ევროპა თბილისში - ორი-სამი მედლისთვის ბრძოლა შეგვიძლია!

AutoSharing Option
დღეს, 11 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 18 აპრილამდე გასტანს.

ამ შეჯიბრებას 1896 წელს ჩაეყარა საფუძველი. ასე რომ, კონტინენტის უძლიერესი მამაკაცები (ქალები უფრო გვიან ჩაერთვნენ პაექრობებში) 94-ედ გამოცდიან ფიცარნაგზე მკლავისა და მუხლის ძალას. საქართველოს დედაქალაქში 40-მდე ქვეყნის 300-მა სპორტსმენმა, 200-მდე ოფიციალურმა პირმა და უფრო მეტმა ტურისტმა მოიყარა თავი.

* * *
ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად რამდენი ხანია, ძალ-ღონეს არ იშურებს საორგანიზაციო კომიტეტი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილის ხელმძღვანელობით. სწორედ მისი დიდი მცდელობით შეიძინა საქართველომ ამ ტურნირისთვის
მსოფლიოში აღიარებული კომპანიის - "ელეიკოს" სოლიდური რაოდენობის ინვენტარი.

- საქართველო ძალოსნობაში ასეთი დონის ტურნირს პირველად მასპინძლობს, ამიტომ ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩატარდეს, - გვითხრა კახი კახიაშვილმა. - ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია, ძალოსნობის ინვენტარი არ შეუძენია.

სპორტის სამინისტროს დახმარებით ევროპის ჩემპიონატისთვის ვიყიდეთ "ელეიკოს" 85 შტანგა თავისი დისკებით, მათ შორის - 50 ცალი ვაჟებისთვის. მათგან 15 საშეჯიბროა, დანარჩენი - სავარჯიშო. 35 გრიფი ქალებისთვისაა განკუთვნილი. მართალია, ჩემპიონატის შემდეგ მანდილოსნებისთვის ამდენი გრიფი არ დაგვჭირდება, მაგრამ ისინი შედარებით მსუბუქებია და მოზარდებს გამოადგებათ საწვრთნელად.

შტანგებსა და სხვა ატრიბუტებთან ერთად შევიძინეთ ორი ოლიმპიური საშეჯიბრო და 40 სავარჯიშო ფიცარნაგი. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვენტარი მივიღეთ, რომლებითაც არა მარტო რეგიონებში ძალოსნობის დარბაზებს დავაკომპლექტებთ, არამედ საქართველოში ნებისმიერი რანგის შეჯიბრების ჩატარება შეგვეძლება.

- დიდი ასპარეზობების წინ ტესტირებისთვის, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვან ტურნირებს ატარებენ...
- სპორტის სასახლეში ჭაბუკთა საქართველოს პირველობა სწორედ ტესტირებას ემსახურებოდა - "ელეიკოს" ახალი ინვენტარი: ოლიმპიური და სავარჯიშო ფიცარნაგები, ოლიმპიური შტანგები გამოვცადეთ. უპირველესად, ის გვაინტერესებდა, სპორტის სასახლის იატაკს - კალათბურთის ხის საფარს ზიანს ხომ არ მივაყენებდით. ამასთანავე, განათების, აკუსტიკისა და ვიბრაციის შემოწმებაც გვინდოდა.

მინდა გითხრათ, რომ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ცხადია, სარბიელის შესამოწმებლად მხოლოდ მოზარდთა საქართველოს პირველობით ვერ შემოვიფარგლებოდით. პოდიუმის, ფიცარნაგების, ტაბლოების დამონტაჟებისა და განათების მოგვარების შემდეგ მთავარი ტესტი რამდენიმე დღის წინ გვქონდა - საქართველოს საუკეთესო ძალოსნებისა და რამდენიმე უცხოელის მონაწილეობით საცდელი ასპარეზობა ჩავატარეთ. ინვენტართან ერთად ყველა ის აპარატურა შემოწმდა, რომლებიც ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ ჩამოიტანა.

სხვა საორგანიზაციო საკითხებიც მოვაგვარეთ. საქართველოში აკრედიტებულ ევროპის ქვეყნების საელჩო-საკონსულოებს ჩემპიონატზე დასასწრები მოსაწვევი ბარათები გავუგზავნეთ, რომ მათ თავიანთი ქვეყნების წარმომადგენლებს უქომაგონ.

- ჩვენს ათლეტებზე რას იტყვით?
- ქართველი ძალოსნები ოლიმპიური ჩემპიონის - გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ბოლო დროს წყალტუბოსა და დუშეთში ვარჯიშობდნენ. მათს მომზადებაზე დაწვრილებით მთავარი მწვრთნელი გიამბობთ, მე კი გეტყვით, რომ ჩემპიონატში ჩაებმება დავით გოგია, რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა დაუმთავრდა. საკმაოდ კარგ ფორმაშია.

საერთოდაც, სოლიდური გუნდი შეიკრიბა. გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, ორი-სამი მედლისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

ერთი სიახლეც გვაქვს - ქართული ძალოსნობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ გოგონები - თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) და სოფიო მუკატარიძე (69).

- ჩემპიონატისთვის მზადებისას პრობლემებს ხომ არ შეუშლია ხელი?
- ლარის კურსის ვარდნამ სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენა. მართალია, საორგანიზაციო თანხებში მომჭირნეობას ვიჩენთ, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის, რადგან ის ბიუჯეტი, რომელიც მოვითხოვეთ, სამწუხაროდ, ბოლომდე არ მიგვიღია.

შეჯიბრებას, ცხადია, ისე ჩავატარებთ, რომ სტუმრებს უკმაყოფილოს არ გავუშვებთ. ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრების საორგანიზაციოდ დიდი შრომაა გაწეული და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს ჩრდილი არ მიადგეს...

* * *
- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს, - გვითხრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, - ქართველ ძალოსნებს საერთაშორისო სარბიელზე არაერთხელ მიუღწევიათ წარმატებისთვის და ახლა კონტინენტის უძლიერეს ათლეტებთან შინ პაექრობისას გვეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, ცხადია, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ჩვენს ათლეტებს სრულფასოვანი წვრთნა გაევლოთ. სამი თვე უწყვეტად ვიყავით შეკრებებზე ბორჯომში, დუშეთში, საირმეში, წყალტუბოსა და თბილისში.

სპორტის სასახლის ფიცარნაგზე სრული შემადგენლობით ვიასპარეზებთ - უცხოელებს რვა ქართველი გაუწევს კონკურენციას. მათთან ერთად მოსინჯავს ძალებს ორი გოგონა - ჩვენი პირველი მერცხლები ქართული ძალოსნობის ისტორიაში. დღევანდელი მონაცემებით, თათია ლორთქიფანიძეს ათეულში მოხვედრა შეუძლია, სოფიკო მუკატარიძე სულ ერთი წელია ვარჯიშობს და ჩემპიონატზეც მისი შედეგი მოკრძალებული იქნება.

Sportall.Ge

ჩვენი ვაჟთა გუნდი ასე დაკომპლექტდა: რამინ შამილიშვილი (56 კგ), ირაკლი გაბრიჭიძე (77), გიორგი ლომთაძე (77), ნიკა ნანაძე (94), გია მაჭავარიანი (105), დავით გოგია (105), ირაკლი თურმანიძე (+105) და გიორგი ჩხეიძე (+105). ჩემპიონატზე სამი მედლისთვის ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ გუნდურში ექვს საუკეთესოს შორის მოვხვდეთ.

* * *
"ბედნიერი ვარ, უსაზღვროდ ბედნიერი - ჩემს თბილისს დიდი დღესასწაული ეწვია: დედაქალაქის სპორტის სასახლე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, ჩემს სიხარულს ახლაც მთელი საქართველო გაიზიარებს, როგორც 65 წლის წინათ, როცა პარიზში პირველად მოვიგე ევროპის ჩემპიონატი.

მაშინ საფრანგეთიდან დაბრუნებულს ჯერ რკინიგზის სადგურზე, მერე ჩემს ბინასთან უამრავი ხალხი დამხვდა. იმ დღეებს რომ ვიხსენებ, ცრემლით მევსება თვალები. როგორი ბედნიერი იყვნენ ჩემი უბნელები: მე - მათთან ვერაზე გაზრდილი ბიჭი - ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გავხდი.

მერეც ბევრი გვყავდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.

დარწმუნებული ვარ, სპორტის სასახლის თაღებქვეშაც გვასახელებენ ჩვენი ძალოსნები", - ეს სიტყვები 1952 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ რაფაელ ჩიმიშკიანს ეკუთვნის, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონატი პირველად 1950 წელს მოიგო და მერე კიდევ ხუთჯერ (1951, 1954-1957) მიაღწია მსგავს წარმატებას, 1953 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონატების ორ-ორგზის გამარჯვებულმა და ვერცხლის პრიზიორმა თერთმეტჯერ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

უწინდელ შეჯიბრებებში საქართველოს არაერთ წარმომადგენელს უსახელებია თავი. ჩვენებურები კონტინენტის პირველობებში 1947 წლიდან მონაწილეობენ. იმ წელიწადს ჰელსინკში თბილისელმა მოისეი კასიანიკმა სამჭიდში 310 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა. 1950 წელს პარიზში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ თბილისელი რაფაელ ჩიმიშკიანი და ბათუმელი ვლადიმერ სვეტილკო.

ამ ორი სპორტსმენის გარდა, საქართველოდან ევროპის ჩემპიონები გახდნენ: დიტო შანიძე - 1972 (1973 წელს მან აკვრაში მოიგო კონტინენტის პირველობა), კახი კახიაშვილი - 1992, 1993, გიორგი ასანიძე - 2000, 2001, 2002, რაულ ცირეკიძე - 2012 წელს.

მეორე ადგილებზე გავიდნენ - რაფაელ ჩიმიშკიანი - 1953, დიტო შანიძე - 1968, 1969, 1971, 1974, კახი კახიაშვილი - 1994, ბიძინა მიქიაშვილი - 1996, გიორგი ასანიძე - 1998, გია მაჭავარიანი - 2011 წელს.

ბრინჯაოს მედალოსნები არიან: მოისეი კასიანიკი - 1947, მუხრან გოგია - 1994, ირაკლი თურმანიძე - 2012 წელს. დიტო შანიძემ სამი მცირე ბრინჯაო დაიმსახურა - 1968 და 1972 წლებში აჭიმვაში, 1974 წელს - აკვრაში.

ვიმედოვნებთ, რომ ამ ნუსხას წლევანდელი ჩემპიონატის შემდეგ ახალი სახელები შეემატება.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული