ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი: შამილიშვილმა 6 სალიცენზიო ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში დაიწყო ძალოსანთა პირველი სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი (მეორე გაისად გაიმართება), რომელშიც ოლიმპიური ჩემპიონის - გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, 6 ქართველი ათლეტი მონაწილეობს.

ჩვენებურთაგან პირველი გავიდა ფიცარნაგზე ნაკრების 20 წლის დებიუტანტი რამინ შამილიშვილი, რომელიც წინასწარი შედეგებით, რეიტინგში 33-ე იყო.

შამილიშვილმა ჩემპიონატზე ექვსიდან ხუთი ცდა გამოიყენა - აიტაცა 118, აკრა 146 კილო და ორჭიდში 264 კილოგრამით მე-20 ადგილი დაიკავა, რითაც საქართველოს ნაკრებს 6 სალიცენზიო ქულა მოუტანა, რასაც დებიუტანტისგან არავინ ელოდა.

ალმათიში კიდევ ხუთი ქართველი მოსინჯავს ძალებს. 11 ნოემბერს ფიცარნაგზე გავა
ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი და ახალგაზრდებში კონტინენტის ორგზის მეორე პრიზიორი გიორგი ლომთაძე (77 კგ).

14 ნოემბერს ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტი, ნიკა ნანაძე (94) იასპარეზებს. 15 ნოემბერს 105 კილოში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - ალბერტ კუზალოვი და გია მაჭავარიანი, ხოლო შეჯიბრების ბოლო დღეს - 16 ნოემბერს მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე გაეჯიბრება მეტოქეებს.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ ლიმასოლი (კვიპროსი) 20 და 23-წლამდელთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს. იმ შეჯიბრებაში რამინ შამილიშვილი (62 კგ) მედლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იქნება.

ასევე, საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ - 20-წლიანებში მისი თანაგუნდელები - თორნიკე თოდაძე (69), ირაკლი გაბრიჭიძე (77), გიორგი ჩხეიძე და დათო ხეცურიანი (ორივე - 105 კგ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული