ვლადიმირ კლიჩკოს რეალური საფრთხე

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს მიაჩნია, რომ მისი ახალი მეტოქე, ბრიტანელი ტაისონ ფიური "რეალურ საფრთხეს" წარმოადგენს. ამის შესახებ ჩემპიონმა ESPN-თან კომენტარში განაცხადა.

"ფიური - ძალიან მასიური და მაღალი მოკრივეა. ის არის რეალური საფრთხე ნებისმიერი მეტოქისთვის, მათ შორის, ჩემთვის. ბევრი მოუთმენლად ელოდება ამ ბრძოლას, რათა საკუთარი თვალით იხილოს, როგორ მოვახერხებ მასთან გამკლავებას", - განაცხადა კლიჩკომ.

ფიური, რომლის სიმაღლე ორი მეტრი და ექვსი სანტიმეტრია, რვა სანტიმეტრით მაღალია უკრაინელზე, მაგრამ ჩემპიონის თქმით, ეს არ უნდა გახდეს სერიოზული პრობლემა. კლიჩკომ
შეახსენა ყველას, რომ ადრეც შეხვედრია მოკრივეს, რომელიც მას სიმაღლეში აღემატებოდა. ეს იყო პოლონელი მარიუშ ვახი, რომელსაც ვლადიმირმა 2012 წლის ნოემბერში ქულებით მოუგო. მაშინ სიმაღლეში სხვაობა ოთხ სანტიმეტრს შეადგენდა.

მოკრივეების პრომოუტერებმა ბრძოლის ჩატარებაზე შეთანხმებას ორი დღის წინ მიაღწიეს. შეხვედრა 24 ოქტომბერს გაიმართება გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, სადაც კლიჩკოს ადრე სამჯერ უჩხუბია.

26 წლის ბრიტანელი, ჯერჯერობით, დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე - მან 24-დან ყველა შეხვედრა მოიგო, მათ შორის, 18 - ნოკაუტით. 39 წლის კლიჩკოს ანგარიშზე 67 ბრძოლაში 64 მოგება (53 - ნოკაუტით) და სამი წაგება მოდის. უკრაინელი ტიტულს ფლობს WBA-ს, WBO-ს, IBO-სა და IBF-ის ვერსიებით. ფიური პრეტენზიას აცხადებს WBA-ს საჩემპიონო ქამარზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული