მაიკ ტაისონი პრომოუტერი გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარული მაიკ ტაისონი ახალ მიმართულებით ცდის ძალებს. სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ, ძირითადად, სკანდალურ ქრონიკებში ჩნდებოდა და მატერიალურ პრობლემებს განიცდიდა, შეიძლება პრომოუტერის როლის მოირგოს.

ახალ კომპანიას Iron Mike Promotions ჰქვია და მისი პირველი კლიენტი გახდა 20 წლის ალბერტ ბელი, რომელსაც გასულ უქმეებზე ჰქონდა დებიუტი პროფესიულ რინგზე და დაამარცხა ასევე გამოუცდელი ჰაროლდ ტორესი.
ტაისონის ბიზნეს-პარტნიორი გახლავთ Acquinity Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი გერ
ი ტომასი, ფორმალურად კი პრომოუტერული კომპანიის ხელმძღვანელი იქნება ჰენრი რივალტა.

"ჩემი პირველი მებრძოლია - ალბერტ ბელი.
ჩვენ სერიოზული შერჩევა ჩავატარეთ პრეტენდენტებს შორის და ამ ბიჭმა ყველა გამოცდას გაუძლო. ამიერიდან, ის ჩვენი გუნდის ნაწილია"
, - განაცხადა კმაყოფილმა ტაისონმა.

დევიდ ჰეიმ მეტოქე შეარჩია
ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსნის დევიდ ჰეის შემდეგი მეტოქე იქნება მისი თანამემამულე ტაისონ ფიური. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება. ვარაუდობენ, რომ მხარეები ბრძოლის კონტრაქტზე ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ.

შეხვედრა 28 სექტემბერს, ქალაქ მანჩესტერში უნდა გაიმართოს. ბრძოლაში მონაწილეობისთვის მოკრივეები ხუთ-ხუთ მილიონ დოლარს მიიღებენ. უფრო ადრე, თავად ფიურიმ განაცხადა, რომ საერთო ჰონორარის 80 პროცენტის მიღება სურდა.

ჰეისთვის ეს იქნება პირველი ბრძოლა კარიერის განახლების შემდეგ. ბრიტანელმა რინგზე დაბრუნების შესახებ 2013 წლის მარტში გამოაცხადა. 29 ივნისს, ჰეი უნდა შეხვედროდა გერმანელ მანუელ ჩარს, მაგრამ უარი განაცხადა ბრძოლაზე ხელის ტრავმის გამო.

The Sun წერს, რომ დევიდი იძულებული გახდა ჩარისთვის 100 ათასი ფუნტი გადაეხადა - სწორედ ეს თანხა დაუჯდა ბრიტანელს ბრძოლის გაუქმება. ასევე ორივე მოკრივემ მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ მომავალში აუცილებლად ავლენ ერთმანეთის წინააღმდეგ რინგზე.

ბოლო ბრძოლა ჰეიმ 2012 წლის ივლისში ჩაატარა, როცა თანამემამულე დერეკ ჩისორა დაამარცხა. იმ მომენტისთვის არც ერთ მოკრივეს არ გააჩნდა საკრივო ლიცენზია და ლუქსემბურგის კრივის ფედერაციამ მისცა ბრძოლაზე თანხმობა. სულ, პროფესიულ რინგზე 32 წლის ჰეიმ 28 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 26 და ორჯერ დამარცხდა.

25 წლის ფიურის ანგარიშზე 21-დან 21 მოგებაა (15 - ნოკაუტით).

სერხიო მეივეზერს უმიზნებს
საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონი, 38 წლის არგენტინელი სერხიო მარტინესი კვლავაც აღდგენით პროცესს გადის აპრილში, მარტინ მიურეისთან ბრძოლის დროს მიღებული ტრავმების შემდეგ. ის 2014 წლის დასაწყისში აპირებს რინგზე დაბრუნებას და სურს თავის წონაში საუკეთესო მოკრივეს შეხვდეს. ვარიანტი, რომელიც მარტინესს ყველაზე მეტად აინტერესებს - ეს არის ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და პირველ საშუალო წონაში WBA/WBC-ის ჩემპიონს, მექსიკელ საულ ალვარესს შორის ბრძოლაში გამარჯვებული.

"ჩემთვის ეს არის ძალიან კარგი ვარიანტი, - ამბობს მარტინესი. - ფლოიდი - მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეა, ხოლო ალვარესი, მოგების შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. ჩემი პრინციპია - საუკეთესოებთან ჩხუბი. მე მზად ვიქნები მათ შორის მოგებულთან შესახვედრად. რაც შეეხება მათ ბრძოლას, ეს იქნება ძალიან რთული შეხვედრა. ფლოიდს გააჩნია გამოცდილება, მაგრამ მექსიკელის ჩამოწერა არ შეიძლება. ამერიკელი, შესაძლოა, ფავორიტია, მაგრამ დიდი უპირატესობა არ აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალე დიდი კრივის თარიღი დასახელდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული