აქედან ძალიან ახლოს იყო მარლონ ბრანდოს ძველი სახლი, აგრეთვე, ადგილი, სადაც მრავალი წელი ჯეკ ნიკოლსონი ცხოვრობდა. დავიწყე სიარული ანონიმური ლოთებისა და ნარკომანების შეკრებებზე. უფლებას გვაძლევდნენ, დამოუკიდებლად წავსულიყავით ქალაქში, ოღონდ დათქმულ დროს უნდა დავბრუნებულიყავით უკან.
თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ადმინისტრაციის განწყობაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნებოდა. იმის გამო, რომ მე ვიყავი მესამე დონის გასამართლებული დამნაშავე და ბრალი მედებოდა გაუპატიურებაში, ადმინისტრაცია სხვა პაციენტებთან
ეჭვი მაქვს, შეილამ ამ ადგილას საკუთარი კავშირების წყალობით მომაწყო, მაგრამ ახლა სრულიად გაურკვეველი იყო - დამტოვებდნენ თუ არა იქ. თუმცა, იმ დროისთვის თითქმის ყველასთან დამეგობრებული ვიყავი და ამ ბიჭებმა ჩემზე პასუხისმგებლობა აიღეს. ყოველ საღამოს მივდიოდი ქალაქში და ყველასთვის ნაყინი მომქონდა. ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების კრებაზე კი ორცხობილითა და რძით მივდიოდი. ჩვენ იქ მართლაც ერთ ოჯახად ვცხოვრობდით.
ბოლოს და ბოლოს, მოეწყო კრება, რომელზეც თითოეულს უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი კითხვაზე: "მაიკი უნდა დარჩეს თუ არა?" ყველამ ჩემ სასარგებლოდ ილაპარაკა და მე დავრჩი.
ყოველთვის ვამაყობდი ჩემი დისციპლინით, მაგრამ კოკიანზე დამოკიდებულების მკურნალობა მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. ამ პროცესის დროს დამიბრუნდა ყველანაირი ტკივილი, რაც საკრივო ორთაბრძოლებიდან მქონდა გამოყოლილი. კოკაინი და სპირტიანი სასმელები ჩემთვის ერთგვარი ნოვოკაინი იყო. როგორც კი მათი მიღება შევწყვიტე, ართრიტი გამიმწვავდა. თავს ინვალიდად ვგრძნობდი, ნორმალურად სიარული არ შემეძლო. ძალიან მტკიოდა ფეხები. დღემდეც კი, როცა ტკივილისგან კრუნჩხვები მეწყება, იძულებული ვარ, ყოველდღე კორტიზონის ნემსი გავიკეთო.
"უანდერლენდში" უკიდურესად სწორ, მკაცრად განსაზღვრულ ცხოვრების წესს მივდევდი. ხანდახან ცდუნებები ჩნდებოდა. ასე მაგალითად, იქ მკურნალობდა ერთი ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი ქალი. ის ყოველ საღამოს ქალაქში გადიოდა თავის მეგობრებთან ერთად. მოაკითხავდათ ოთხი ან ხუთი ლიმუზინი და გასართობად მიდიოდნენ. ამ გოგოს შავი მეგობარი ბიჭი ჰყავდა, რომელიც აწყობდა მისთვის ამ შოუებს. და ერთხელ მეც დამპატიჟა.
- არა, არ შემიძლია. ფოტოც რომ გადამიღონ თქვენთან გართობის დროს, მაშინვე ციხეში მიკრავენ თავს, - ვუპასუხე მე.
ძალიან მინდოდა წასვლა, ჩემში ისევ იყო დარჩენილი დროის გატარების სურვილი, მაგრამ ვეწინააღმდეგებოდი ცდუნებას. უნდა ითქვას, რომ ეს ბავშვები მუდმივად არღვევდნენ წესებს. ერთმა მდიდარმა ბიჭუნამ თავის ოთახში საიდუმლოდ შეიტანა 50-დუიმიანი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი ვიდეოთამაშებისთვის. ის გამოიჭირეს და ცენტრიდან გააგდეს.
გარკვეული დროის შემდეგ ამ ცხოვრების რიტმში საბოლოოდ ჩავჯექი. აქტიურად ვესწრებოდი ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეკრებებს. მე ყველაზე კარგად გავდიოდა პროგრამას - "12 ნაბიჯი" (ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროგრამა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად. შემუშავდა აშშ-ში 30-იან წლებში).
სანიმუშო პაციენტი ვიყავი. ყველა პაციენტი ვალდებული იყო, დღეში ერთ კრებას მაინც დასწრებოდა, მე კი სამ ან ოთხ ასეთ შეხვედრაზე მივდიოდი. ცენტრში მოხვედრიდან სამი თვის თავზე, მერილინი მეწვია და ის სანსეტ-სტრიპში ერთ-ერთ კრებაზე წავიყვანე. თავდაპირველად ყველას კალათით ჩამოვუარე, რათა ყავისთვის და ჩაისთვის შემოწირულობა შემეგროვებინა. კრების დასრულების შემდეგ სკამები ავალაგე და იატაკი მოვწმინდე. როცა ამას ვაკეთებდი, კარგ ხასიათზე ვიყავი.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები მქონდა. ბევრი ჩემი გმირი უიღბლო და წარუმატებელი იყო, როცა საკუთარი ცხოვრების მოწყობა უწევდა, თუმცა თავის საქმეში ჩემპიონი იყო. საზოგადოებას უნდოდა მათი თავიდან აღზრდა და გადარჩენა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებისგან განკურნება, მაგრამ ხშირად, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გარეშე ისინი თავიანთ შესანიშნავ თვისებებს კარგავდნენ. ჩემს ცხოვრებაში ყველა ბედნიერი იყო მაშინ, როცა ფხიზელი ვიყავი, თუმცა თავად საკუთარ თავს უბედურად ვგრძნობდი. უბრალოდ, სიკვდილი მინდოდა.
მაგრამ, როცა ამაზე ვფიქრობდი, თვალწინ ყოველთვის მერილინი მედგა.
- რაზე ლაპარაკობთ? თქვენ სარეაბილიტაციო პროგრამა უნდა გაიაროთ! - მიყვიროდა ის. ამ დროს, მერილინი სიმპათიური და ქერათმიანი ქალბატონიდან რაღაც ეშმაკად გადაიქცეოდა ხოლმე. ამ ლედის ბედისწერა იყო - ჩემს ცხოვრებაში შემოსვლა. როცა ასეთ ცოდვებში ეფლობი, არ გაგაჩნია უნარი გააცნობიერო, რომ ავად ხარ. მაგალითად, მიმაჩნდა, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა მალამოთი ან წვეთოვანით ინკურნება. წარმოდგენა არ მქონდა იმაზე - რა არის ფსიქიკური დაავადება.
ჩემი ცნობადობის გათვალისწინებით, ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების დახურულ კრებაზე გამიშვეს. მივედი და შოკირებული დავრჩი. იქ შევხვდი მსოფლიოში რამდენიმე ცნობილ ადამიანს. ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა: ისინი ფიქრობდნენ, რომ მაგარი ბიჭი ვიყავი. მეკითხებოდნენ: "მაიკ, ფული გინდათ?" და რომელიმე მათგანი ჩემს ანგარიშზე თანხას რიცხავდა. ამ კრებებზე ჩემთვის ერთი რამ გავაცნობიერე: თუ ნარკოტიკს იღებ, ამის შესახებ ყველასთვის ხდება ცნობილი. ერთხელ დახურულ კრებაზე საყოველთაოდ ცნობილ მსახიობს შევხვდი. მომესალმა და მითხრა:
"გელოდით. თქვენთვის ადგილიც კი შევარჩიე". "ჯანდაბა, საიდან იცის, რომ ნარკოტიკებს მოვიხმარ?" - გავიფიქრე მე. მაგრამ ყველამ, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, იცის, რომ შენც იმავეს აკეთებ. ვფიქრობთ, რომ ვერავინ გვხედავს, მაგრამ იმაზე გამჭვირვალეები ვართ, ვიდრე გვგონია.
მივხვდი, რომ კრება დახურულ კარს მიღმა - ჩემთვის არ იყო. დავიწყე დღეში ოთხჯერ ჩვეულებრივ კრებებზე სიარული. ბიჭები, რომლებიც რეაბილიტაციის დახურულ პროგრამებზე მოდიოდნენ, ელიტას განეკუთვნებოდნენ. ამიტომაც მათ საკუთარი პროგრამა ჰქონდათ. მე კი ბილის პროგრამის (ბილ უილსონი - საერთაშორისო პროგრამის დამაარსებელი. მისი პროგრამა ითვალისწინებს ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების მიერ ერთმანეთისთვის დახმარების გაწევას) გავლა მჭირდებოდა. სწორედ ის უნდა გამევლო ყველა დანარჩენ, ჩვეულებრივ პაციენტებთან ერთად.
მერილინის მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მან იმ ადამიანების სამყაროში შემიყვანა, რომლებსაც რეაბილიტაცია ეწადათ. ვერასდროს გადავიხდი ამ ვალს. მან შემიყვანა სამყაროში, რომელიც აღგაფრთოვანებს და გაჯადოებს. ფიქრობთ, რომ ყველაზე მყარი საძმო პოლიციელებს აქვთ? ან განგსტერებს?
ეს არაფერია იმათ სამყაროსთან, ვინც რეაბილიტაციას ცდილობს. ეს ჯგუფი მოიცავს ფედერალურ მოსამართლეებს, სასამართლო ჩინოვნიკებს, პროკურორებს... ფრთხილად იყავით, როცა გახუმრებას დააპირებთ მათზე, ვინც ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას მკურნალობს, რადგან ეს ერთი მძლავრი ოჯახია. და ყოველთვის სათანადოდ უნდა დააფასო ეს სამყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში, წაგებულთა შორის აღმოჩნდები. ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროს მიეკუთვნებიან, ყველაფერთან და ყველასთან აქვთ წვდომა, პრეზიდენტის ჩათვლით.
ეს საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფია. მინახავს იქ ყოფილი "ჯოჯოხეთის ანგელოზები" (მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მოტოკლუბი), ძველი ბანდიტები, უცნაური ბიჭები, რომელთა ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში იმაში მდგომარეობს, რომ აიძულონ ადამიანები - შეწყვიტონ დალევა და ნარკოტიკების მოხმარება. ხომ გესმით ჩემი? ამ ბიჭებიდან ზოგიერთმა ციხეში საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, ახლა კი მათი მიზანია - რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ, აიძულონ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, ფხიზლებმა დაძლიონ საკუთარი შიშები.
ესენი განსაკუთრებული ადამიანები არიან, მათ შორის, მერილინი. სულ სხვა ყაიდის ხალხი. მეტოქეების დაშინებაზე მთელი ჩემი დაგროვებული გამოცდილება - სრული სისულელე იყო. მათზე ეს არ მუშაობდა. ამ ადამიანებს, რომლებიც ანონიმური ლოთებისა და ნარკომანების კრებებს ესწრებიან, არავის ეშინიათ: არც სასტიკი მკვლელების და არც გამოუსწორებელი ბანდიტების. ნარკომანს შიშს ვერ აიძულებ. ეს თითქმის შეუძლებელია. თუ ის ამბობს, რომ შენი ეშინია, სინამდვილეში, ეს ასე არ არის.
თუ ვინმე ამ კრებებზე ადგებოდა და რაიმე ცუდად იტყოდა მერილინზე, მას ჩემგან უსიამოვნებები არ ასცდებოდა. მილიარდერსაც კი არ ეყოფა ფული ამ ადამიანებისთვის გადასახდელად. ჩვენ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვალში ვიქნებით მათთან. ისინი თავიანთ საქმეს ფულის გამო არ აკეთებენ, არამედ მორალური კმაყოფილებისთვის. ამ ბიჭების უმრავლესობა მოჩვენებით წესიერებას იცავს. ისინი იღიმიან, მშვიდები და აუღელვებლები არიან. იქამდე, სანამ მოქმედებას არ დაიწყებენ.
ჩვენთან "უანდერლენდში" ერთი მომცრო ტანის ებრაელი ბიჭი მუშაობდა, რომელიც ყველგან დაგვატარებდა. ერთ მშვენიერ დღეს, ნაყინის საყიდლად მივდიოდით და მანქანაში ჩავსხედით. ერთმა პაციენტმა ცოტა დააგვიანა და როცა მოირბინა და მანქანაში ჩაჯდა, მისგან ალკოჰოლის სუნი წამოვიდა. ეს ებრაელი მანქანიდან გადმოვიდა, უკანა კარი გააღო და მთვრალი პაციენტი მანქანიდან გადმოათრია. "ჯანდაბა!" - წამოვიძახე მე. მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი მძიმე წონაში - მე რატომ არ გავაკეთე ეს? ამ ჩია კაცის მიმართ უდიდესი პატივისცემა ვიგრძენი. მას არ ეტყობოდა არც მრისხანება, არც აგრესია, არც ძალა. იქამდე, სანამ საჭირო მომენტში არ იმოქმედა რაღაც ჩამრთველმა. და მაშინ, მან ეს გააკეთა. სანამ ალკოჰოლის სუნს იგრძნობდა, ფართოდ გვიღიმოდა: "შესანიშნავი დღეა, არა?"
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"