პირადი წონით პირველობა მაშინ უკრაინელს ხვდა, ვერცხლის მედალი - თურმანიძეს. 13 აგვისტოს ცნობილი გახდა დოპინგკონტროლის შედეგები - უკრაინელი დოპინგტესტზე ჩავარდა და ექვსთვიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ჩემპიონად ირაკლი თურმანიძე გამოაცხადა.
მძიმე წონაში (+105) თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკი ოფიციალურად ასეთია:
1. ირაკლი თურმანიძე (საქართველო) - 435 კგ (201+234)
2. ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი) - 432 კგ (200+232)
3.
13 აგვისტოს ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟურნალისტებს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე შეხვდნენ.
"მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო ირაკლი თურმანიძის ჩემპიონობა - კარგია, რომ სამართალმა იზეიმა და ჩვენმა სპორტსმენმა დამსახურებული ოქროს მედალი მიიღო. ჩვენთან ძალოსნობას დიდი ტრადიციები აქვს და სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს სპორტის ამ სახეობას", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
"გილოცავთ ირაკლი თურმანიძის გამარჯვებას - მან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინელმა აკრძალული ნივთიერებები გამოიყენა, რის გამოც მას ოქროს მედალი ჩამოერთვა. დარწმუნებული ვარ, ირაკლის უფრო დიდი წარმატებები წინ ელის", - განაცხადა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის თქმით, ქართველი ძალოსნების მთავარი ამოცანა შემოდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა. იმ შეჯიბრებაზე რიო დე ჟანეიროს საგაისო ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება და სწორედ მაშინ გადაწყდება, ძალოსანთა ჩვენი ნაკრები ბრაზილიაში რამდენი სპორტსმენით გაემგზავრება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"