ყრილობამ შეაჯამა და წინ გაიხედა

AutoSharing Option
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სააქტო დარბაზში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ყრილობა გაიმართა. განვლილ ოთხ წელიწადში გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ფედერაციის გენერალური მდივანი რამაზ გურგენიძე, რომელმაც დელეგატებს წარმატებებთან ერთად ხარვეზების გამოსწორების გზები და მომავალი ოთხწლიანი სამუშაო გეგმის კონტურებიც გააცნო.

მძლეოსნობის ფედერაციის მუშაობაზე ილაპარაკეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა გია გალდავამ, აჭარის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ მიქელაძემ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა. დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტობა მომავალი ოთხწლიანი ვადით ისევ
დავით ბეჟუაშვილს ანდეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს ნაახალწლევს გამგეობის სხდომაზე აირჩევენ. ყრილობაზე სპორტსმენებსა და მწვრთნელებს (სულ 15 კაცს) ფულადი პრიზები გადაეცათ.

გიორგი ასანიძე: "საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ განვლილ საანგარიშო პერიოდში ნაყოფიერად იმუშავა. განსაკუთრებით საამაყოდ გვაქვს საქმე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში. საგულისხმოა ისიც, რომ წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადისთვის სამი საგზურისთვის საკმარისი ქულები მოვაგროვეთ, თუმცა გაისად მსგავს შეჯიბრებაზე მისი განმტკიცება მოგვიწევს.

დავსახეთ სამომავლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზები. კერძოდ, გაისად დამთავრდება ქუთაისისა და საჩხერის ძალოსნობის დარბაზების რეკონსტრუქცია. წყალტუბოში შენდება სპორტის სასახლე, სადაც საკმაოდ დიდი ფართობი გამოეყოფა ძალოსნობას. აჭარაშიც დაგეგმილია ახალი დარბაზის მშენებლობა. როგორც წინა წლებში, ამ საქმეშიც სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ჩვენი პრეზიდენტის, დავით ბეჟუაშვილის დახმარებისა და თანადგომის იმედი გვაქვს. საგულისხმოა ისიც, რომ ფედერაციის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად გათვალიწინებულია სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის არჩევა, ეროვნულ ნაკრებს კი 2011 წლიდან მთავარ მწვრთნელად ვანო გრიქუროვი დაუბრუნდება, რაც ჩვენი ნაკრების პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული