დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ერთ-ერთი საინტერესო ადამიანი, რომელიც იმ დროს გავიცანი, სუტენიორი იყო, რომელსაც "შანსს" ვეძახდი. სტრიპტიზ-კლუბში ვიყავი, როცა ჩემთან მოვიდა გასაცნობად.

- ეი, მისტერ ტაისონ! ყოველთვის მინდოდა თქვენთან შეხვედრა. თქვენ ხომ მუდმივად იმეორებთ, რომ ყველაზე მაგარი ადამიანი ხართ პლანეტაზე, მე კი ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე მაგარი სუტენიორი ვარ. მაგრად ჩხუბობთ, მე კი მაგრად ვაკეთებ ჩემს საქმეს.

- მართალს ამბობ, ზანგო? - ვკითხე მე.

- დიახ, მეგობარო, არ ვაპირებ სისულელეებით გამოგიჭედო ტვინი. ვიცი შენი გაკოტრების შესახებ, ისიც ვიცი, როგორ გაგქურდეს. მომისმინე, ზანგო, შენ ჩემთან
ხარ, მე კი არაფერი მაქვს ფულის გარდა. ხედავ ამ ხალხს? მათ ყველას უჭირდა, სანამ მე არ გამოვჩნდი. ყველაფრის შოვნა შემიძლია.

დავიწყე შანსთან ერთად დროის გატარება. მას მდიდრული მანქანები ჰყავდა: "პორშე", "ფერარი", "მაზერატი", "ლამბორგინი". ვფიქრობდი, რომ კოკაინი მასაც მოსწონდა, მაგრამ პროვინციელ ტიპს ჰგავდა. ცდილობდა მაგარ ბიჭად გამოჩენილიყო, მაგრამ, სინამდვილეში, სუსტ ნარკოტიკს იღებდა, მაგალითად, ექსტაზს.

ნულზე ვიყავი და ერთხელ ვთხოვე:
- კოკაინი მიშოვნე, ზანგო.
- კოკაინი? - ჩამეკითხა ის. - ჩემს კაცს უნდა დავურეკო.

მომდევნო შეხვედრაზე კოკაინი თან ჰქონდა. დაურეკა თავის მეგობან ნარკოდილერს და მას აღმოაჩნდა ცოტაოდენი "თოვლი". დავყნოსე და მასაც შევთავაზე:

- მიდი, მეგობარო! ექსტრაზივითაა, ოღონდ უფრო მაგარი.
რამდენიმე ბილიკი დაყნოსა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კოკაინზე ცუდი რეაქცია ჰქონდა.

- ჩემი თავი! - დაიყვირა მან და იატაკზე დავარდა. - ჯანდაბა! მაიკ! მომცელა!
გავიფიქრე: "ჯანდაბა, ეს ბიჭი ახლა მოკვდება!" მის ნათესავთან ვიყავით, ამიტომაც ვუბრძანე შანსი სახლში წაეყვანა. ოთხკარიანი "მაზერატის" წინა სავარძელზე ვიჯექი, შანსი კი უკან იწვა და კვნესოდა. ისეთი გამოცდილი ნარკომანი ვიყავი, რომ შემეძლო ცუდი "კოკაინი" მიმეღო, მაგრამ იგივე ფხვნილს შეეძლო შანსი მოეკლა. სახლში მივიყვანეთ, მე კი ნარკოტიკის დარჩენილი ნაწილი თან წამოვიღე. ცუდი კოკაინი უკეთესია, ვიდრე საერთოდ არაფერი. შანსი კი რამდენიმე დღეში მწყობრში იყო.

ზუსტად ამავე პერიოდში დავიწყე დროის გატარება ბიჭთან, რომელსაც მაიკლ პოლიცი ერქვა. ერთად ვიჯექით მერილენდის შტატის ციხეში. ის იქ პერიოდულად ხვდებოდა, რადგან, როგორც ამიხსნა, მისმა გიჟმა მეგობარმა გოგონამ სასამართლოს ძალით აუკრძალა შვილთან შეხვედრა, მაგრამ მაიკლი სისტემატიურად არღვევდა აკრძალვას. მაიკლი სრულად იყენებდა ლას ვეგასის ღამის ცხოვრების ყველა შესაძლებლობას, მაგრამ, ამასთან, ცხოვრების სწორ წესს მისდევდა - არ სვამდა, ნარკოტიკებს არ მოიხმარდა, ამიტომაც ის ჩემთვის იდეალური ფხიზელი კომპანიონი იყო. მის ნაცვლადაც ვიღებდი ნარკოტიკს.

ერთ საღამოს შევიტყვე წვეულების შესახებ, რომელსაც სტრიპტიზ-კლუბი "სკორზი" მართავდა სასტუმრო "პალმზის" ბოულინგის დარბაზში. ქალაქში ტარდებოდა პორნოფილმებისა და ვიდეოკლიპების რეჟისორთა და მსახიობთა კონფერენცია. და საღამოზე ბევრი ლამაზი პორნოვარსკვლავი შეიკრიბა. ორ გოგონას დავადგი თვალი, მაგრამ ისინი თავიანთ ბიჭებთან ერთად იყვნენ. ამასობაში, მაიკლი ერთ ლამაზ ოფიციანტს მიეწება. მომენტი დავიჭირე და მოკლედ გავესაუბრე ერთ-ერთ გოგონას, შემდეგ მაიკლთან დავბრუნდი.

- მოდი აქ! - ვუთხარი მას და ოფიციანტს მოვაშორე. პატარა გოგონებივით ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით.
- მომისმინე! - ვუბრძანე მას. - აი იქ, ტუალეტია. ამ ორი გოგონას იქ შეყვანა და მათთან სექსი მინდა. აი, რა მჭირდება შენგან აქ. ხედავ იმ ორ ტიპს? ისინი ამ გოგონების ბიჭები არიან. მათ ყურადღება უნდა გაუფანტო.

- რა?! - წამოიძახა მაიკლმა.
- ყველაფერი კარგად იქნება, ძმაო, არ ინერვიულო, - თქვი მე.

- და თუ ეს ბიჭები გამაუპატიურებენ?
- ნუ ნერვიულობ. თუ ხმაურს გავიგონებ, მივხვდები, რომ გირტყამენ. მაშინვე ტუალეტიდან გამოვალ და მოგეშველები. ყველაფერი კარგად იქნება, - დავარწმუნე ის. როცა ამას ვუჩურჩულებდი, ჩემს სახეს მის ყურს ვადებდი. და უცებ, მაიკლმა მომიშორა და ყველას გასაგონად დაიყვირა: "მაიკ, მეუხერხულება, როცა შენი პირი ჩემს ყურს ეხება".

ეს მთელმა დარბაზმა გაიგონა. ისტერიული სიცილი დავიწყე. სულელი თეთრი ბიჭი იყო.

- აი, ახლა, მართლა ხარ ჩემთან ვალში, ნაბიჭვარო, - ვთქვი მე.
- კარგი, წადი, - მიპასუხა მან.

ტუალეტში ერთ-ერთ გოგონასთან ერთად გავედი, ამ დროს, მაიკლი ბიჭებს ყურადღებას უფანტავდა. შემდეგ, სანამ მაიკ ტაისონზე რაღაც ისტორიებს ყვებოდა, ტუალეტში მეორე გოგონაც გაძვრა. ამასობაში, ბიჭები მათი გოგონების ადგილსამყოფელით დაინტერესდნენ. მაიკლმა უპასუხა, რომ სავარაუდოდ, ისინი ტაისონთან ერთად მარიხუანას მოსაწევად გავიდნენ.

აი, ასე ვიქცეოდი იმ დროს. უსაქმოდ ვიყავი და ასეთი სახის ენერგეტიკას ვიზიდავდი. წონა ავკრიფე და გასუქებულ როკ-ვარსკვლავს დავემსგავსე. მაგრამ, კოკაინის წყალობით, საკუთარ თავში ძალიან თვითდაჯერებული ვიყავი. კლუბებში სულ უფრო და უფრო ხშირად ღიად ვიღებდი ამ ნარკოტიკს. ერთ საღამოს, ჩემს მეგობართან, პარიკმახერ მაკთან ერთად სასტუმრო-კაზინო "ვინის" ბარში ვიყავი. ავტოგრაფებს ვარიგებდი და ფოტოებს ვიღებდი, პაუზებისას, ტუალეტში შევდიოდი. ბოლოს და ბოლოს, მაკთან კლუბის დაცვა მივიდა.

- თქვენი მეგობარი უნდა წაიყვანოთ, - უთხრეს მას. იმ დროს დამადგნენ თავზე, როცა ტუალეტში ნარკოტიკს ვიღებდი. და სასტუმროდან გამაძევეს.

ასე ხდებოდა ყოველთვის. ღამის კლუბებში ხან მეფურად მიღებდნენ, ხან ქუჩაში მაგდებდნენ, რადგან დაცვას ატყობინებდნენ, რომ ტუალეტში კოკაინს ვიღებდი ან ვინმე გოგოსთან სექსი მქონდა. ბევრ შვეიცართან ახლოს ვიყავი, ამიტომაც დაბრუნების უფლებას მაძლევდნენ, მაგრამ ზოგიერთ კლუბში ჩემს გამოჩენაზე სრული აკრძალვა დააწესეს.

აი, რატომ მომწონდა ყოველთვის სტრიპტიზ-კლუბებში სიარული.

- რა გვესაქმება საცეკვაო კლუბებში, როცა შეგვიძლია სტრიპტრიზ-კლუბებში წავიდეთ? - ვუთხარი ჩემს მეგობრებს. - საცეკვაო კლუბებში გოგონებს აცვიათ და ყველანი დიდ გულზე არიან. სტრიპტიზ-კლუბებში კი ყველაფერი პირიქითაა - არც ტანსაცმელი და არც ქედმაღლობა. პირდაპირ საქმეზე ხომ არ გადავიდეთ?!

სტრიპტიზ-კლუბების ყველა მეპატრონე თანამშრომლობდა ჩემთან. ზოგიერთ კლუბში საკუთარი ტუალეტი მქონდა. შემეძლო იქ საათობით ვყოფილიყავი. პირველი კაცი ვიყავი. როცა ჩემთან დაცვის წარმომადგენელი მოდიოდა, შემეძლო მისთვის მთელი ხმით მეღრიალა:

- აქედან გაეთრიე! არავის ხელს არ ვუშლი!

უკვე ღიად, ყველას დასანახად დავატარებდი "კოკაინის" პაკეტს. მეგობარს ნარკოტიკის პორციას ვაძლევდი. მას ეგონა, როცა ეს პატარა დოზა იყო, მაგრამ როცა შეიყნოსავდა, აღმოაჩენდა - სინამდვილეში რამდენი კოკაინი იყო პაკეტში. ამის შემდეგ, ყველა ხველებასა და ფურთხებას იწყებდა.

დავიწყე სტრიპტიზიორებთან შეხვედრა და ხანდახან, მეტად უხერხული სიტუაცია იქმნებოდა. კაიფის ქვეშ ვხედავდი, რომ ერთ-ერთი ჩემი გოგონა კლიენტს ელაპარაკებოდა და პირდაპირ მათკენ მივდიოდი.

- რატომ არ პასუხობდი ჩემს ზარებს? - ვუყვიროდი გოგონას. ის რომელიმე ბიჭისთვის პირადად ცეკვავდა, მე კი მას თავს არ ვანებებდი.
- ეი, თუ რამე პრობლემაა.., - შეშინებული მიყურებდა კლიენტი.

- შენ საქმეს მიხედე, მე ამას ველაპარაკები, - ვუღრენდი მე.

შემდეგ, იმ გოგონებმა, რომლებსაც ვხვდებოდი, ჩემზე ეჭვიანობა და პირდაპირ კლუბში ერთმანეთს შორის ჩხუბი დაიწყეს. ამიტომაც, ამიკრძალეს იქ გამოჩენა იმ დროს, როცა მოცეკვავეები იცვლებოდნენ.

ერთხელ, სტრიპტიზ-კლუბში დამეძინა. შევუკვეთე შემწვარი წიწილა და ჭამა დავიწყე, მაგრამ მოულოდნელად გავითიშე - რამდენიმე ღამე მქონდა გათეული. სანამ მეძინა, სტრიპტიზიორებმა ჩემი ქათამი შეჭამეს, თან ჯიბეებიც შემიმოწმეს. როგორც კი გამეღვიძა, ქალებს ჩხუბი დავუწყე - არა ჯიბეებისთვის, არამედ ქათმის გამო, რადგან ძალიან მშიერი ვიყავი. როცა კოკაინის შემდეგ გონს მოდიხარ, უბრალოდ, შიმშილით კვდები.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული