რაპირაში ჩვენებურთაგან 14 წლის თეონა გოგლიძე გამოირჩა. ეს გოგონა ორი წელიწადია, რაც ფარიკაობაში ვარჯიშობს, მაგრამ უფროსებსაც არ უდებს ტოლს. ასე იყო ტრაპზონშიც, სადაც მხოლოდ ნახევარფინალური ორთაბრძოლა წააგო გამოცდილ მერვე კარამეტესთან და საქართველოს სპორტულ ყულაბას ბრინჯაოს მედალი შეჰმატა. მისი თანაგუნდელი სანდრო სიხარულიძე მე-8 ადგილზე გავიდა.
_ ჩვენი მოხმალავე ბიჭები _ მიხეილ მარდალეიშვილი, სანდრო და ბექა ბაზაძეები ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უკრაინის ნაკრებთან ორკვირიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად. მარდალეიშვილი 16-17 ოქტომბერს ბუდაპეშტში კადეტთა შორის ევროპის თასზე გამოვა და ისევ კიევში დაბრუნდება. 23 ოქტომბრიდან ლობნიაში (რუსეთი) იუნიორთა ევროპის ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს სანდრო ბაზაძე, მარდალეიშვილი, კახიანი და აფციაური. 4 ნოემბრიდან კი ბექა ბაზაძე პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება, _ გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ.