალსაც მიგეგმავდნენ.
ექვსიდან ხუთი ცდა გამოვიყენე. ჯერ 180 და 183 კილო ავიტაცე, 185 კილო კი მსაჯებმა არ ჩამითვალეს - ფეხის წვერი აწიეო. ეს, უბრალოდ, საბაბი იყო: რუსმა ხაჯიმურატ აკაევმა, რომელსაც ტურნირის ფავორიტად მიიჩნევდნენ, ატაცი 185 კილოთი დაიწყო, მაგრამ ისე გაუჭირდა, ეტყობა, მასპინძლებმა იფიქრეს, შესაძლოა, მეტი წონა ვერ დაძლიოსო.
მაშინ ამ მოძრაობაში ოქრო მე დამრჩებოდა, რადგან პირადი წონით მეტოქეზე მსუბუქი ვიყავი. ჩრდილოელ მეზობელთა გასახარად, აკაევს მეტი წაშველება აღარ დასჭირვებია. მან საბოლოოდ 195 კილო აიტაცა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ვერცხლის მცირე მედალი მე მხვდა. აკვრაში მწვრთნელებთან ერთად რისკს მოვერიდეთ: რადგან რუსი ძალოსანი პირველი მოძრაობის შემდეგ დიდი უპირატესობით მიგებდა, ორჭიდში გამოდევნებას აზრი არ ჰქონდა.
მთავარი იყო, მე-2 ადგილი შეგვენარჩუნებინა. ამიტომ 217 კილოს დავჯერდი. არადა, ვარჯიშებზე 220 კილოც არაერთხელ ამიკრავს. მთავარი ის იყო, რომ პოლონელ ბონკს გავუსწარი და, როგორც აკვრაში, ისე ორჭიდში ვერცხლის მედლები მოვიპოვე. ეს იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება დიდ სარბიელზე, რამაც ძალიან გამახარა და სტიმულიც გამიორკეცა.
- ალბათ, ამიტომაც პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო მოტივირებული ჩანდი, თუმცა კვარცხლბეკზე ასასვლელად მცირედი დაგაკლდა...
- დიახ, ასე იყო. მართალი გითხრათ, საფრანგეთის დედაქალაქში მეტის მიღწევა შემეძლო. ჯერ კიდევ საქართველოს ლიგის პირველობაზე ვიგრძენი, რომ კარგად ვიყავი მომზადებული - ორჭიდში ძალების დაუძაბავად 406 კილო მოვაგროვე.
ეს პარიზშიც გამოჩნდა, როცა ატაცში მესამე ცდისას 187 კილოთი პირადი მიღწევა გავაუმჯობესე და კარიერაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის მცირე ბრინჯაოს მედალიც მოვიპოვე: მხოლოდ რუს მეტოქეებს - ხაჯიმურატ აკაევსა და დმიტრი კლოკოვს ჩამოვრჩი.
აი, აკვრაში უფრო ფრთხილი პოლიტიკა ავირჩიეთ: გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო საწყისი წონის დაძლევა, რომ სალიცენზიო ქულები განგვემტკიცებინა. ამიტომ პირველი ცდისთვის 212 კილო შევუკვეთეთ.
მერე წონა საგრძნობლად გავზარდეთ და მესამე ცდაზე 222-კილოიანი შტანგა დავიმორჩილე. ორჭიდში, ფაქტობრივად, მესამე ადგილზე ვიყავი, რადგან პოლონელმა ბონკმა შეჯიბრება 221 კილოთი დაასრულა და ბრინჯაოსთვის მეტოქეობას ვერ მიწევდა.
ერთადერთი უკრაინელ ალექსეი ტოროხტის ჰქონდა ორი ცდა დარჩენილი. მას კი ატაცში 6 კილოთი ვაჯობე, თან პირადი წონითაც მასზე მსუბუქი ვიყავი.
უკრაინელმა გარისკა და 229 კილო შეუკვეთა, რომელიც მანამდე არასდროს დაეძლია. ერთი ცდა გაუცუდდა, მეორე შედეგიანი გამოდგა, ორჭიდში 410 კილოგრამი მოაგროვა და ერთი კილოთი გამისწრო. ცხადია, აკაევისა და კლოკოვის შემდეგ ბრინჯაოც მას ერგო. გული დამწყდა.
- ლონდონში, ალბათ, რევანშის აღებას შეეცდები...
- ტრაბახში ნუ ჩამითვლით და, მარტო ტოროხტი კი არა, აკაევი, კლოკოვი, ბელარუსი ოლიმპიური ჩემპიონი ანდრეი არამნაუ მყავს მიზანში. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში მათთვის გადასწრება შევძლო.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებულმა წარმატებებმა საკუთარი ძალების რწმენა შემმატა. ზუგდიდში ნაჩვენებმა შედეგებმაც საჩემპიონო ამბიციები გამიჩინა.
მით უმეტეს, რომ, როგორც გითხარით, მწვრთნელები და ჩვენი ფედერაციის მესვეურები წუთითაც არ გვაკლებენ ყურადღებას. აი, ახლაც ნაკრების წევრები, ბატონი ვანო გრიქუროვის საერთო ხელმძღვანელობით, ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ ჩაქვში ვიმყოფებით შეკრებაზე. კვირაში ცხრაჯერადი ვარჯიშები გვაქვს.
პირველი ივლისიდან, ლონდონში გამგზავრებამდე, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მოვემზადებით. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, ოლიმპიური ოცნება ლონდონში რეალობად ვაქციო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"