ქართველთაგან საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდნენ მერაბ თურქაძე (ქუთაისი, 56 კგ), ბადრი წიფურია (ფოთი, 60), გიორგი დოლიაშვილი (გორი, 64), გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი, 69) და გიორგი გიორგაძე (თბილისი, 75). მათგან გიორგი წიფურიამ ფინალში ირანელი რეზა კალანტარი დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
მერაბ თურქაძემ ნახევარფინალში უკრაინელ ვლადისლავ ვეტოჩკინს აჯობა, გადამწყვეტ პაექრობაში კი ტრავმა მიიღო, მე-2 რაუნდში ორთაბრძოლა შეწყვიტა და მეორე ადგილს დასჯერდა. გიორგი გიორგაძემ ნახევარფინალში დავიდ ტიფლისკი (ისრაელი) ჩამოიშორა
რაც შეეხება საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრებს, უკრაინულ კრივოი როგში იმყოფება და მასპინძლებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას ატარებს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის - დავით წიკლაურის ხელმძღვანელობით (მწვრთნელები - თემურ ოჩიგავა, ზურაბ გუნია, ბექა ლობჟანიძე), ჩვენი გუნდი უკრაინაში ოსტატობას ასეთი შემადგენლობით იმაღლებს: ნოდარ დარბაიძე (ჭიათურა, 49 კგ), ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი, 52), სევერიან ჭილაძე (თბილისი, 56), ოთარ ერანოსიანი (ახალქალაქი, 60), გელა აბაშიძე (ბათუმი, 69), ჯემალ შალამბერიძე (ქუთაისი, 69), კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი, 75), ნიკოლოზ სეხნიაშვილი (გორი, 81), იაგო კიზირია (ფოთი, 81), ლევან გულედანი (თბილისი, 91), მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91).
ისინი რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადებიან. პირველი ასეთი შეჯიბრება 8 აპრილიდან თურქულ სამსუნში გაიმართება. მეორე ტურნირს ივნისის შუა რიცხვებში ბაქო უმასპინძლებს.
დავით წიკლაურს კრივოი როგში შევეხმიანეთ.
- საწვრთნელი შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, - გვითხრა მან. - ბიჭები მონდომებით ვარჯიშობენ, თუმცა გვაქვს ერთი დანაკარგიც - ორი დღის წინ სევერიან ჭილაძემ ტრავმა მიიღო და სამსუნის სალიცენზიო ტურნირზე მისი წასვლა გამოირიცხა.
თურქულ ბატალიებზე 56 კილოში მონაწილე არ გვეყოლება, რადგან ბაქოში ასპარეზობისას მერაბ თურქაძემაც ტრავმა მიიღო.
- მაინც რამდენი მოკრივით აპირებთ თურქულ რინგზე გამოსვლას?
- ალბათ, ხუთ წონაში მოვსინჯავთ ძალებს. აქედანვე ცნობილია, რომ ოლიმპიური ლიცენზიისთვის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი ოთარ ერანოსიანი და კონტინენტის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანი მიხეილ ბახტიძე იბრძოლებენ. მათ ნაკრებში მოსახვედრად, უბრალოდ, კონკურენტები არ ჰყავთ.
69 კილოში კანდიდატები არიან გელა აბაშიძე და ჯემალ შალამბერიძე, 81-ში - ნიკოლოზ სეხნიაშვილი და იაგო კიზირია.
17-18 მარტს კრივოი როგში უკრაინისა და მოლდოვის მოკრივეებთან ამხანაგური შეხვედრები გვექნება. ნაკრების კანდიდატებს ამ პაექრობებშიც დავაკვირდებით. სამსუნში წამსვლელთა ვინაობა 24 მარტისთვის გვეცოდინება, როცა თბილისში ბოლო საწვრთნელ შეკრებას დავიწყებთ. 7 აპრილს კი თურქეთს მივაშურებთ.
- ბაქოს ტურნირის მონაწილეებს თუ ექნებათ სალიცენზიო ტურნირებზე მოხვედრის შანსი?
- ისინი ახალგაზრდები არიან, ახლახან გადმოვიდნენ უფროსებში. ამ ბიჭებს უფრო მომავალი შეჯიბრებებისთვის ვამზადებთ, რათა მომდევნო ოთხ წელიწადში დაიმკვიდრონ ნაკრებში ადგილი.
ამჟამად სალიცენზიო ტურნირებზე უფრო გამოცდილ სპორტსმენებს ვენდობით და ვიმედოვნებთ, რომ რიოს ოლიმპიადა უჩვენოდ არ ჩაივლის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"