თეოდორა კახიანი: ქალთა კარგი ნაკრები გვეყოლება

AutoSharing Option
მომავალ შაბათ-კვირას ნიუ-იორკი მოხმალავე ქალთა მსოფლიოს თასის ეტაპს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში საქართველოდან ორი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან თეოდორა კახიანი და დარია ანტონოვა.

ამ უკანასკნელმა, რომელიც რუსეთის კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების შემადგენლობაში ევროპის ვერცხლისპრიზიორია, რამდენიმე თვის წინათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამჟამად მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

კახიანი მე-4 წელიწადია, ამერიკაში იმყოფება - პენს სტეიტის (ფილადელფიის შტატი) უნივერსიტეტში სწავლობს და ფარიკაობაშიც იქვე იმაღლებს ოსტატობას. იგი ხმალში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია. უნივერსიტეტის სახელით არაერთხელ იასპარეზა როგორც შტატის, ისე აშშ-ის სტუდენტურ შეჯიბრებებში.
იქაურ უნივერსიადებში რამდენჯერმე დაიკავა პირველი-მესამე ადგილები.

- 12 წელიწადია, ფარიკაობაში ვვარჯიშობ, - გვითხრა თეოდორა კახიანმა. - თავიდან მე და ჩემმა და სოფიომ თამაზ კაკულიასთან დავიწყეთ მეცადინეობა, სხვებიც გვიწევდნენ კონსულტაციებს. რაც ამერიკაში ვარ, ვეს გლონი მავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით არაერთ წარმატებას მივაღწიე ამერიკის უნივერსიტეტების პირველობებზე. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ შარშან გაზაფხულზე ზედიზედ მესამედ მოვიგე ამერიკის ეროვნული უნივერსიტეტების სპორტის ასოციაციის ჩემპიონატი All American, რომელშიც ქვეყნის უმაღლესი უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტი მოხმალავეები იბრძვიან მთავარი პრიზისთვის.

შემდეგ კიდევ ორ ტურნირში მივაღწიე წარმატებას და მთელი წლის მონაგარი ეს იყო, რადგან ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ფეხი გავიბზარე. ტრავმამ ძალიან შემიშალა ხელი, მაგრამ წლის მიწურულიდან მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ.

ახლა უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელი მაქვს დარჩენილი და ძალიან მინდა, მარტში მეოთხედ მოვიგო All American-ი. საამისოდ არაფერს დავიშურებ.

- მანამდე ხომ სხვა შეჯიბრებებიც გექნებათ, თუნდაც 28-29 იანვარს ნიუ-იორკში მსოფლიოს თასის ეტაპი. ამ ტურნირში ანტონოვასთან ერთად მოსინჯავთ ძალებს...
- დიდი ხანია, საქართველოს სახელით არ მიასპარეზია, ამიტომ ძალიან მომენატრა ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ გამოსვლა. მოუთმენლად ველოდები მომავალ უქმეებს.

რაც შეეხება დარია ანტონოვას, კადეტთა ტურნირებიდან ვიცნობ. ხშირად გვიასპარეზია ერთად. მაშინ ძლიერი მოხმალავე იყო, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების გამორჩეული წევრი. ოთხ წელიწადზე მეტია, არ მინახავს და არ ვიცი, ახლა როგორ ფარიკაობს, მაგრამ, რადგანაც მერაბ ბაზაძემ გადმოიბირა, ეტყობა, უწინდებურად ძლიერია.

მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ერთად მოგვიწევს გამოსვლა. ვეცდებით, გულშემატკივართა იმედები გავამართლოთ.

- მსოფლიოს თასების გარდა, წინ უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა - მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ივნისში თბილისი უმასპინძლებს...
- სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ასეთი ტურნირი გაიმართება - ეს ქართული ფარიკაობის ტრადიციების დაფასებაა, ამიტომ ამ შეჯიბრებაზე გამოსვლა პატივიცაა და უდიდესი პასუხისმგებლობაც. ისიც შევიტყვე, პირადის გარდა, მოხმალავეები გუნდურშიც გამოვალთ. მე და დარიას ლიკა ჯიჯიეიშვილი შემოგვიერთდება. ლიკა ახალგაზრდაა, მაგრამ თანატოლებში ფარიკაობის კარგი გამოცდილება აქვს.

ამიტომ მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ქალთა კარგი ნაკრები გვეყოლება, ვეცდებით, ხმალაობაში ვაჟებს არ ჩამოვრჩეთ. თბილისურ ორთაბრძოლებამდე ჯერ კიდევ დროა და ერთად გამოსვლის საშეჯიბრო გამოცდილებასაც შევიძენთ.

ახლა მთელი ყურადღება ნიუ- იორკის მსოფლიოს თასზე მაქვს გადატანილი, მერე კი All American-ისთვის მოვემზადები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტს ფარიკაობა ფქვია თუ ხმალაობა? თუ იმაზეა დამოკიდებული სელჩუკები შემოგვესევიან თუ არა?
გიალო
10:17 25-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული