მაგალითად, უკანასკნელად ვიხილეთ რინგზე ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო (58-6-2, 38KO). რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კარიერაში მესამედ ხვდებოდა ამერიკელ ტიმოტი ბრედლის (33-2-1, 13KO) და მეორედ შეძლო მისი დამარცხება.
ფილიპინელმა ძალიან იოლად გაიმარჯვა. მან მეშვიდე და მეცხრე რაუნდებში ნოკდაუნში გაგზავნა მოწინააღმდეგე და ბრძოლის შემდეგ, სამივე მსაჯისგან დიდი უპირატესობა მიიღო: 116:110, 116:110, 116:110.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, ბრედლიმ მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქულებით დაამარცხა პაკიაო, 2014 წელს კი, ასევე ქულებით, მენიმ რევანშის აღება
ბრძოლის შემდეგ, მენი პაკიაომ დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ბრძოლა იყო კარიერაში: "ეს ბრძოლა განსხვავდებოდა წინა ორისგან იმით, რომ უფრო აგრესიული და ეფექტური ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვება იოლად მოვიდა.
ჯერ ისევ შემიძლია მაღალ დონეზე კრივი, მაგრამ გადავწყვიტე დავბრუნდე ფილიპინებზე და დავასრულო პროფესიული კარიერა".
* * *
კიდევ ერთი საინტერესო ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონაში გაიმართა, რომელშიც უნდა გამოვლენილიყო IBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი. ამ ტიტულის მფლობელი, ამერიკელი ჩარლზ მარტინი (23-1-1, 21KO) ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონს, ბრიტანელ ენტონი ჯოშუას (16-0, 16KO) ხვდებოდა.
მხოლოდ რამდენიმე წუთი და ორი დარტყმა დასჭირდა ჯოშუას IBF-ის ქამრის მოსაპოვებლად. 26 წლის ბრიტანელმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო სასტარტო რაუნდი, აქტიურად მოქმედებდა მარჯვენა ხელით, მარტინი კი აშკარად დაკარგული ჩანდა რინგზე. მეორე სამწუთეულში ინგლისელის მარჯვნიდან ზუსტმა დარტყმამ ამერიკელი ნოკდაუნში გაუშვა. ისევ მარჯვენათი მომდევნო გასროლამ კი მეორე ნოკდაუნი მოიტანა.
მართალია, მარტინმა შეძლო წამოდგომა, მაგრამ რეფერიმ გადაწყვიტა, რომ მან ეს ათი წამის შემდეგ გააკეთა და მეორე რაუნდში ენტონი ჯოშუას ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დააფიქსირა.
ასე რომ, ახლა, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ოთხი პრესტიჟული საჩემპიონო ქამრიდან სამს ბრიტანელები ფლობენ - ჯოშუა (IBF) და ტაისონ ფიური (WBA და WBO). WBC-ის ჩემპიონია ამერიკელი დეიონტეი უაილდერი.
ფიური თავის ტიტულებს 9 ივლისს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან მატჩ-რევანში დაიცავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"