- ჩემი მიზანია საქართველოში ძალოსნობის ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენს სახეობაში მოვარჯიშე სპორტსმენთა რაოდენობის ზრდა და საერთაშორისო სარბიელზე უწინდელი ტრადიციების დაბრუნება. ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რომლებზეც ინტენსიურად ვიმუშავებთ. - გვითხრა ბატონმა კახიმ.
- აპრილში თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თქვენ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით. ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრების მაღალ დონეზე
- დიახ, 9-18 აპრილს საქართველოს დედაქალაქში ევროპელ ძალოსანთა დიდი ფორუმი გაიმართება. ჯერ ევროპის ფედერაციის ყრილობაა დაგეგმილი, 11-დან კი შეჯიბრებაში ათლეტები ჩაებმებიან - როგორც ვაჟები, ისე ქალები. ამ ჩემპიონატს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია. მოგეხსენებათ, რომ 2014 და 2015 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე აღებული ქულების ჯამით ამა თუ იმ ქვეყანას ეძლევა ოლიმპიადის საგზურები.
ამასთანავე, კონტინენტურ ფედერაციებსაც შეუძლიათ დამატებით რამდენიმე ლიცენზიის გაცემა. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის ჩემპიონატზე ერთ საგზურს გამოვკრავთ ხელს სწორედ კონტინენტის ფედერაციიდან.
ახლა კი უშუალოდ შეჯიბრებისთვის მზადების შესახებ: როცა ამ ჩემპიონატის თბილისში ჩატარების სურვილი გამოვთქვით, აქტიურად დაგვიჭირა მხარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც ევროპის ძალოსნობის ფედერაციისთვის მტკიცე გარანტი იყო. თუმცა ამ გზაზე ყველაფერი ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა: იცით, რომ მცირე დროის განმავლობაში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში ზედიზედ სამი პრეზიდენტი გამოიცვალა, რამაც ძალიან შეაშფოთა ჩვენი ევროპელი კოლეგები.
ჯერ კიდევ დავით ბეჟუაშვილის პრეზიდენტობისას თბილისში კონტინენტის პირველობის ჩატარება ჩემი ინიციატივა იყო, მე დავარწმუნე ალბანეთის ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ევროპის ფედერაციის მესვეურები, რომ მსგავსი შეჯიბრების გამართვა ჩვენც შეგვეძლო.
2014 წელს ისრაელში კონტინენტის პირველობისას მომდევნო ასპარეზობის თბილისში გამართვის უფლებაც მივიღეთ, ოღონდ ერთი პირობით: საქართველოს ფედერაციას დოპინგზე მხილებული ქართველი ათლეტების ჯარიმა - 100.000 დოლარი სასწრაფოდ უნდა გადაეხადა. საბედნიეროდ, სახელმწიფო დაგვიდგა გვერდში და პრობლემა დროულად მოგვარდა.
ბატონი არმაზ თავაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ევროპის ჩემპიონატამდე მცირე დრო რჩებოდა და ახალი პრეზიდენტის ძიებასა და კიდევ ერთი რიგგარეშე ყრილობის ჩატარებას ვარჩიეთ, საორგანიზაციო საკითხებს მე ჩავდგომოდი. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ევროპის ძალოსნობის ფედერაცია ამ შეჯიბრების ჩატარების უფლებას პოლონეთს ან თურქეთს გადასცემდა, რომლებიც საამისოდ მზად იყვნენ.
ევროპის ფედერაციაში წარვადგინე ჩემპიონატის საორგანიზაციო გუნდი - დირექტორი ზურაბ ბოქოლიშვილი, ტექნიკური მხარდამჭერი დავით ყიფშიძე, გენერალური მდივანი რამაზ გურგენიძე, ცხადია, ჩემი ხელმძღვანელობით.
ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ ორჯერ გამოგზავნა კომისია, რომელმაც ჩვენს სამზადისს დადებითი შეფასება მისცა. მოეწონათ სპორტის სასახლე, სადაც შეჯიბრება გაიმართება და სასტუმროები ათლეტებისა და დამხმარე პერსონალის განსათავსებლად.
- ბატონო კახი, მოგეხსენებათ, ასეთი დონის შეჯიბრების ჩასატარებლად მარტო სპორტის სასახლე არ კმარა...
- გეთანხმებით. საქართველოში ძალოსნობის ინფრასტრუქტურა გაპარტახებულია. უწინ მხოლოდ თბილისში 13, მთლიანად საქართველოში კი 25 დარბაზამდე თუ გვქონდა, დღეს მათი რაოდენობა ოთხამდეა დასული.
წინათ ათასობით ბავშვი თუ ვარჯიშობდა ძალოსნობაში, დღეს 150-საც ვერ აღწევს. ეს, ცხადია, კატასტროფაა. არადა, ძალოსნობა საერთო-ფიზიკური მომზადებისთვის სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმომადგენლისთვის აუცილებელი საშუალებაა.
ამიტომაც ამ ევროპის ჩემპიონატს არა მარტო ჩვენთვის, არამედ - მთლიანად საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეჯიბრების დღეებში თბილისში ჩამოვლენ არა მარტო სპორტსმენები და მათი მწვრთნელები, არამედ ევროპის ქვეყნების ძალოსნობის ფედერაციების წარმომადგენლები, ქომაგები, ჟურნალისტები.
ყოველდღიურად 4-4 საათი პირდაპირი ჩართვა ექნება "ევროსპორტს", რომელსაც 45-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. ყოველივე ეს, მიმაჩნია, რომ ევროინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს.
ზემოაღნიშნულთან ერთად, ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის განსაკუთრებულია საქართველოში ძალოსნობის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. უპირველესად, ის მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეჯიბრებისთვის შევიძინეთ 80 ძვირად ღირებული შტანგა, რომლის დეფიციტსაც კარგა ხანია, განვიცდით. შვედური ფირმა "ელეიკოს" ინვენტარი უკვე გამოგზავნილია და დღე-დღეზე ველოდებით.
ჩემპიონატის შემდეგ ახალი შტანგებით საქართველოს ყველა რეგიონს მოვამარაგებთ, რაც არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა სახეობის სპორტსმენებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება საერთო-ფიზიკური მომზადებისთვის. გვექნება ინფრასტრუქტურის ტექნიკური ბაზა, რომლის საშუალებითაც მომავალში ნაკლები დანახარჯებით ნებისმიერი დონის შეჯიბრებას ვუმასპინძლებთ. უკვე ლაპარაკია 2016 წლის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლის გამართვის იდეაც საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებმა შემოგვთავაზეს.
- ბატონი კახი, კარგია შეჯიბრების მაღალ დონეზე ორგანიზება, მაგრამ ჩემპიონატზე მეტოქეებს ხომ კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა დავახვედროთ?
- ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს - რვა ძალოსანი ვაჟი ჩაებმება ტურნირში.
წლეულს გვაქვს სიახლეც - ევროპელებს ორი ქართველი გოგონაც გაუწევს მეტოქეობას 53 და 63 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ისინი, ალბათ, პირველ ათეულში მოსახვედრად იბრძოლებენ.
რაც შეეხებათ ვაჟებს, ვვარაუდობთ, რომ ორ-სამ მედალს შევწვდებით. კერძოდ რომელი სინჯისას, ამას შეჯიბრება გვიჩვენებს. წინასწარი მონაცემებით, მეორე-მესამე ადგილებზე არიან ირაკლი თურმანიძე (მძიმე წონა), დავით გოგია (105 კგ) და რამინ შამილიშვილი (56). იცით, რომ დავით გოგიას დოპინგზე ჩავარდნის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ეს ვადა აპრილისთვის გასდის მას და ამ ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება ექნება.
- გოგიას გარდა, კიდევ სამ ქართველ ათლეტს აქვს დისკვალიფიკაცია...
- მათ შორისაა რაულ ცირეკიძე, რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა მარტში უმთავრდება, მაგრამ მას ხელის ტრავმა აქვს და ევროპაზე მის გამოყვანას ვერ გავრისკავთ. იარის მოშუშების შემდეგ სხვებთან ერთად იგი შემოდგომით გადამწყვეტ სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა.
საერთოდაც, მთელი ჩვენი ძალები იმ შეჯიბრებისკენ იქნება მიმართული, რათა რაც შეიძლება მეტი
სალიცენზიო ქულა მოვიპოვოთ. მსოფლიოსთვის ძლიერი ნაკრები გვეყოლება. მწყობრში ჩადგება ცირეკიძე; როგორც გითხარით, გვეყოლება გოგია; იმ შეჯიბრებისთვის დისკვალიფიკაცია მოეხსნება მძიმეწონოსან ლაშა ტალახაძეს, რომელიც ჩვენი ოლიმპიური იმედია.
ძალიან პერსპექტიული სპორტსმენია და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს 2016 წელს ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში ჰყავდეს ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი.
ამის თქმის უფლებას არაოფიციალურ ვარჯიშებზე მის მიერ ნაჩვენები შედეგები მაძლევს. მთავარია, იგი ფიზიკურ, ტექნიკურ-ტაქტიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც მოვამზადოთ. საქართველოს ძალოსნობაში სამი ოლიმპიური ჩემპიონი და ერთი ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. ამგვარი შედეგებით ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. ამიტომ ჩვენი ვალია, ტრადიციებს არ ვუღალატოთ და წინა თაობების მონაგარი ვამრავლოთ. ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ჩვენც საამისოდ მზად ვართ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"