დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
თავი XIII
ნიუ იორკამდე მთელი გზა ვნერვიულობდი. ჯერ ისევ კაიფის ქვეშ ვიყავი კოკაინის ბოლო პორციისგან, რომელიც იამაიკაში მივიღე. ჩვეულებრივ, სამეფო პატივით, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე გავდიოდი საბაჟო კონტროლს, მაგრამ, ამჯერად, ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლები დამხვდნენ. ძალიან მონდომებულნი იყვნენ და თავი მომაბეზრეს.

- რას აკეთებდით კუბაში? - მკითხა ერთ-ერთმა.

საიდან იცოდნენ, რომ კუბაში ვიყავი? ჩემს პასპორტში ამაზე არანაირი აღნიშვნა არ ყოფილა. შემდეგ გამახსენდა სასტუმროს ჰოლში პაპარაცებთან ბრძოლა, რაზეც ახალ ამბებში ილაპარაკეს.

- იქ ახალ წელს ვისვენებდი, - ვუპასუხე მე.
- ანუ გადაწყვიტეთ, რომ ასე
უბრალოდ, ერთი დღით გაემგზავრეთ კუბაზე საახალწლო არდადეგებზე და არ მიაქციეთ ყურადღება მოქმედ კანონებს, რომელიც კრძალავს იქ მგზავრობას, - თქვა ჩინოვნიკმა.

- იქ იამაიკიდან გადავედი, - ვთქვი მე, თითქოს ეს პრობლემას წყვეტდა.
- ამერიკულ ფულს ხარჯავდით? - მკითხა მან.

- კუბური ფული მქონდა, მაგრამ მას არავინ ცნობს. იქ მხოლოდ ამერიკული დოლარები უყვართ, - ვუპასუხე მე. მართლაც ვიყიდე კუბური ფული და მეგონა, რომ გამომადგებოდა, მაგრამ ანკესზე წამოვეგე.

ეს არ იყო საუკეთესო მომენტი იმისთვის, რომ კუბაზე ყოფნის გამო ფედერალურ სამსახურს დავაკავებინე. ჯორჯ ბუში ახალი არჩეული იყო. მან განაცხადა, რომ კასტროს მთავრობასთან ყველანაირ ურთიერთობას კრძალავს.

გადავწყვიტე, რელიგიურ მომენტზე მეთამაშა.

- მე აქ დამაკავეს იმის გამო, რომ მუსულმანი ვარ? - დავსვი შეკითხვა იმ ადამიანის ტონით, რომელიც დაკითხვას აწარმოებდა. - აქ რელიგია არაფერ შუაშია. უბრალოდ, დროის კარგად გატარება მინდოდა, ძმაო.

ყველას გაეცინა. როგორც კი გარშემო მყოფებში სიცილს ვიწვევ, მაშინვე მასხარას ვემსგავსები. ასე რომ, ერთი-ორი საჯამბაზო ნომერი ვუჩვენე და მითხრეს: "გაიარეთ, შეგიძლიათ წახვიდეთ".

შტატებში დაბრუნებული, ჯერ ისევ სუსტი ვიყავი, წონა დაკარგული მქონდა. ამიტომაც, პირველი, რაც გავაკეთე, ექიმთან მიღებაზე ჩავეწერე. ზუსტად ვიცოდი, რომ შიდსი მქონდა. გამოსათხოვებლად მეგობრებს დავურეკე. მონაკასაც შევეხმიანე და ვუთხარი, რომ შიდსი მაქვს და მალე მოვკვდები. მე მგონი, არ იყო გონივრული ნაბიჯი.

ესპანელ ექიმთან წავედი, რომელმაც შიდსზე ტესტი ჩამიტარა. შედეგი უარყოფითი იყო.

- არა, ექიმო, ნამდვილად მაქვს. ტესტი არასწორად ჩაატარეთ. სხვა ექიმმა შემამოწმოს, - ვთხოვე მას. სიცილი დაიწყო.

- მაიკ, თქვენ არ გაქვთ შიდსი, - მითხრა მან.
- ვიღაცამ ფული გადაგიხადათ ასეთი პასუხისთვის? - ვკითხე მე. როგორც იქნა დამარწმუნა, რომ შიდსი არ მქონდა.

სადარდებელი აღარაფერი მქონდა. რამდენიმე თვეში დიდი ბრძოლა მელოდა ლენოქს ლუისთან სუპერმძიმე წონაში ჩემპიონის ტიტულისთვის, მე კი იამაიკასა და კუბაზე სექსი მქონდა და არათუ არ ვვარჯიშობდი, უბრალოდ, უკანასკნელი ნარკომანის ცხოვრებას ვეწეოდი. როგორც ჩანს, საბოლოოდ შევიშალე.

კუბაზე მგზავრობის შედეგებმა მოგვიანებით იჩინა თავი. დეროუ სერიოზულად იყო შეშფოთებული იმით, რომ ბუშის ადმინისტრაცია, სხვების დასანახად, ჩემს სამაგალითო დასჯას შეეცდებოდა. დეროუმ საინფორმაციო წერილი გაუგზავნა საკრივო სამყაროში ჩემს პარტნიორებსა და იურიდიულ გუნდს:

"როგორც იცით, მაიკმა კუბაზე იმგზავრა და იქ ყოფნისას თავს დაესხა კუბელ ჟურნალისტს. ნაკლებად ვარ შეშფოთებული აღნიშნული თავდასხმის გამო (კუბა-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობიდან გამომდინარე, არ მგონია, კუბის მთავრობამ მაიკის გადაცემას მოითხოვოს).

უფრო ის ფაქტია შემაშფოთებელი, რომ კუბურ-ამერიკულმა ეროვნულმა ფონდმა (1981 წელს, აშშ-ის ტერიტორიაზე კუბური ანტიკომუნისტური ოპოზიციის მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს აშშ-ის მხრიდან კუბის იზოლაციას) აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მაიკის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა.

რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად სერიოზულად არის დაინტერესებული ბუშის ადმინისტრაცია ამ საკითხით. ნებისმიერ შემთხვევაში, დაჟინებით ვაძლევ მაიკს რეკომენდაციას - თავი შეიკავოს კუბაზე მოგზაურობასთან დაკავშირებით, რაიმე ახალი განცხადებებისგან.

აქედან გამომდინარე, დავუკავშირდი ტომ ფარეის ESPN-დან, რომელსაც მაიკის მგზავრობის ამსახველი მრავალრიცხოვანი ფოტოები თუ გამონათქვამები გააჩნია. მაიკმა თითქოს განაცხადა, რომ იქ ტურისტის რანგში იყო ჩასული, რომ კუბელი ხალხისთვის მხარდაჭერა გამოეხატა.

ჩვენ არ უნდა დავადასტუროთ მაიკის კუბაზე ყოფნის ფაქტი. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ მან არ უნდა მოინახულოს სხვა ქვეყანა ადვოკატთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, თუ მხედველობაში მივიღებთ მისი, როგორც დამნაშავისა და აღრიცხვაზე აყვანილი პირის სტატუსს, რომელმაც სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა".

დეროუ ყოველთვის იცავდა ჩემს ინტერესებს და მისი წყალობით, კუბაზე მგზავრობას ჩემთვის არანაირი ზიანი არ მოუტანია. მაგრამ იქიდან დაბრუნებისთანავე, მონიკამ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. ეჭვი მაქვს, მობეზრდა ჩემი გამოხტომები, რომელიც საკმარისზე მეტი იყო.

ჩვენი კავშირის გამყარებას ხელს ვერ შეუწყობდა ჩემი სატელეფონო ზარი იმაზე, რომ შიდსით ვიყავი ავად. და ის ფაქტიც, რომ ფინიქსელმა სტრიპტიზიორმა ჩემგან ბავშვი გააჩინა. ვერ დავადანაშაულებდი მონიკას. რომელ ქორწინებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როცა შემეძლო ერთი საღამოს განმავლობაში ხუთი სხვადასხვა ქალი მყოლოდა. შემდეგ კი მონიკასთვის ფული გამეგზავნა?! დარწმუნებული არ ვარ, საერთოდ გვიყვარდა თუ არა ერთმანეთი.

შელის, ჩემი მომავალი ბავშვის დედას ფინიქსში, სტრიპტიზ-კლუბში შევხვდი. ძალიან მომეწონა. შელის თავის სახლში იდეალური წესრიგი ჰქონდა და ბევრს აკეთებდა ჩემთვის. შეშლილი იყო კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე, ამიტომაც, როცა სავარჯიშო შეკრებებისას დილაობით დავრბოდი, ის ჩემს გვერდით იყო. გავირბენდი 5 მილს, ის - 10 მილს დარბოდა.

ყოველთვის მიგებდა. ერთხელ, მე და ჩემი თანაშემწე დერილი 15 ფუნტი (6.8 კგ) სიმძიმის ბურთით ვვარჯიშობდით და შელიმაც მიიღო თამაშში მონაწილეობა. ორივემ 250 აგდება გავაკეთეთ, რის შემდეგაც ტკივილი ვიგრძენი და გავჩერდი, მან კი დერილთან მუშაობა გააგრძელა. ამ გამხდარმა წიწილამ, რომელიც 90 ფუნტს (40.8 კგ), დაახლოებით 500 სროლა გააკეთა. ქანცი გამოგვაცალა.

შელი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ჩვენს ურთიერთობებზე. ჰოუპს დაელაპარაკა და მისგან რჩევები მიიღო - როგორ მოეტანა ჩემთვის ბედნიერება. როცა მიგელზე დაფეხმძიმდა, წარმოდგენა არ მქონდა - როგორ უნდა მეზრუნა სხვა ბავშვზე. იმ დროისთვის ნულზე ვიყავი, უამრავი ვალი მქონდა. მეუბნებოდა, რომ აბორტის გაკეთება უნდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
ლენოქს ლუისთან ბრძოლა აპრილისთვის იყო დაგეგმილი, ასე რომ, არც ისე დიდი დრო მრჩებოდა კოკაინისა და მარიხუანას დასავიწყებლად და სერიოზული ვარჯიშების დასაწყებად.

ჯერ ისევ კოკაინის კაიფის ქვეშ ვიყავი, როცა 22 იანვარს, ნიუ იორკში ჩავფრინდი ლენოქსთან ერთად დიდი პრესკონფერენციის მოსაწყობად. "ჰადსონის" თეატრის დიდ სცენაზე ერთმანეთის პირისპირ დაგვაყენეს. Showtime-ის დიქტორმა ჯიმი ლენონმა ორივენი წარგვადგინა. ლუისის გვარის გამოცხადებისას, სრულიად დავკარგე თავი. ვუყურებდი მას და ამ მახინჯისთვის სახეში ხელის გარტყმა მინდოდა.

საკუთარი კვარცხლბეკიდან ჩამოვედი და მივუახლოვდი ისე, რომ თვალი არ მომიშორებია. ეჭვი მაქვს, ლუისი უსიამოვნებებს ელოდა, ამიტომაც, მის გვერდით ათამდე ჩაფსკვნილი მამაკაცი იდგა. და როგორც კი მივუახლოვდი, ისინი წამოიმართნენ. მე სულ რამდენიმე პირადი მცველი მახლდა, აგრეთვე ენტონი და რიკი, ჩემი მწვრთნელი და შელი ფინკელი. ლუისის ბანაკში ჩათვალეს, რომ ამ გიგანტების დანახვისთანავე უკან დავიხევდით.

კვარცხლბეკზე ავედი, რათა ლუისის პირდაპირ დავმდგარიყავი. ერთ-ერთმა მისმა პირადმა მცველმა ხელი მკრა. მას მარცხენა ჰუკი დავარტყი, ლუისმა მე მომიქნია მარჯვენა და მიზანში მოახვედრა. ენტონიმ ლენოქსს უპასუხა და... ნამდვილი ომი გაჩაღდა.

ლენოქსთან ერთად იატაკზე აღმოვჩნდი, მაგრამ ისეთი მაღალი იყო, რომ, დაცემის შემდეგ, არა მისი თავის, არამედ ფეხების გვერდით აღმოვჩნდი. ამიტომაც, ბარძაყზე ვუკბინე. შემდეგ ამტკიცებდა, რომ ჩემი კბილების კვალი კიდევ დიდხანს დარჩა ფეხზე.

გაგვაშველეს და მასთან მიახლოება ვეღარ შევძელი, მაგრამ დავინახე მისი პირადი მცველი, რომელმაც ხელი მკრა. პირდაპირ სახეში შევაფურთხე. მოგვიანებით ენტონი მიყვებოდა, რომ ისეთი გაშმაგებული ვიყავი, ცეცხლსაქრობს ხელი ვტაცე და მას დარტყმით დავემუქრე.

- მაიკ, არ ღირს ჩემთვის ამის დარტყმა, - მითხრა მან. - ყველაფერი წესრიგშია: მე შენ მიყვარხარ, შენ - მე. დაუშვი ცეცხლსაქრობი და დაახვიე აქედან.

მაგრამ, მე ჯერ ჟურნალისტებისთვის მოვაწყვე წარმოდგენა. ხელები ზემოთ ავწიე საკუთარი ბიცეპსების დემონსტრაციისთვის, შემდეგ კი საკუთარ ასოს წავავლე ხელი.

- ჩააცვით მოსათვინიერებელი პერანგი! - დაიყვირა ვიღაცამ.

- დედაშენს ჩააცვი მოსათვინიერებელი პერანგი, თეთრო ღლაპო! მოდი და პირში მითხარი! - დავიყვირე პასუხად. - ნაბიჭვარო! ჩემს შეხებასაც ვერ გარისკავ, რადგან კაცი არ ხარ! ნეხვიანად შეგჭამ, დამპალო! აქ ვერავინ გარისკავს ჩემთან ჩხუბს! ის დამთავრებული ადამიანი იქნება! წადი, შენი!

შელი ფინკელი ჩემს დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ ხელი ავიქნიე.

- მოდი და პირდაპირ მითხარი! ყველას თვალწინ გაგაუპატიურებ! მოდი ძუკნა, საცოდავი მხდალი ხარ! ვერ გაბედავ ჩემთან ჩხუბს! ორ წუთსაც ვერ გაძლებ! შემომხედე! შიშისგან ჩასვრილი ხარ! ნამდვილი მამაკაცის შეგეშინდა! იქამდე გაგჟიმავ, სანამ არ შემიყვარებ!

ასე თავხედურად პასუხის გაცემა კასმა მასწავლა. მაგრამ, დაახლოებით ასევე ლაპარაკობდა დედაჩემი. ჩემნაირად ილანძღებოდა. ახლა, ძალიან ვნანობ, რომ ეს ყველაფერი იმ ჟურნალისტს ვუთხარი. წყობიდან გამოვედი, რადგან იმ მომენტში კაიფში ვიყავი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული