28 სექტემბერს სასპორტო კომპლექს "არენაში" საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელსაც ქვეყნის ყველა რეგიონიდან 75 დელეგატი, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.
განვლილ საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ილაპარაკეს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით კვაჭაძემ და მოკრივეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით წიკლაურმა. შემდეგ გაიმართა არჩევნები. პრეზიდენტობისთვის კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი - კვაჭაძე და წიკლაური. დელეგატებმა ხმათა დიდი უმრავლესობით მხარი დავით წიკლაურს დაუჭირეს, რომელიც ქართველ მოკრივეებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უთავკაცებს.
"წლეულს ოლიმპიურ თამაშებზე არც ერთი მოკრივე არ გვყავდა, რამაც ძალიან დაგვწყვიტა გული, - გვითხრა დავით წიკლაურმა. - ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასწრაფოდ უნდა ვიზრუნოთ.
უპირველესად, მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პრობლემაა მოსაგვარებელი, საგრძნობლად უნდა ამაღლდეს ეროვნული ჩემპიონატების დონე, თბილისსა და რეგიონებში დავნერგავთ საკლუბო სისტემას და მათ პირველობებს გავმართავთ.
ჩვენი ორიენტირი 2020 წლის ოლიმპიური თამაშები იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ოთხი წლის შემდეგ ტოკიოში, სულ მცირე, ორმა-სამმა კონკურენტუნარიანმა ქართველმა მოკრივემ იასპარეზოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"