ეს ბინძური ილეთი იყო. არ უნდა ვლაპარაკობდე ამას, მაგრამ ეს სიმართლეა. ვფიქრობ, მართლა მინდოდა, ჩემზე ელაპარაკათ, როგორც ბინძურ და სასტიკ მოკრივეზე. როცა ბრძოლის შემდეგ მკითხეს - შეგნებულად ვცდილობდი თუ არა მისთვის ხელის მოტეხვას, ვუპასუხე: "დიახ, ასე იყო".
საწყისი ოთხი რაუნდიდან მხოლოდ პირველი მოვიგე და სწორედ ამ რაუნდში
- ტაისონი შენელებული ფირივითაა, ვერ ახერხებს ზედიზედ ორი დარტყმის შესრულებას. თუ მოკრივე ვერ ურტყამს, ეს დაღლილობის ნიშანია...
ო-ო! არ დამჭირდა ზედიზედ ორი დარტყმის შესრულება. იმ დროს, როცა ფერდი ამ სიტყვებს ამბობდა, მარჯვენა კროსი მოვარტყი ყბაში. ბოტა რინგზე დაეცა. სცადა წამოდგომა, მაგრამ ათ თვლაზე ეს ვერ მოახერხა. შემდეგ ბაგირებს მიენარცხა და ისევ რინგზე გაიშხლართა. ეს არ იყო ლამაზი ბრძოლა, მაგრამ მოვიგე ერთი ძლიერი დარტყმით. ბოტა მოცელილივით დაეცა. "თეთრი ბიზონი" დამარცხებული იყო.
ჩემს გუნდში ინტრიგა წარმოიშვა. შელი და შონი გაერთიანდნენ და ჯეფსა და ირვინგს აუმხედრდნენ. ჯეფი ჯერ ისევ არ იყო მომჯობინებული ოპერაციის შემდეგ, ამასთან, ლოს ანჯელესში მოუწია დაბრუნება, როზანა ბართან ერთად ახალი შოუს მოსაწყობად. ამ მიზეზით თითქმის აღარ იყო დაკავებული ჩემი საქმეებით. ჩემი კარიერა შელის, შონისა და ჯეკი როუს ხელში იყო.
რაც შეეხება მერილენდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 1999 წლის 5 თებერვალს, როკვილში სასამართლოზე გამოვცხადდი. მეცვა მუქი რუხი კოსტიუმი და შავი ჟილეტი. ჩემთან ერთად იყო მონიკა და მინიმუმ 12 ადვოკატი და მრჩეველი. გამოვაცხადე, რომ არ ვაპირებდი ბრალდების გასაჩივრებას - ჩემმა ადვოკატებმა იზრუნეს შეთანხმებაზე, რომელიც ციხის თავიდან აცილების საშუალებას მაძლევდა. ვარაუდობდნენ, რომ უბრალოდ, ჯარიმას გადავიხდიდი, მივიღებდი პირობით სასჯელს და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე გამიშვებდნენ, მაგრამ ისევ სასტიკად მომექცნენ.
ახალი საოლქო პროკურორი დაგ ჰანსლერნი და მისი თანაშემწე კეროლ კროუფორდი სასამართლოში გამოცხადდნენ 11-გვერდიანი დოკუმენტით, რომელშიც ნაცისტ სამხედრო დამნაშავედ ვიყავი გამოყვანილი. კროუფორდი თითქოს ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ზიზღს გრძნობდა. ეს ქალბატონი მოკლე ვარცხნილობით კაცს ჰგავდა და როგორც ჩანს, ჩემზე გადმოიტანა მამაკაცების მიმართ დაგროვილი მთელი მრისხანება. მე მისთვის ექსპონატი ვიყავი.
იმის ნაცვლად, რომ პატიოსნად მოეხადა თავისი ვალი, ამ ორმა მატყუარამ შეაგროვა ყველაფერი, რასაც ჩემი რეპუტაციის შელახვა შეეძლო, მათ შორის, ტედი ატლასის გამონათქვამი იმაზე, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში კასმა გამაფუჭა. მათ წაიკითხეს ჩემი ინტერვიუები, მაგალითად, 1998 წელს "პლეიბოიში" დაბეჭდილი. მაშინ ჟურნალისტ მარკ კრამს ვუთხარი, რომ "ძალიან საზიზღარი იდიოტი" ვარ, რომელსაც შეუძლია "ერთ მშვენიერ დღეს აფეთქდეს". მათ თავად კრამის სიტყვებიც მოიშველიეს - რომ მე ვარ "ყველაზე ამოუცნობი ფიგურა სპორტში", ვისაც აქამდე შეხვედრია.
- საგულისხმოა ის, რომ ეს კომენტარი ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც, თავის დროზე ხვდებოდა ყოფილ დამნაშავეს, ყველას მიერ სასტიკად გაკიცხულ კრივის ლეგენდას, სონი ლისტონს, ვინც ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. უცნაური დამთხვევით, ეს კომენტარი გაკეთებულია მოპასუხე მოკრივის მისამართით, რომელიც ძალიან ჰგავს ლისტონს, - დაწერეს ჰანსლერნმა და კროუფორდმა განაჩენის გამოსატან იურიდიულ დასკვნაში.
მათ ისიც კი მოახერხეს, რომ თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს ჩემს ფსიქიატრიულ დასკვნას, რომელიც მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფში მომზადდა და თუ დეპრესიას არ ჩავთვლით, მისი მიხედვით, სავსებით ჯანმრთელი ვიყავი.
- შესაძლოა, ამ დასკვნაში ვერ აღმოვაჩინოთ ის, რომ მოპასუხეს რაღაც არ აქვს წესრიგში, მაგრამ მეცნიერებათა დოქტორმა, ფსიქოლოგმა რობერტ ბატერვორტმა, შესაძლოა, სასამართლოსთვის ყველაზე ღირებული აზრი დააფიქსირა. როცა შეისწავლა კრამისთვის მიცემული ინტერვიუ, ბატონმა ბატერფორტმა თქვა: "თუ ის წინასწარ გვამცნობს ყველაფერზე, რის გაკეთებასაც აპირებს, მაშინ იდიოტები უნდა ვიყოთ, რომ ეს ვერ განვჭვრიტოთ". თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გამოგვაქვს პრევენციული სასჯელი. შესაბამისი განაჩენის გამოტანისას, სასამართლოს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ბრალდებულის და აგრეთვე, საზოგადოების უსაფრთხოება. მოპასუხე - სხვა არაფერია, გარდა "ნელი მოქმედების ბომბისა", რომელიც ჩადებულია ჩვენი სახლის უკანა ეზოში.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? ეს სტალინის რუსეთია? ეს ორი მატყუარა იყენებდა ინტერვიუს, რომელშიც, უბრალოდ, ემოციებისგან დავიცალე; აგრეთვე, დიაგნოზს დოქტორ ბატერვორტისგან, რომელსაც არასოდეს ვუნახივარ და რომელსაც უნდოდა ჩემი ციხეში ჩასმა იქამდე, სანამ ეს "ნელი მოქმედების ბომბი" აფეთქდებოდა.
იოლი მისახვედრია, რომ ამ ადამიანებმა დაშვებულ ზღვარს გადააჭარბეს და ჩემი სიტყვები დაამახინჯეს, მაგრამ ეს არავის აღელვებდა - ცხადი იყო, ყველა ფიქრობდა, რომ მე ეს დავიმსახურე.
- მართალია, ჩვენს სახელმწიფოში არ გამოგვაქვს პრევენციული სასჯელი (მაგრამ ეს სწორედ ის იყო, რასაც ისინი ბოლომდე აწვებოდნენ), მაგრამ თავისუფლების აღკვეთას ორმაგი მიზანი ექნებოდა: დასჯა და შეშინება. ჩვენი იურისდიქციის ხარისხიანი პროგრამების წყალობით, რეაბილიტაცია შეიძლება დაიწყოს უკვე პატიმრობის დროს და გაგრძელდეს გამოსაცდელი ვადის პერიოდში. თუ გავითვალისწინებთ მოპასუხის უარს პასუხისმგებლობაზე, მის გამომწვევ მოქმედებას, მის შენიშვნას საკუთარ ხასიათზე და წინასწარმეტყველებას მომავალ საქციელზე, რეაბილიტაციის მიზანი, შესაძლოა, არასოდეს იქნას მიღწეული. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სასჯელის მოხდის პერიოდში, ფართო საზოგადოება დაცული იქნება პოტენციური ძალადობისგან.
მოსამართლე ჯონსონი დაეთანხმა. მან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა, დაუმატა ერთი წელი პირობითი სასჯელი, ჯარიმა 5 ათასი დოლარის ოდენობით, ორი წელი გამოსაცდელი ვადა და 2 ათასი საათი საზოგადოებრივი შრომა. მან, აგრეთვე, უარი თქვა იჯარით დროებით გათავისუფლებაზე განაჩენის გაპროტესტების შემთხვევაში.
ხალხით სავსე სასამართლო დარბაზში გაოცების ტალღამ გადაიარა. მე თავად ვიყავი გაოგნებული. მონიკას ისტერიკული ტირილი აუვარდა. ხელბორკილები დამადეს და პირდაპირ ციხეში მიკრეს თავი.
ჰანსლერნმა მიიღო თავისი 15 წუთი დიდება. სინამდვილეში, ყველა აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ ციხეში მიშვებდნენ, რადგან ერთი წლით ადრე შეთანხმებას მივაღწიეთ შტატის წინა პროკურორთან იმაზე, რომ პატიმრობა არ დამემუქრებოდა.
- ნებისმიერი პროკურორი ჩემსავით მოიქცეოდა, - უთხრა ჰანსლერნმა სააგენტო "ასოშეიტედ პრესს". - ხოლო რასაც ლაპარაკობენ, დაე, ილაპარაკონ.
ჩამაგდეს ციხის მეორე კორპუსის კამერაში, რომლის ზომები იყო ხუთნახევარი რვა ფუტზე. მათი ჩანაფიქრით, ასეთი ზომის კამერა უსაფრთხოების დაცვის გარანტია იყო. ეს ნიშნავდა, რომ მოწყვეტილი ვიქნებოდი დანარჩენ პატიმრებს - ძირითადად, თეთრ ბიჭებს მონტგომერის ოლქის პრივილეგირებული ოჯახებიდან. ჩემს ბლოკში სულ რამდენიმე ადამიანი იყო - ან ძალიან სუსტები, ან ძალიან აგრესიულები. ვითხოვდი საერთო კორპუსში გადაყვანას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იქ ყოფნა საკუთარი პრივილეგიების გამოსაყენებლად. ასე ვიყავი აღზრდილი. ამის ნაცვლად, მომათავსეს იზოლატორში, გარშემო მცველები დამიყენეს, რომლებიც ფოტოებს მიღებდნენ და შემდეგ სურათებს გაზეთებში ყიდდნენ.
იქ ორი კვირა დავყავი, შემდეგ კარცერში გამიშვეს. ეს მაშინ დაიწყო, როცა ჩემ გასასინჯად ციხის ფსიქოთერაპევტი გამომეცხადა. ვიცნობდი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქიატრს, დოქტორ გოლდბერგს. ამიტომაც ამ იდიოტთან ლაპარაკიც არ მოვისურვე. მან გაანახევრა ზოლოფტის ყოველდღიური დოზა. აბები მომიტანეს, რომელიც სხვანაირად გამოიყურებოდა და უარი ვთქვი მათ მიღებაზე. ორი დღის შემდეგ ტელეფონით ვლაპარაკობდი საერთო ოთახში, როცა ერთი სადისტი მცველი მომიახლოვდა და შუა საუბრის დროს ტელეფონი დამიკიდა. ციხეში სხვა ადამიანად ვიქცეოდი: უფრო მეტად ბრაზიანი, ვიდრე სახლში. ნებისმიერი წვრილმანი - და შეიძლებოდა ავფეთქებულიყავი და ხმაური ამეტეხა.
წყობიდან გამოვედი. მეტალის კრონშტეინს ტელევიზორი მოვაძრე და ძირს დავანარცხე, შემდეგ ისევ ავიღე და კამერის გისოსს ვესროლე. გისოსის მეორე მხარეს, ამ ყველაფერს ციხის უფროსი და ორი მცველი აკვირდებოდნენ. პლასტმასის პატარა ნატეხი ერთ-ერთ მცველს მოხვდა. მაშინვე გადამიყვანეს მკაცრ იზოლაციაში. დღე-ღამეში 23 საათი ჩაკეტილი ვიყავი, არ მაძლევდნენ სასადილოში პროდუქტების შეძენის უფლებას, ამიკრძალეს მნახველების მიღება და ტელეფონით ლაპარაკი. გამონაკლისს შეადგენდნენ მხოლოდ ჩემი ადვოკატები და ექიმები. დოქტორმა გოლდბერგმა მომდევნო საღამოს მინახულა და დამიბრუნა ზოლოფტის მორიგი პორცია.
ტელევიზორის ინციდენტის შემდეგ ციხის ადმინისტრაციამ დამადანაშაულა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, ხულიგნობაში, ქონების განადგურებასა და აღმასრულებელი დაწესებულების თანამშრომლის მიმართ ძალადობაში, რაც პლასტმასის პატარა ნატეხის მოხვედრაში გამოიხატებოდა. კარცერში ჩამაგდეს და ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებდა.
საკუთარ თავს გერმანელ პოლიტპატიმრებს ვადარებდი ფილმიდან "ბაადერ-მაინჰოფის კომპლექსი", რომლებიც ციხეში მოხვედრის შემდეგ ჭკუიდან გადადიოდნენ. მათ შეეძლოთ მცველების მოკვლა, თვითმკვლელობაც. თავზე ესპანური ბენდანა გავიკეთე, შიშველი უკანალით დავდიოდი და სხვადასხვა ნივთს ვესროდი მცველებს.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"