მეივეზერი-პაკიაო - საუკუნის ბრძოლა უსისხლოდ დასრულდა

AutoSharing Option
ფლოიდ მეივეზერმა "საუკუნის ბრძოლაში" ქულებით დაამარცხა მენი პაკიაო და კვლავაც წაუგებელია პროფესიულ რინგზე (48-დან 48 მოგება).

ლას ვეგასის რინგზე ყველაფერი ძალიან მარტივად იყო - მეივეზერი დასაწყისიდან ბოლომდე აკონტროლებდა ბრძოლას, საფირმო სტილში არ რისკავდა, არ თამაშობდა პუბლიკაზე და შეხვედრის საკმაოდ მშვიდი მსვლელობით დამაჯერებლად მოიგო...

ფლოიდ მეივეზერი კარიერის დასაწყისიდანვე ამჯობინებდა ბრძოლის წარმართვის პრაგმატულ მანერას. ამერიკელი არასოდეს ყვებოდა მეტოქეს დარტყმების გაცვლაში. მისი სტიქიაა - შესაშური რეაქცია, გადაადგილების სისწრაფე და გაუვალი დაცვა. რაც უფრო ასაკში შედიოდა, მით უფრო ბრძენი მებრძოლი ხდებოდა და თავის ორთაბრძოლებს
სწორედ გონებით იგებდა.

რაც შეეხება მენი პაკიაოს, ფილიპინელს ღია ბრძოლა უყვარს და მოგებას პატიოსან ბრძოლაში ამჯობინებს. სწორედ ამაზე ითამაშა მეივეზერმა და ყოველ ჯერზე იჭერდა მენის შემხვედრი დარტყმით.

თვალში საცემი იყო ის, რომ მენი ამ ბრძოლაზე პრაქტიკულად მოქმედების გეგმის გარეშე გავიდა. თითქოს მისთვის მთავარი იყო ჩხუბის გაჩაღება და შემდეგ გამოჩნდებოდა ყველაფერი. მეტოქისგან განსხვავებით, ფლოიდმა შესანიშნავად იცოდა, რა მომენტში რა უნდა გაეკეთებინა და მისმა გუნდმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, იმ დროს, როცა პაკიაომ და მისმა შტაბმა საშინაო დავალებას თავი ვერ გაართვეს.

ფილიპინელი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ მისი საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით მეივეზერი მხოლოდ ახლა დათანხმდა მასთან ბრძოლას. პაკმენი, რომელიც ახლა 36 წლისაა, ისე სწრაფი აღარ არის, რაც 38 წლის ამერიკელს ძალიან აწყობდა. 12 რაუნდის განმავლობაში პაკიაომ ერთხელაც ვერ გადაურბინა მეტოქეს - იმდენად სწრაფი იყო ამერიკელი. ბრძოლის ბოლოს, ხელებდაშვებულმა მეივეზერმა "წაიცეკვა" კიდეც, რითაც კიდევ უფრო გააღიზიანა მაყურებელი, რომელიც ისედაც არ გამოირჩეოდა თანამემამულის მიმართ სიმპათიით.

პაკიაო მეივეზერზე ორი წლით ახალგაზრდაა, მაგრამ, ამასთან, პროფესიულ რინგზე 17 ბრძოლით მეტი გამართა. კარიერის დასაწყისში ფილიპინელი ნებისმიერ წინადადებას თანხმდებოდა და ახლა, ის გამოწურული ლიმონივითაა.

ფლოიდი კი ამ პროცესში უფრო დაკვირვებული იყო. გასაკვირი არ არის, რომ ბოლო დროს პაკიაომ სერიოზულად დათმო ფიზიკური მომზადების მხრივ. ფილიპინელი ძალიან დაიღალა, ამერიკელი კი ბოლომდე სავსე იყო ენერგიით და ყველა შანსი ჰქონდა ბოლო მოეღო მეტოქისთვის მერვე ან მეცხრე რაუნდში, მაგრამ ღირსება შეუნარჩუნა მენის.

ბრძოლის შემდეგ
საბოლოო ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ მენი პაკიაო გაკვირვებული დარჩა მსაჯების შეფასებებით.

"კარგი ბრძოლა იყო და მეგონა, რომ მე მოვიგე. მეივეზერს არაფერი გაუკეთებია გამარჯვებისთვის. გაკვირვებული დავრჩი მსაჯების გადაწყვეტილებით", - განაცხადა მენიმ. მანვე დაამატა, რომ თურმე ტრავმირებული მხარით გავიდა რინგზე:

"მესამე რაუნდში ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ მაინც გავაგრძელე ბრძოლა, რადგან ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია".

ფლოიდ მეივეზერმა კომპლიმენტები არ დაიშურა მეტოქის მიმართ, გარდა ამისა, დაადასტურა, რომ კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს პროფესიულ რინგზე და შემდეგ წავა სპორტიდან:

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთსა და ჩემს ფანებს გამარჯვებისთვის. მენი პაკიაო ძალიან ძლიერი მოკრივეა და ახლა მესმის, რატომ იმყოფება ის კრივის მწვერვალზე. ჭკვიანი მოკრივე ვარ და ვაჯობე მას. ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა.

ჩემი ბოლო ბრძოლა სექტემბერში გაიმართება, შემდეგ კი კრივს თავს დავანებებ. თითქმის 40 წლის ვარ. ამ სპორტში 19 წლის განმავლობაში ვიყავი, აქედან 18 წელი - ჩემპიონის რანგში".


ბრძოლის ქრონოლოგია
რაუნდი 1
მეივეზერი ცდილობს დისტანციაზე ჰყავდეს მეტოქე და იშვიათად რთავს საქმეში მარჯვენა ხელს. პაკიაო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ფლოიდთან მიახლოებას. მეივეზერი გაურბის ფილიპინელის შეტევებს და რაუნდის ბოლოს კლინჩში შედის.

რაუნდი 2
პაკიაო გააქტიურდა და მეტოქე კუთხეში მიიმწყვდია. მეივეზერი ბრწყინვალე რეაქციის წყალობით იცილებს დარტყმებს. მენი მეორედ "აფეთქდა" და ისევ ვერ მოარტყა ძალიან მოქნილ მოწინააღმდეგეს. ფლოიდი ხელებს ქვემოთ უშვებს და მეტოქეს იწვევს. ამერიკელი კონტრშეტევებზე აგრძელებს მოქმედებას.

რაუნდი 3
პაკიაო ისევ წინ მიდის, მაგრამ ისევ არ გამოსდის მეტოქის კუთხეში მიმწყვდევა. ფლოიდი რამდენჯერმე კლინჩში შევიდა. პაკიაო ვერ ახერხებს მეივეზერის დაცვის გარღვევას და თავად კინაღამ სახიფათო დარტყმის მსხვერპლი ხდება. ამერიკელმა რაუნდი ორმაგი შემხვედრი დარტყმით დაასრულა.

რაუნდი 4
პაკიაო აგრძელებს დარტყმების სერიებს, მაგრამ მეივეზერი ყოველ მოქმედებაში ერთი ნაბიჯით ასწრებს მას და ახერხებს ყველა შეტევისგან გაქცევას. ამერიკელი იშვიათად პასუხობს მეტოქეს და ისევ კარგად იცავს თავს პაკიაოს მორიგი სერიის შემდეგ. რაუნდის ბოლოს მეივეზერმა კვლავ ზუსტად მოახვედრა შემხვედრი მარჯვენა დარტყმა.

რაუნდი 5
მეივეზერმა ჯებით დაიჭირა მეტოქე, შემდეგ შეტევაზე გადავიდა და მარჯვენაც მოახვედრა მიზანში. პაკიაო ამ რაუნდში პაუზას იღებს და უარს ამბობს სწრაფ იერიშებზე, მაგრამ ვერც ტაქტიკურად ახერხებს მეტოქის დაჯაბვნას და დაბნეული ჩანს.

რაუნდი 6
პაკიაო აგრძელებს ერთჯერადი დარტყმების გატარებას და აგებს ბრძოლას. მისი სისწრაფე ამერიკელისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს. მეივეზერი არ აძლევს ფილიპინელს საშუალებას ბაგირებზე მიიმწყვდიოს ამერიკელი და განახორციელოს ზუსტი და ძლიერი დარტყმა. პაკიაო მაინც ახერხებს კუთხეში რამდენიმე დარტყმას, მაგრამ ფლოიდი მშვიდად იცავს თავს. ის თამაშობს, სანამ მეტოქე ძალებს ხარჯავს.

რაუნდი 7
მეივეზერი თავად წავიდა წინ და ორი კარგი დარტყმაც გამოუვიდა მარჯვნიდან. პაკაიო ცდილობს ჯებით დაიცვას თავი, მაგრამ მაინც მეტოქეზე მეტ დარტყმას ატარებს.

რაუნდი 8
პაკიაო ახერხებს რაუნდის დასაწყისში მარცხენათი მიზანში მორტყმას და ამით გამხნევებული, წარმატების განვრცობას ცდილობს, მაგრამ მეივეზერი შესანიშნავად იცავს თავს კორპუსით და აგრძელებს თავის წარმატებულ თამაშს. ფილიპინელი აშკარად ტემპს კარგავს და სულ უფრო უმძიმს თავისთვის მოსახერხებელი დისტანციის შერჩევა.

რაუნდი 9
პაკიაომ ორჯერ მიარტყა მეივეზერს მარცხენათი, მაგრამ არ შეუძლია დისტანციის შემცირება. მეივეზერი დამაჯერებლად გამოიყურება, ისვრის ჯებს და აგრძელებს მეტოქის გამოწვევას. ის კვლავ კარგად ხვდება მენის მარჯვენათი და აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენიც საკმარისია მეტოქის შესაჩერებლად.

რაუნდი 10
ბრძოლის ტემპი ეცემა და დარბაზში უკმაყოფილო პუბლიკის ხმაური ისმის. "საუკუნის ბრძოლისთვის" რინგზე ძალიან ცოტა რამ ხდება. პაკიაო ვერ ახერხებს ბრძოლის სურათის შეცვლას, მეივეზერს კი სავსებით აწყობს შეხვედრის მსვლელობა. ის უგებს მოწინააღმდეგეს და არ სურს რისკზე წასვლა. ფილიპინელის "აფეთქებები" სულ უფრო იშვიათია და ის თანდათან ეგუება ბრძოლის მოსალოდნელ საბოლოო შედეგს.

რაუნდი 11
მეივეზერი მიზანში ურტყამს შემხვედრ მარჯვენა აპერკოტს, მაგრამ არ აპირებს მოვლენათა ფორსირებას. მენი ვერ ახერხებს მიზანში მორტყმას რინგის კუთხეშიც კი. აშკარად ჩანს სხვაობა მეტოქეთა ხელების სიგრძეში - მეივეზერი იგებს ბრძოლას ჯებების წყარობით, პაკიაო კი რაუნდის ბოლოს არც კი ცდილობს შტურმზე წასვლას.

რაუნდი 12
მეივეზერი არ ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას შეტევაში და ყოველგვარი რისკის გარეშე აგრძელებს თავისი წარმატებული ტაქტიკის გამოყენებას. პაკიაოს მხრიდან არ ჩანს არც ახალი სვლები და არც შტურმის მოწყობის მცდელობა. მეივეზერი ურტყამს კლინჩიდან გამოსვლისას, აჩერებს მეტოქის შეტევას ჯებით და აგრძელებს იერიშებისგან იოლად თავის დაღწევას. მარჯვენა ხელის ზემოთ აწევით, ის უკვე აშკარად დასცინის მეტოქეს. პაკიაო გრძნობს, რომ ბრძოლა წაგებულია. უბრალოდ უნდა გავიგოთ - რა ანგარიშით.

***
მაშ ასე, 118:110, 116:112 და 116:112 - სამივე მსაჯი უპირატესობას მეივეზერს აძლევს, რომელიც სარეკორდო ჰონორარის გარდა, WBA-ის, WBC-სა და WBO-ის საჩემპიონო ქამრებს ისაკუთრებს და საბოლოოდ, ხდება თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივე წონითი კატეგორიის გაუთვალისწინებლად.

მსაჯების ჩანაწერების მიხედვით, ფლოიდმა ორჯერ მეტი ზუსტი დარტყმა შეასრულა. ამერიკელის 435 შეტევიდან 148-მ მიაღწია მიზანს. თავის მხრივ, პაკიაომ 429 დარტყმა "გაისროლა", რომელთაგანაც ზუსტი მხოლოდ 81 იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ჩხუბი იყო, ცოტა მოსაწყენი საყურებელი. სტატია მაგარია, თუ სხვა მოკრივებზეც იქნება მსგავსი სტატიები კარგი იქნება.
ilia
07:32 04-05-2015
0
პროფესიული კრივი უბრალოდ ტაკიმასხრობა გახდა
datka37
09:56 04-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული