დიდი საკრივო ბრძოლა "უემბლიზე"

AutoSharing Option
შაბათს იმართება 2017 წლის ერთ-ერთი მთავარი საკრივო ორთაბრძოლა - ლონდონის ლეგენდარულ "უემბლის" სტადიონზე სუპერმძიმეწონოსნების - 41 წლის უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსა და 27 წლის ბრიტანელი ენტონი ჯოშუას დუელი შედგება.

ამ შეხვედრაში თამაშდება IBF-ის საჩემპიონო ქამარი, რომელიც ბრიტანელს ეკუთვნის, აგრეთვე, WBA-სა და IBO-ს ვაკანტური ტიტულები.

ვლადიმირ კლიჩკო (64-4-0, 53KO) რინგზე 2015 წლის ნოემბერის შემდეგ არ გამოჩენილა, როცა მან საჩემპიონო ორთაბრძოლა წააგო ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან.

ენტონი ჯოშუამ (18-0, 18KO) IBF-ის ტიტული შარშან, აპრილში მოიპოვა, როცა ნოკაუტში ჩააგდო ამერიკელი ჩარლზ მარტინი. მას შემდეგ, ბრიტანელმა
ორჯერ დაიცვა საჩემპიონო ქამარი.

დიდი აჟიოტაჟი
კლიჩკოსა და ჯოშუას ბრძოლის შესახებ გასული წლის 10 დეკემბერს გამოაცხადეს, როცა ჯოშუამ ერიკ მოლინას მოუგო.

დიდი ბრძოლის გარშემო აჟიოტაჟმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ბილეთების პირველი პარტია (50 ათასი) ერთ დღე-ღამეში გაიყიდა, მეორე ნაწილი (30 ათასი) კიდევ უფრო ნაკლებ დროში. ორგანიზატორებმა არენის ტევადობის გაზრდა ითხოვეს და საბოლოოდ, ბრძოლას 90 ათასი მაყურებელი დაესწრება, რაც რეკორდია "უემბლისთვის, რომელსაც აქამდე არასოდეს მოუწყვია საკრივო ორთაბრძოლა. ვარაუდობენ, რომ ეს ბრძოლა მოხსნის ბრიტანეთის რეკორდს სატელევიზიო აუდიტორიის რაოდენობით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კლიჩკოსა და ჯოშუას ბრძოლის ჩვენებაზე მოილაპარაკეს ტელეარხებმა - HBO-მ და Showtime-მა. ეს უკანასკნელი შეხვედრას პირდაპირ ეთერში გადასცემს, HBO კი ჩანაწერში - საღამოს პრაიმ-ტაიმში.

ბუკმეიკერების პროგნოზები
ბუკმეიკერები ფავორიტად ენტონი ჯოშუას მიიჩნევენ. მის მოგებაზე ტოტალიზატორი bwin ასეთი კოეფიციენტს იღებს - 1.4. კლიჩკოს მოგება ფასდება - 2.85-ით. დაახლოებით ანალოგიურია William Hill-ის კოეფიციენტები - ჯოშუას მოგება - 1.4, კლიჩკოს მოგება - 3.0.

მზადება
ვლადიმირ კლიჩკომ ამ ბრძოლისთვის მზადება ფლორიდაში დაიწყო, მაგრამ შეკრების დიდი ნაწილი კიევსა და ავსტრიის გოინგში მიმდინარეობდა. სპარინგ-პარტნიორებს შორის იყვნენ იტალიელი მოკრივე კრისტიან ტუნი, ამერიკელები - ჯერალდ ვაშინგტონი და მალიკ სკოტი, აგრეთვე, უკრაინელი ისმაილ სილაჰი.

ენტონი ჯოშუამ მზადება ლონდონში გაიარა. ბრიტანელს ეხმარებოდნენ მისი თანამემამულეები ჯო ჯოისი და ფრეიზერ კლარკი, აგრეთვე, პოლონელი მარიუშ ვახი.

პირველად მოკრივეები ერთმანეთს პრესკონფერენციაზე 31 იანვარს, ნიუ იორკში შეხვდნენ. იქ ვლადიმირმა თავის მოტივაციაზე ილაპარაკა, ენტონიმ კი საკუთარი თავი ლომს შეადარა.

16 თებერვალს მოკრივეების მორიგი შეხვედრა კიოლნში შედგა. ჯოშუამ განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია კლიჩკოთი, მაგრამ მოვიდა დრო - უკრაინელმა ხაზი გაუსვას თავისი მეტოქის აგრესიას.

ჯოშუა არა ერთხელ დაპირდა თავის გულშემატკივრებს, რომ ნოკაუტში გაუშვებს უკრაინელს, თან ამას მოულოდნელად გააკეთებს. ამასთან, ბრიტანელი მიიჩნევს, რომ წააგებს სასტარტო რაუნდებს, მაგრამ მოგვიანებით დაიბრუნებს დაკარგულს.

ბრძოლა 30 აპრილს, თბილისის დროით 01 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული