მეოთხედ აჭარის დედაქალაქში

AutoSharing Option
ბათუმში ადგილობრივი კომპლექსური სასპორტო სკოლის ინიციატივითა და ქალაქის მერიის თანადგომით მეოთხედ გაიმართა მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ზურაბ თავაძის ხსოვნას მიეძღვნა.

შეჯიბრებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის 1994-1996 წლებში დაბადებული 130-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. განსაკურთებით კადეტებში მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა, ქუთაისელმა მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილმა იყოჩაღა - ყველა შეხვედრა იოლად მოიგო, მათ შორის ფინალში თანაქალაქელ დავით უკლებას 15:8 სძლია. უცხოელთაგან ერევნელი ემა პოღოსოვას (დაშნა) გამოყოფა შეიძლება. სტუმართაგან იგი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ფინალში მან ქუთაისელ მარიამ კეკუტიას მოუგო.

-
ბოლო წლების საერთაშორისო ტურნირებში მოკრძალებული შედეგები დაშნასა და რაპირაში გვქონდა, - გვითხრა მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ. - წლევანდელ შეჯიბრებებში ეს ხარვეზი საგრძნობლად გამოვასწორეთ. დასტურად ქუთაისისა და ბათუმის პაექრობებიც გამოდგება.

თუმცა აქვე გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონემდე მისაღწევად ბევრი ოფლის ღვრა მოგვიწევს. იმედები კი ნამდვილად გვაქვს, რადგან საკმაოდ კარგი თაობა მოდის. განსაკუთრებით 1999-2000 წლებში დაბადებული რამდენიმე პერსპექტიული მოფარიკავე მინდა გამოვყო, კერძოდ: რუსთაველები - მარიამ სუხიშვილი და ნიკოლოზ ვეფხვიაშვილი (ორივე-რაპირა), თბილისელი მოხმალავეები - ნიკოლოზ შენგელია და გიორგი გოგელია, რომლებმაც ბათუმში სპეციალისტთა ყურადღება მიიქციეს.

შესანიშნავად იასპარეზა ქუთაისელმა ირაკლი ამბროლაძემ (დაშნა). ნახევარფინალსა და ფინალში მან სომეხ ძმებს -კარენ და არმენ არაზანიანებს დააყრევინა ფარხმალი. კარგ ფორმაშია მიხეილ მარდალეიშვილი. ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან 13-20 ივლისს იგი თათია აფციაურთან, ბექა და სანდრო ბაზაძეებთან ერთად შეფილდში (ინგლისი) ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატში იასპარეზებს. ამ შეჯიბრებაში პირველ-ოცდამეთორმეტე ადგილებზე გასული სპორტსმენები 2012Oწლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებს მიიღებენ. მთავარი პაექრობები კი ოქტომბრის მიწურულს იტალიაში მოგველის - იქ მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება და ლონდონის თამაშების საგზურების მფლობელებიც გამოვლინდება.

აქვე ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას გაგაცნობთ:

ხმალი
გოგონები
1. თამარ პეტემაძე (ბათუმი)
2. ანა წიკლაური (თბილისი)
3. ტერინა პროხოროვა (ბაქო)
3. ანა სინატაშვილი (ქუთაისი)

ვაჟები
1. მიხეილ მარდალეიშვილი (ქუთაისი)
2. დავით უკლება (ქუთაისი)
3. საბა სულამანიძე (თბილისი)
3. დავით სულაბერიძე (ქუთაისი)

რაპირა
გოგონები
1. თეონა გოგლიძე (თბილისი)
2. ეიშა გალშემანი (ირანი)
3. ზოია ხოსიევა (რუსეთი)
3. ოლგა ვავილოვა (რუსეთი)

ვაჟები
1. ლუკა ღაღანიძე (თბილისი)
2. ვილჰემ არაქელიანი (სომხეთი)
3. მაიკლ ოჰანესიანი (სომხეთი)
3. ედუარდ დანელიანი (სომხეთი)

დაშნა
გოგონები
1. ემა პოღოსოვა (სომხეთი)
2. მარიამ კეკუტია (ქუთაისი)
3. ლარისა ევოიანი (სომხეთი)
3. მარინა ტომაევა (რუსეთი)

ვაჟები
1. ირაკლი ამბროლაძე (ქუთაისი)
2. არმენ არაზანიანი (სომხეთი)
3. კარენ არაზანიანი (სომხეთი)
3. კამჯო მიფსალარი (ირანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული