დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ბრძოლის ბოლო დღემდე ვიღებდი ნარკოტიკებს. შეხვედრის წინ, 232 ფუნტს (105.2 კგ) ვიწონიდი, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავი.

რინგზე მარტო გავედი, თანმხლები არავინ მყოლია. ერთ-ერთ სეკუნდანტად ჩემი პირადი მცველი რიკი ვაქციე. პირველ რაუნდში უილიამსი შევაზანზარე და თითქმის წავაქციე კიდეც.

მაგრამ ის ძალიან ჭკვიანი მოკრივე იყო: ჩამომეკიდა და რაუნდის ბოლომდე გაძლო. რაუნდის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ, ვიგრძენი, რომ მარცხენა მუხლში რაღაც გაწყდა. მოგვიანებით გავიგე, რომ მენისკი გამიწყდა, ამიტომაც, მეორე რაუნდიდან მოყოლებული, ცალი ფეხით ვჩხუბობდი. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელი ძლიერი
დარტყმის შესრულება, რომელმაც მეტოქე გააბრუა. ამის შემდეგ, აღარ შემეძლო გადაადგილება და დარტყმებისთვის თავის არიდება და მან მონდომებით დაიწყო კორპუსში ჩემი დამუშავება.

მესამე რაუნდში რეფერიმ ორი ქულა ჩამოართვა წელს ქვემოთ და ბრძოლის შემდეგ დარტყმების გამო. მეოთხე რაუნდში ყოველგვარი მოქნილობა დავკარგე და უძრავ სამიზნედ ვიქეცი. მან დარტყმების სეტყვა დამატეხა თავს, მე კი საერთოდ არ შემეძლო მოძრაობა მუხლის გამო. ბოლოს და ბოლოს, მისი მარჯვენა დარტყმის შემდეგ, რინგზე აღმოვჩნდი. ბაგირებთან ვიჯექი და ვაკვირდებოდი, როგორ მითვლიდა რეფერი წამებს. ამ ბრძოლამ გატეხა ჩემი მებრძოლი სული.

ფინისქში შელის სახლში დავბრუნდი. მუხლზე ოპერაცია გამიკეთეს. გარკვეული ხანი სავარძლით ვსარგებლობდი, შემდეგ - ყავარჯნებით. ბუნებრივია, ეს გახდა ნარკოტიკების მიღების მორიგი საბაბი. მომდევნო რამდენიმე თვე ღრმა დეპრესიაში გავატარე, უბრალოდ, ეზოში დავხეტიალობდი და ჩემს ჩიტებთან ვერთობოდი.

ჩემი კარჩაკეტილობა ოქტომბერში დასრულდა, როცა ნიუ იორკში გავემგზავრე - "მედისონ სკვერ გარდენში" ტრინიდადისა (პუერტორიკოელი პროფესიონალი მოკრივე, სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი) და მაიორგას (ნიკარაგუელი პროფესიონალი მოკრივე, ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი) ბრძოლაზე დასასწრებად. იქ ჩემს მეგობართან ზიპთან და ახალ პირად მცველთან ერთად მივედი. როცა დარბაზში ჩვენი ადგილებისკენ მივდიოდით, ყველანი ჭკუიდან შეიშალნენ.

დიდი ხანი არ ვყავდი ნანახი, ამიტომაც მაყურებლები გაგიჟდნენ. პუბლიკა ფეხზე ამდგარი მიკრავდა ტაშს. ზიპი ძმასავით მიყვარს, მაგრამ მას არ ესმოდა, რომ ადამიანები, უბრალოდ, თავიანთ მადლიერებას გამოხატავდნენ. ზიპი კი ძალიან აღელდა.

- ჩვენ დავბრუნდით, მაიკ, ჩვენ დავბრუნდით! - გაუხარდა მას. - შენ მალე სარეკლამო რგოლებში მიგიწვევენ! ფილმებში გადაგიღებენ! გარიგებას დავდებთ წიგნზე, რომელსაც დაიტაცებენ! შენ ყველაფერს გაუძელი, ძმაო! ჩვენ დავბრუნდით!

ბრძოლის შემდეგ, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ კლუბში საღამოზე წავედით. ვიჯექი და ზიპთან ერთად ვსვამდი, როცა მან პირად მცველზე მიმითითა.

- შეგიძლია შეამოწმო შენი პირადი მცველი, - მითხრა მან.

მივბრუნდი და დავინახე, რომ ჩემი ახალი მცველი შამპანურის ბოთლით ხელში თეთრ გოგონას ეცეკვებოდა. კიდევ ცოტა ხანი გავჩერდით იქ, შემდეგ მე, ზიპი და პირადი მცველი გოგონასთან ერთად სასტუმროში დავბრუნდით.

მე და ზიპი ნომერში მარიხუანას ვეწეოდით და მოდუნებას ვცდილობდით, როცა, მოულოდნელად, კარზე დააკაკუნეს. იქ ვიღაც ბიჭი იდგა.

- მაიკ, თქვენი პირადი მცველი ლიფტშია შიშველი უკანალით.
- რა?!

მე და ზიპი ლიფტისკენ გავიქეცით და დავინახეთ ის ჩახდილი შარვლით. შარვალი ავუწიეთ და ნომერში შევათრიეთ, შემდეგ ჩვენს ნომერში დავბრუნდით.

რამდენიმე წუთში პოლიციელები მოვიდნენ. მითხრეს, რომ სათვალთვალო კამერებიდან ინციდენტი სრულად ნახეს. გოგონამ, რომელიც ჩემს პირად მცველთან ერთად იყო, ის გაუპატიურებაში დაადანაშაულა, მაგრამ ჩანაწერში ჩანს, რომ მან სასმელში "მინი ფინი" ჩაუმატა და შემდეგ შარვალი ჩახადა. ქალს გაძარცვა ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომაც, არ უნდა ყოფილიყო არანაირი ბრალდება ან საქმის გახმაურება.

კარი დავკეტე და კიდევ ცოტა მარიხუანა მოვწიე. რამდენიმე წუთში ისევ დააკაკუნეს. გავიხედე და კიდევ ოთხი პოლიციელი დავინახე.

- ეი! გეყოფათ! თავი დამანებეთ! უკვე ველაპარაკე თქვენს ბიჭებს! არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ ველაპარაკე პოლიციელებს! გთხოვთ, თავი დამანებეთ!

ზიპი ძალიან გაწბილებული იყო პირადი მცველის გამო.

- მეგობარო, ჩვენ თითქმის დავბრუნდით, - იმეორებდა ის. - თითქმის დავბრუნდით. ჩვენზე ფილმები უნდა გადაეღოთ, ბრძოლებისთვის კომენტარი უნდა გაგვეკეთებინა. თითქმის დავბრუნდით. მაიკ, ამ სულელმა მცველმაა ყველაფერი გააფუჭა.

ერთი თვის შემდეგ, კიდევ ერთ სკანდალში გავეხვიე. ფინიქსში ვიყავი. იქ სასტუმროში გავჩერდი ჩემს მუდმივ პირად მცველთან რიკისთან ერთად. არიზონაში ჩემმა მეგობრებმა სადღაც წამიყვანეს, რიკი კი სასტუმროში დარჩა. სკოტსდეილში, ბარ "პუსიკეტ ლაუნჯში" წავედით, ბევრი დავლიეთ და კოკაინი დავყნოსეთ. კლუბიდან გამოსულები, ადამიანებს აღარ ვგავდით. ქუჩაზე გადავდიოდით, როცა დავინახეთ მანქანა, რომელიც ძალიან სწრაფად გვიახლოვდებოდა.

- ახლა მანქანას გადავახტები! - ვუთხარი ჩემს ერთ მეგობარს და შუა ქუჩაზე გავჩერდი. მაგრამ მძღოლიც გაჩერდა. კაპოტზე ავხტი, მუხლებზე დავდექი, ხელებზე დავეყრდენი და ყვირილი დავიწყე, თან მანქანის დაზიანებას ვცდილობდი. ავტომობილიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, შეტევაზე გადმოსვლას აპირებდა, მაგრამ მიცნო და უკან, მანქანაში ჩახტა.

მეგობრებმა მანქანიდან ჩამომიყვანეს და მძღოლი დაამშვიდეს. მაგრამ, მეორე დღეს, მან თავიდან დაათვალიერა თავისი "ტოიოტა" და შეამჩნია, რომ მთელი კაპოტი ჩაჭყლეტილი იყო, ამიტომაც, პოლიცია გამოიძახა. ბრალი წამიყენეს ნაკლებად მძიმე დანაშაულში - ზარალის მიყენებაში, მაგრამ საქმეში ჩაერთო დეროუ და ბიჭს ფული გადაუხადეს.

ახლოვდებოდა ახალი წელი, ფული ისევ არ მქონდა. შელი კვლავ ფეხმძიმედ იყო და მარტში შეგვეძინა ქალიშვილი, რომელსაც ეკსოდუსი დავარქვი. გამოვიძახე მეორე შელი და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა გარკვეული თანხა. და მან მომიწყო შეხვედრა საშუალო დონის ნაკლებად ცნობილ მოკრივესთან კევინ მაკბრაიდთან. ბრძოლა კოლუმბიას ოლქში, ვაშინგტონში 11 ივნისისთვის დაინიშნა. ჩემი მეტოქის კლასი დაბალი იყო, სამაგიეროდ, მსხვილი გაბარიტები ჰქონდა - სიმაღლე 6 ფუტი და 6 დუიმი, წონა 271 ფუნტი (შესაბამისად, 196 სმ და 122.9 კგ).

ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, ჩემთან სახლში მოვიდა ჟურნალისტი გაზეთ USA Today-დან. და ვთქვი ყველაფერი, რაც დამიგროვდა:

- ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი. ვფიქრობ, მარტოობაში მოვკვდები. მინდა, რომ ასე მოხდეს. მთელი ცხოვრება მარტოხელა ვიყავი. ყოველთვის მარტო ვრჩებოდი ჩემს საიდუმლოებებთან და ტკივილთან. სინამდვილეში, საკუთარი თავის ძიებაში გზა ამებნა, მაგრამ ვცდილობ მის პოვნას. მე მართლაც ვარ ნაღვლიანი და საცოდავი მაგალითი ყველასთვის. მთელმა ცხოვრებამ უაზროდ ჩაიარა, მე წავაგე. უბრალოდ, მინდა არსებულ რეალობას გავექცე.

სინამდვილეში, საკუთარ თავსა და ცხოვრებაში ავირიე. ვისურვებდი მისიონერი გავმხდარიყავი. მიმაჩნია, რომ მოვახერხებდი ამის გაკეთებას. მინდა, რაც შეიძლება მალე გადავლახო ცხოვრების ეს ეტაპი. მინდა ჩემი ცხოვრება მისიონერულ მოღვაწეობად ვაქციო. მიყვარს იესო და მჯერა მისი, მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანი ვარ. მე მესმოდა იმამის, მესმოდა რაბინის, მესმოდა კათოლიკე მღვდლის, მაგრამ არ მინდა ფარისეველი ვიყო. მინდა დავეხმარო ყველას, მაგრამ, ამასთან ერთად, მყავდეს საყვარლები. ჩვენს ქვეყანაში ჩემგან კარგი არაფერი გამოვა. აქ იმდენად ამყარეს პატივი და იმდენად შემარცხვინეს, რომ უკვე ვერანაირი გარემოებით ვერ შევძლებ წამოდგომას.

ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ, ძალიან გაწბილებული ვიყაი. უამრავ მეძავთან და ყველანაირ ბრბოსთან მქონდა საქმე. ნაძირალად მიმაჩნდა საკუთარი თავი, ამიტომაც მქონდა ურთიერთობა ნაძირლებთან. მთელი ეს დრო კაიფში გავატარე. ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად იყო გამეცნობიერებინა, რომ ნარკოტიკებზე უარი უნდა მეთქვა და მომეგვარებინა პრობლემები, რომელიც რეალურ ცხოვრებას უკავშირდებოდა.

რინგზე ასეთ მდგომარეობაში არ უნდა გავსულიყავი. ასეთი არასოდეს ვყოფილვარ. უაზროდ ვიქნევდი ხელებს, ერთ ადგილას ვიდექი, მალე დავიღალე. საშინელი ბრძოლა იყო. მეექვსე რაუნდის ბოლოს, როცა ბაგირებთან ვიდექით, მაკბრაიდი მთელი ტანით დამაწვა და უკანალით დავეცი. ვიჯექი რინგზე, სანამ გონგი არ გაისმა. და მხოლოდ ამის შემდეგ წამოვდექი დიდი გაჭირვებით. მაკბრაიდის გუნდი მუშაობდა ჭრილობაზე, რომელიც მან თავებით შეჯახებისას მიიღო. ჩემს კუთხეში ახალ მწვრთნელს ჯეფ ფენეკს ვუთხარი, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. უარი ვთქვი მეშვიდე რაუნდზე. მომიახლოვდა ჯიმ გრეი ინტერვიუსთვის.

- მაიკ, მოდით თქვენგან დავიწყოთ. გაქვთ გაგრძელების სურვილი?
- ვისურვებდი გაგრძელებას. უპირატესობა მქონდა, მაგრამ არ მგონია, რომ შევძლებდი მის შენარჩუნებას, რადგან... მქონდა ფიზიკური ფორმის შენარჩუნების შესაძლებლობა, მაგრამ საკრივო ამტანობა დავკარგე, რაც, ვფიქრობ, აღარასოდეს მექნება.

- როდის მიხვდით ამას, ბრძოლის რომელ ეტაპზე?
- არ ვიცი, ალბათ, ბრძოლის დაწყებისთანავე. სამწუხაროა, რომ ყველა დავაღალატე. უბრალოდ, კრივს ჩემს გულში აღარ აქვს ადგილი.

- ბრძოლის დაწყებამდე კრივს ჰქონდა ადგილი თქვენს გულში?
- ალბათ, არა. საერთოდ, ვჩხუბობდი იმისთვის, რომ ვალები გადამეხადა. ნამდვილი ბრძოლისთვის აღარ ვარგივარ. ახლა, უფრო მეტს ჩემს შვილებზე ვფიქრობ. ჩემში აღარ არის ძველებური მრისხანება. აღარ ვარ ცხოველი.

- გამოდის, რინგზე ვეღარასოდეს გიხილავთ?
- დიახ, სავარაუდოდ, რინგზე აღარ გავალ. აღარ მინდა სპორტის ამ სახეობის შერცხვენა, ასეთი დონის მოკრივეებთან წაგება.

- რატომ იყავით ამ ბრძოლაში ასეთი პასიური?
- კევინს დამსახურებას არ ვართმევ, მაგრამ ამის კეთება სიამოვნებას აღარ მანიჭებს. 1990 წლიდან აღარ მომწონს ჩხუბი. მაგრამ, კევინს ჩემგან მილოცვა ეკუთვნის და მას წარმატებას ვუსურვებ კარიერაში!

ბრძოლის შემდეგ, ბოლოჯერ შევხვდი სპორტულ ჟურნალისტებს. შევედი ინტერვიუებისთვის განკუთვნილ ოთახში და ყველა ფეხზე ამდგარი მიკრავდა ტაშს.

ვთხოვე დამსხდარიყვნენ და გავიმეორე ის, რაც ჯიმ გრეის ვუთხარი - აღარ ვაპირებდი ჩხუბს, რომ კრივისთვის შეურახყოფა აღარ მიმეყენებინა.

შემდეგ, საბოლოოდ დავტოვე დარბაზი მოკრივის რანგში. უკვე დამავიწყდა ჩემი გეგმები მისიონერულ მოღვაწეობაზე ან საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობაზე. უბრალოდ, საკუთარ თავს ვუთხარი:

- უჰ, ყველაფერი უკან დარჩა. ახლა, შემიძლია წავიდე და მართლა მხიარულად გავატარო დრო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული