ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა კიტ მიდლბრუკმა 2017 წლის ზაფხულისთვის "ოფიციალურად" დააანონსა დიდი საკრივო ორთაბრძოლა. რინგზე ერთმანეთის პირისპირ უნდა წარსდგნენ ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი (49-0, 26 KO) და ყაზახი გენადი გოლოვკინი (36-0, 33 KO), რომელიც საშუალო წონაში ფლობს WBA-ის, WBC-ის, IBF-ისა და IBO-ის საჩემპიონო ქამრებს.
მომავალ ორთაბრძოლაზე მიდლბრუკმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, სადაც მეივეზერთან ერთობლივი ფოტოც განათავსა.
"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ფლოიდ მეივეზერი იჩხუბებს გენადი გოლოვკინთან. თქვენ ამის შესახებ სწორედ აქ გაიგეთ პირველად", - დაწერა მსახიობმა.
"ძალიან მალე შეიტყობთ
ამ ახალი ამბის შესახებ. მთავარია გახსოვდეთ, რომ თქვენ ამის შესახებ კიმ მიდლბრუკმა გაცნობათ. შეგიძლიათ გაიმეორეთ ჩემი სიტყვები: "ფლოიდი GGG-ის წინააღმდეგ ლას ვეგასში, 2017 წლის ივნისში", - დაამატა მიდლბრუკმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"