დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ჯეფი შტატებში დაბრუნდა, მე კი პორტუგალიაში გავემგზავრე. მომდევნო დღეს ჩემს იქაურ მეგობარს, მარიოს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მაგრამ არ შეეძლო ყველაფრის მიტოვება და ჩემთან მოსვლა. საკურორტო სასტუმროში დავბინავდი, ცოტაოდენი კოკაინი ვიშოვე და სიამოვნების მიღება დავიწყე.

მანამდე რამდენიმე უძილო ღამე მქონდა და მიღებული კოკაინის რაოდენობასთან ერთად, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სრულიად გავთიშულიყავი. ჩემმა თანმხლებმა ქალმა გადაწყვიტა, რომ უკვე აღარ ვსუნთქავდი და სასტუმროს ექიმი გამოიძახა. თუმცა, სანამ ის მოვიდა, უკვე წესრიგში ვიყავი. მან საავადმყოფოში გამოკვლევაზე წასვლა შემომთავაზა, მაგრამ უ
არი ვუთხარი.

საერთოდ არ მომწონდა ის ადგილი, სადაც პორტუგალიაში გავჩერდი. იქ თითქოს სული მეხუთებოდა. ყველანი სერიოზულები და ქედმაღლები იყვნენ. მამაკაცები - კოსტიუმებში. მთელი ქვეყანა შრომის მოყვარული ადამიანებით იყო სავსე.

ბანქოსაც კი ვერავის ეთამაშებოდი. მოვიწყინე და მეორე დღეს ამსტერდამში გავემგზავრე. ჰოლანდიელებმა ნამდვილად იციან, როგორ გაერთონ. იქ რუმინეთში გაცნობილ გოგოსთან ერთად ჩავფრინდი. შესანიშნავი გოგონა იყო, მაგრამ ანერვიულდა, როცა ტონა კოკაინი მივიღე და ჩვენს ნომერში მეძავები გამოვიძახე. მითხრა, რომ ნარკოტიკებს არ იღებს და მიმატოვა. მე კი ჩემი ორგიები გავაგრძელე.

ორი კვირის შემდეგ ზღვარს მივაღწიე და მომიწია დერილისთვის თხოვნა - იქიდან წავეყვანე. მაგრამ მისი ჩამოსვლის შემდეგაც ორი კვირა დროს ვატარებდი, სანამ დერილმა არ დამარწმუნა, რომ შინ დაბრუნების დრო იყო.

ლას ვეგასში დავბრუნდი, იქიდან კი მაშინვე ლოს ანჯელესში გავემგზავრე. იქ ერთი დღე დავყავი, რის შემდეგაც ნიუ იორკში მარტო გავფრინდი. სასტუმრო "სენტ რეჯისში" გავჩერდი. ეს ჩემი საყვარელი სასტუმრო იყო.

ნომრის კართან იდგა მოსამსახურე გამოძახებით. ჩემოდნები დავაწყვე თუ არა, მაშინვე კოკაინს ვეცი, რის შემდეგაც გასეირნება და გართობა მომინდა, ამიტომაც ერთ-ერთი ჩემოდანი გავხსენი და აღმოვაჩინე, რომ ტანსაცმელი დაკუჭული იყო. პანიკაში ჩავვარდი. თავი ამტკივდა, გულმა ბაგაბუგი დამიწყო, ნერვული სტერსის პირას აღმოვჩნდი. გამოვიძახე მსახური. დიდი დოზის ქვეშ ვიყავი:

- მინდა, რომ ჩემი შარვალი დააუთოონ! ახლავე! დაუყოვნებლივ!

ტელეფონის მეორე მხარეს ბევრი იცინეს შარვლის გამო ჩემს ისტერიკაზე. სანამ ჩემს შარვალს აუთოებდნენ, სასტუმროდან გამოვედი და ცოტა გავისეირნე. მშიოდა, მაგრამ კოკაინის გამო მადა გამიქრა. მივხვდი, რომ გასეირნება ოდნავ გამომიყვანდა მძიმე კაიფიდან. მეხუთე ავენიუზე გავედი, გავისეირნე თაიმს-სქვერზე და შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი.

მომდევნო დღეს ფლორიდაში გავფრინდი როი ჯონსისა (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ნახევრად მძიმე კატეგორიაში; ხუთ წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი) და ანტონიო ტარვერის (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი პირველ მძიმე წონაში) ბრძოლის სანახავად. ისევ კაიფის ქვეშ ვიყავი და ძალიან დავიღალე, მაგრამ იქ ყოფნის პერიოდში, ტარვერი მუდმივად გარშემო მიტრიალებდა და მიმეორებდა: "მე და შენ უნდა ვიჩხუბოთ, მეგობარო!" მუდმივად ამას მეუბნებოდა.

- არა, მეგობარო, - ვუთხარი ბოლოს. - ახლა ცუდი დროება მიდგას. არც კი ვიცი, მინდა თუ არა ამერიკაში დარჩენა. დეპრესიაში ვარ და არ ვაპირებ ვინმესთან ჩხუბს.

ძველებურად ვიღებდი კოკაინს. ამას გაუჩერებლად ვაკეთებდი - იმ დროიდან მოყოლებული, როგორც კი ევროპაში გავემგზავრე. მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა - მიმეღო ეს ნაგავი.

როცა შენი ორგანიზმი ამ ნარკოტიკს იღებს, კოკაინისშემდგომი დეპრესია გეწყება, რადგან მთელი შენი შინაგანი ორგანოები უკვე ამითაა მოწამლული. მაგრამ ვერც ამან შემაჩერა კოკაინის საშოვნელად და კუბელი მეძავების ასაყვანად მაიამის გარეუბან "ფერად ქალაქსა" და "ლიბერტი-სიტიში" წავსულიყავი. და, რა თქმა უნდა, პოლიციამ გამაჩერა. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა გეტოში ვჩნდებოდი.

- მაიკ ტაისონი? ჯანდაბა, აქ რას აკეთებ, მეგობარო? მაიკ, ეს საშიში ადგილია, - მითხრა ერთ-ერთმა. - მანქანაში ჩაჯექი, სადმე უსაფრთხო ადგილას მიგიყვანთ.
- არა, ოფიცერო, ყველაფერი წესრიგში მაქვს. შეგიძლიათ წახვიდეთ. გთხოვთ, ნუ შემიქმნით პრობლემებს, სერ.

- მისტერ ტაისონ, გთხოვთ. მათ ფეხებზე ჰკიდიათ, რომ ჩემპიონი ხართ, ასე რომ, ეს სათქვენო ადგილი არ არის, - დაიჟინა პოლიციელმა.
- სერ, თუ თქვენ აქ დარჩებით, შეიძლება უამრავი პრობლემა შემექმნას. მე ყველაფერი წესრიგში მაქვს.

ნარკოტიკებისა და კუბელი მეძავებისთვის ვიყავი მოსული, ეს ბიჭები კი ხელს მიშლიდნენ. როცა ამ ადგილებში ვჩნდებოდი, ყოველთვის ეჭვის თვალით მიყურებდნენ: "რა მოხდა, ჩემპიონო? აქ რა გესაქმებათ?"

ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. იცოდნენ, რომ კაიფის დასაჭერად მივდიოდი.

მას შემდეგ, რაც მაკბრაიდის წინააღმდეგ კარიერაში ბოლო ბრძოლა ჩავატარე, გაუთავებლად ვქეიფობდი, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მოვიხმარდი. მსოფლიოში მოგზაურობის შემდეგ ისევ ლას ვეგასში დავფუძნდი და ჩამომიყალიბდა ნარკოტიკების გამოყენების განრიგი.

ვცდილობდი გამეღვიძა საღამოს ათ საათზე, თერთმეტი საათისთვის შხაპი მიმეღო და თავი მომეწესრიგებინა. ამის შემდეგ მზად ვიყავი გარეთ გასასვლელად. იმ დროისთვის ვიღაც მომაკითხავდა და გასვლამდე ცოტაოდენ კოკაინს ვიღებდი. მივდიოდით ლას ვეგასის ჩრდილოეთით გეტოში და ღამეს იქაურ ბარებში ვატარებდით იქამდე, სანამ ქალაქში ჩამოსულ ახალ ნარკოდილერს გავიცნობდით. შემდეგ ბულვარზე რამდენიმე კლუბში შევდიოდით.

იქ ბევრი ახალი ამბის გაგება შეიძლებოდა, მაგალითად, გართობაზე ლუქსის ნომრებში ან ელიტურ მეძავებზე. იქ დილის ოთხამდე ან ხუთამდე ვრჩებოდით. შემდეგ იმ ადგილებისკენ მივემართებოდით, რომლებიც ყველაზე გვიანობამდე მუშაობდნენ, მაგალითად, ღამის კლუბ "დრაიში".

იქ დაახლოებით ერთი საათი ვრჩებოდით და შემდეგ "სიმლესის" ტიპის სტრიპტიზ-კლუბში მივდიოდით, სადაც ყოველთვის ხალმხრავლობაა. ასეთ ადგილებში, სადაც თითქმის 24 საათი მუშაობენ, ყველას ნახვა შეიძლება: ცნობილი ადამიანებითა და მოდელებით დაწყებული, განგსტერებითა და სუტენიორებით დამთავრებული.

იქაურობის ყველა სტუმარი - ქალიც და მამაკაციც ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. დღე მათ ქუჩაში ვერ ნახავდით. მათი ცხოვრება ჩემსას ჰგავდა: მთელი დღე ეძინათ, შემდეგ კი მთელი ღამე ერთობოდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მათგანს შესანიშნავი სახლი ჰქონდა.

ერთხელაც, დილით დროის გატარებას ვაგრძელებდით. ასეთ დროს, ჩემ გვერდით იყვნენ ან ნარკოტიკებით მოვაჭრეები, ან მდიდრების შვილები. მათ გარშემო კლუბებში ბევრი ადამიანი ირეოდა და ისინი ყველას ნაცვლად იხდიდნენ ანგარიშს. უკვე ყველა კლუბი მქონდა მოვლილი და მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ამ ადამიანებთან ერთად დიდი სახლის ერთ ოთახში ვიყავი. არც კი მახსოვს, კლუბიდან ამ სახლში როგორ აღმოვჩნდით. იმ დროისთვის ქალი თან არ მახლდა - სადღაც გზაში დავკარგე.

გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო სხვების გართობა, ერთგვარი ანიმატორი გავმხდარიყავი. ისინი, ვინც კაიფში არიან, ყოველთვის რაღაც მიზეზით სიმპათიურად აღმიქვამენ. და აი, ამ მაგარი ბიჭების ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი მოფერება უნდოდათ. უბრალოდ, გაგიჟდნენ ჩემზე. მე კი ვეუბნები: "მოიცადეთ! მოიცადეთ! სინამდვილეში ეს ის არ არის, რაც გგონიათ. სინამდვილეში, ეს არის სულების ერთობა! მეგობრობა!"

თან ავნერვიულდი, რადგან მაგარი ბიჭი ყურადღებით აკვირდებოდა - როგორ აპირებდა მისი გოგო ჩემს მოფერებას. მთლიანად გამოვფხიზლდი, რადგან შიში და კაიფი ვერ მეგობრობენ. და საზიზღარ, გასუქებულ ნაბიჭვრად ვიგრძენი საკუთარი თავი. შემიძლია ვთქვა, რომ ის ბიჭი ცუდი ადამიანი იყო. ციხიდან ახალი გამოსული იყო და მისთვის ვინმეს მოკვლა პრობლემას არ წარმოადგენდა. მას სულელი ქალი ჰყავდა, რომელიც ჩემ მოფერებას აპირებდა.

მსგავს სიტუაციებში ქალებთან ურთიერთობა ნასწავლი მქონდა - ყოველთვის ვცდილობ დავიმცირო საკუთარი თავი, არ ვთავხედობ. ეს კარგად გამომდის.

- მე ხომ ნარკომანი ვარ. გთხოვ, შვილო, ჩემთან საქმეს ნუ დაიჭერ. სხვადასხვა ავადმყოფობის მთელი კოლექცია მაქვს. მიკვირს, მარტო ჩემი აქყოფნით როგორ არ აიკიდე რამე.

ვიცი, როგორ გავუქრო ქალებს ჩემ მიმართ ინტერესი. და ეს მხოლოდ სასარგებლოა ჩემი ჯანმრთელობისთვის. ხანდახან ქალს შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს მამაკაცის მთელი ცხოვრება. ქალს ძალუძს მოიპოვოს მამაკაცის სული, დაეუფლოს მის არსებას. მას შეუძლია საკუთარი ბიჭი ნამდვილ ფსიქოპათად გადააქციოს. ამიტომაც ყოველთვის ვუფრთხოდი ასეთი ტიპის ბიჭებს.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული