თეოდორა კახიანის ხმალი და თურქების თასი

AutoSharing Option
ბოლო დროს მოხმალავე გოგონებში საგრძნობლად დაწინაურდა ახალგაზდა მოფარიკავე თეოდორა კახიანი, რომელმაც ამას წინათ ეროვნულ ჩემპიონატშიც იყოჩაღა. გასულ უქმეებზე კი შპს "აგრიკომის" დაფინანსებით საქართველოს 16 მუშკეტერთან (მწვრთნელები _ მერაბ ბაზაძე, თეონა ნიშნიანიძე, მსაჯი დავით სახვაძე) ერთად მან ტრაბზონში თურქეთის თასზე იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა ყველა მეტოქეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში კახიანმა თანაგუნდელ თათია აფციაურის მძლეველ ოზდემ ალსანს მოუგო 15:12, გადამწყვეტ პაექრობაში კი ჰილალ ბაჰჯეჯის დააყრევინა ფარ-ხმალი _ 15:10 და თურქეთის თასი დაიმსახურა. აფციაური მე-10 ადგილით დაკმაყოფილდა. ამავე სახეობაში ვაჟთა შორის
სხვებზე უკეთ სანდრო ბაზაძემ იასპარეზა _ მან მხოლოდ ნახევარფინალური ორთაბრძოლა დათმო ჰაკან აკგუნთან და ბრინჯაოს დასჯერდა. მისი უფროსი ძმა ბექა ბაზაძე მე-5 ადგილზე გავიდა, მიხეილ მარდალეიშვილი მეექვსე იყო.

 


რაპირაში ჩვენებურთაგან 14 წლის თეონა გოგლიძე გამოირჩა. ეს გოგონა ორი წელიწადია, რაც ფარიკაობაში ვარჯიშობს, მაგრამ უფროსებსაც არ უდებს ტოლს. ასე იყო ტრაპზონშიც, სადაც მხოლოდ ნახევარფინალური ორთაბრძოლა წააგო გამოცდილ მერვე კარამეტესთან და საქართველოს სპორტულ ყულაბას ბრინჯაოს მედალი შეჰმატა. მისი თანაგუნდელი სანდრო სიხარულიძე მე-8 ადგილზე გავიდა.

_ ჩვენი მოხმალავე ბიჭები _ მიხეილ მარდალეიშვილი, სანდრო და ბექა ბაზაძეები ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უკრაინის ნაკრებთან ორკვირიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად. მარდალეიშვილი 16-17 ოქტომბერს ბუდაპეშტში კადეტთა შორის ევროპის თასზე გამოვა და ისევ კიევში დაბრუნდება. 23 ოქტომბრიდან ლობნიაში (რუსეთი) იუნიორთა ევროპის ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს სანდრო ბაზაძე, მარდალეიშვილი, კახიანი და აფციაური. 4 ნოემბრიდან კი ბექა ბაზაძე პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება, _ გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული