კახი კახიაშვილი: ძალოსნობა ეროვნულ სახეობად უნდა ვაქციოთ

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა ტალახაძე და კახი კახიაშვილი
ქართველმა ძალოსნებმა წლეულს მნიშვნელოვან შეჯიბრებებში 60-ზე მეტი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. წარმატებათა გვირგვინი რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალია, რომელიც ლაშა ტალახაძემ დაიმსახურა.

- მართლაც, წარმატებული სეზონი გვქონდა, - გვითხრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა. - შარშანდელთან შედარებით 25 მედლით მეტი მოვიპოვეთ, თუმცა სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა: 23 დეკემბერს ანასტასია გოტფრიდი (+75 კგ), რევაზ დავითაძე (85) და გიორგი ჩხეიძე (105) ბაქოში საერთაშორისო ტურნირ "ოლიმპში" მოსინჯავენ ძალებს თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, ხოლო
25 დეკემბერს თბილისი ჩემი სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ასე რომ, ჯილდოების რიცხვი კიდევ გაიზრდება.

თუმცა წარმატების მაჩვენებლად მარტო მედლები არ მიგვაჩნია: ბოლო ორ წელიწადში მოპოვებული გამარჯვებების ფონზე, ძალოსნობაში მომეცადინეთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა, მწყობრში ჩადგა 10 დარბაზი. მათი რაოდენობა კიდევ ორით გაიზრდება - დარბაზებს წალკასა და ხონში გავხსნით.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლეულს, საქართველოს სპორტის ისტორიაში პირველად, ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ. ასევე პირველად განხორციელდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან 40-საათიანი პირდაპირი ჩართვა "ევროსპორტით" - შეჯიბრებების პირდაპირი რეპორტაჟები 55 ქვეყანაში გადაიცემოდა 20 ენაზე. საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენს ტელევიზიებს საამისოდ თავიც არ შეუწუხებიათ.

- წლევანდელ წარმატებებში, ცხადია, რიოს ოლიმპიადაზე მოპოვებულ გამარჯვებას განსაკუთრებული ადგილი უკავია...
- გეთანხმებით. დაუვიწყარი სურათი იყო - ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში ოლიმპიადის კვარცხლბეკზე ორი ქართველი იდგა და დარბაზში ქართული ჰიმნი აჟღერდა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონობა მსოფლიო რეკორდით მოიპოვა. იგი პლანეტის უძლიერესი მამაკაცია და მომავალი ოთხი წელიც, ვფიქრობ, ტალახაძე იქნება ყველა შეჯიბრების ფავორიტი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ჩათვლით. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მომავალი მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის მოსამზადებლად მას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.

ძალიან გაგვახარა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალმაც - ალალია მასზე.

- მძიმეწონოსანთა შეჯიბრებისას მომხდარ ინციდენტზე რას იტყვით?
- ლონდონის ოლიმპიადის ირანელი ჩემპიონი სალიმი ძლიერი სპორტსმენია. ქომაგებიც მისგან სამ ოქროს ელოდნენ. ისიც რიოში ტიტულის შენარჩუნების მიზნით ჩავიდა და ქადილის ძალაც შესწევდა, რაც ატაცში დაამტკიცა კიდეც - ამ მოძრაობაში ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით (216 კგ) მოიპოვა. აი, აკვრაში კი არ გაუმართლა. არბიტრებმა მას ორი ცდა არ ჩაუთვალეს. ასეთი რანგის შეჯიბრებაზე მსგავსი რამ, ფაქტობრივად, არ ხდება. დარბაზში ვიყავი და ასპარეზობის ყველა ნიუანსი ვერ დავინახე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ძალოსნობაში პროტესტი არ იწერება, რადგან სპორტსმენის გამოსვლასა და არბიტრების შეფასებას ჟიურის ხუთი წევრი აკონტროლებს. ამდენად, აქ არაობიექტურობა გამორიცხულია, მით უმეტეს, რვავემ მიიჩნია, რომ ირანელმა აკვრისას წესები დაარღვია და გადაწყვიტეს, მისთვის წონა არ ჩაეთვალათ.

სალიმი პროტესტის ნიშნად იატაკზე დაჯდა, შემდეგ მსაჯებსა და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა სიტყვიერად, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ.

მართალი გითხრათ, ადამიანურად შემეცოდა ირანელი ათლეტი, თანავუგრძნე კიდეც. ხმა არ ამოუღია, სამაგიეროდ, წესრიგის დარღვევით მისმა თანამემამულეებმა გამოიჩინეს თავი: დარბაზში ღრიანცელი ატეხეს, როცა ქართველი სპორტსმენი გადიოდა ფიცარნაგზე. არადა, ტალახაძე რა შუაში იყო!

ლაშა, მართალია, ყველაფერს ხედავდა და გრძნობდა, მაგრამ გარეგანი ფაქტორებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ოდნავადაც არ გამოუხატავს რეაქცია - უმაღლეს დონეზე იდგა სპორტულად და ადამიანურადაც, თავისი საქმე ბოლომდე მიიყვანა - როგორც გითხარით, ოლიმპიური ოქრო მსოფლიოს რეკორდით მოიპოვა. სალიმიც არ დარჩა ვალში - ქართველ მეტოქეს გადაეხვია და ჩემპიონობა მიულოცა, რითაც საკუთარ კაცობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

- ეილათში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც მინდა გკითხოთ...
- 22 მედალი, ნამდვილად, დიდი შედეგია. ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამად უძლეველია. ძალიან გაგვახარა ანასტასია გოტფრიდმა, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა; სხვა ათლეტებმაც.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს სახეობაში უკვე ლიდერებში ვართ, მთელ მსოფლიოში პატივს გვცემენ, რჩევა-დარიგებებს იღებენ ჩვენგან. უწინ შეჯიბრებებზე 2-3 სპორტსმენს თუ ვგზავნიდით, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ლამის სრული გუნდი გამოგვყავს, თანაც ისე, რომ მისი ყველა წევრი მზად არის, მედლებისთვის იბრძოლოს. ეს ნათლად გამოჩნდა ეილათში, სადაც საქართველოდან წასული ებრაელების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ბევრ ნაცნობსაც შევხვდი იქ, მათ შორის, ჩემს ცხინვალელ ფიზიკის მასწავლებელს, ასევე, ყოფილ ახალციხელ ძალოსან გენადი ჰისკის, რომელთან ერთადაც ჭაბუკობისას ბევრ შეჯიბრებაში მიასპარეზია. ამჟამად ისრაელის ოლიმპიურ კომიტეტში მუშაობს.

მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემპიონატის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ.

ერთიც მინდა დავძინო: ბოლო ორი წლის შედეგები მოწმობს, რომ ჩვენი ფედერაცია სწორი გზით მიდის. სამომავლოდაც დიდი მიზნები გვაქვს: ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ძალოსნობა ეროვნულ სახეობად ვაქციოთ, როგორც, ვთქვათ, ქართული ჭიდაობაა, რადგან მძლეოსნობისა და ცურვის შემდეგ ჩვენი სახეობა ისეთი სპორტია, რომელიც ყველას სჭირდება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჩემი სურვილია, ძალოსნობის ინვენტარი ყველა სკოლაში შევიდეს, რომ მოზარდთა საერთო ფიზიკური მომზადება გაუმჯობესდეს. თუ ამას მივაღწიეთ, მაშინ მაღალი მიღწევების სპორტის მდგომარეობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს არის ქართველობა, საზღვარგარეთ რომ წარმატებას მიაღწევ, მაგრამ მაინც რომ კეთილი გულით ქართულ საქმეს აკეთებ. დავაფასოთ ეს კაცი, გვერდში დავუდგეთ ყველამ!
ქუთაისელი
20:37 22-12-2016
0
კახი ჯიგარი ხარ! შენი დამსახურებაა ეს წარმატებები!
Georgian
01:43 23-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული