მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
ორივენი მთელი დღე ტელევიზორში გაუთავებლად ვუყურებდით სერიალს - "კანონი და წესრიგი". ნახევრადმძინარე მდგომარეობაში დივანზე ვიწექი და მთელს დღეს ორცხობილასა და "დეირი ქუინის" ჭამაში ვატარებდი.

ჩემთვის დანიშნული წამლები დამიმშვიდებლად მოქმედებდა. ჩემში აღარაფერი იყო ქედმაღლობის. საღამოობით კლუბებს ვსტუმრობდით, მაგრამ იმდენად დაცილებული ვიყავი რეალობას, რომ ძლივს ვცნობდი ჩემს მეგობრებს.

აღქმის პრობლემები მხოლოდ მე არ მქონდა. კიკის მიაჩნდა, რომ კარგად მიცნობდა. ერთხელ, ჩემთან ოთახში შემოვიდა, როცა ტკბილ ბურბუშელას მივირთმევდი და ვიდეოთამაშით ვერთობოდი. მან მითხრა:

- რა საინტერესოა: გგონია, რომ ვიღაცას
იცნობ, მაგრამ საერთოდ არ იცნობ მას. მიგაჩნია, რომ ისინი ასეთები არიან, მაგრამ სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგებიან. სულ სხვანაირად იქცევი, ვიდრე ხარ სინამდვილეში, მაიკ!

ჩემთან გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, კიკიმ იმ წამლების შესწავლა დაიწყო, რომლებიც ექიმებმა სარეაბილიტაციო ცენტრში დამინიშნეს. აი, მათი სია (აქ მოყვანილი პრეპარატები, ბოლო ორის გამოკლებით, ანტიდერპრესანტებია, რომლითაც მკურნალობენ შიზოფრენიის მძიმე ფორმას, სხვა ფსიქოზებს და ეპილეპსიის სხვადასხვა ტიპს):

დეპაკოტი
ნეირონტინი
ზიპრექსი
აბილიფაი
სიმბალტა
ველბუტრინი XL
ტრაიკორი
ზოკორი

ბოლო ორი პრეპარატი განკუთვნილი იყო ქოლესტერინის მაღალი დონისა და ტრიგლიცერიდების სამკურნალოდ. ყველა დანარჩენი იყო - ნარკოტიკი თავისთვის. ერთ-ერთი წარმოადგენდა სტაბილიზატორს ფსიქიურად დაავადებულთათვის, ორი პრეპარატი - ანტიდეპრესანტი იყო, კიდევ ორი - ხასიათის რეგულატორი ცირკულარული ფსიქოზისას. ერთ-ერთი პრეპარატი განკუთვნილი იყო ეპილეპსიის სამკურნალოდ, რომელიც არასოდეს მქონია.

კიკიმ შეადგინა ამ პრეპარატების გვერდითი მოვლენების მთელი სია და მიჩვენა ეს ჩამონათვალი. და დავეთანხმე, რომ უნდა გამენთავისუფლა ორგანიზმი ამ შხამისგან. კიკი წავიდა და მოიტანა ჩინური მცენარეული მედიცინის საშუალებები ჩემი ორგანიზმის გასაწმენდად. მე ამ ბალახებს კოკაინის მოხმარების საკუთარი რეჟიმი დავუმატე.

რა თქმა უნდა, ზომბირებული ვიყავი ამ აბებით, რომელიც თავის სამკურნალოდ მქონდა დანიშნული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შევძელი მეზრუნა ჩემთვის საჭირო კოკაინის მისაღებად. მერჩივნა მარიხუანა მომეწია, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მივცემდი, რადგან თვეში ერთხელ მიწევდა შემოწმება თავდებით განთავისუფლების ინსპექტორთან. საქმე ისაა, რომ მარიხუანა ორგანიზმში რჩება და შარდში მისი აღმოჩენა ექვს თვეზე მეტხანს შეიძლება.

ჩემს შემთხვევაში, ეს ვადა კიდევ უფრო გრძელი იყო, რადგან პათოლოგიურად გასუქებული ვიყავი, ხოლო ტეტრაჰიდროკანაბინოლი - მარიხუანას აქტიური ნივთიერება, პირდაპირ უკავშირდება ცხიმის ქსოვილებს. რაც შეეხება კოკაინს, ის ორგანიზმში რჩება სამი დღის განმავლობაში და შემდეგ გამოდის. ეს სწორედ ის ნარკოტიკია, რომელიც გამოსაცდელი ვადის დროს გჭირდება.

კიკი უკან ფილადელფიაში გაემგზავრა, სადაც მისთვის ხელმეორედ უნდა გამოეტანათ განაჩენი. ასე რომ, შემეძლო დამემალა მისთვის კოკაინის გამოყენების ამბავი. პირველ აპრილს, "სულელების დღეს", ის გაასულელეს - მოსამართლემ ისევ გამოუტანა ექვსთვიანი განაჩენი, ოღონდ, ამჯერად, ეს არ იყო შინაპატიმრობა და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ყველანი შოკირებულნი იყვნენ. არ მინდოდა, კიკი ექვსი თვის გამქრალიყო. ის მზად იყო იმავე დღეს წასულიყო ციხეში, მაგრამ 30 დღე მისცეს თავისი საქმეების წესრიგში მოსაყვანად, ასე რომ, ციხეში უნდა გამოცხადებული არაუადრეს პირველ მაისისა.

როცა კიკი წავიდა, ვცადე ჰენდერსონში ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეკრებებზე დასწრება. თავად ქალაქი ახალი იყო, შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ კრებები ორგანიზებული იყო საშინელ რაიონში. ერთ-ერთ კრებას დავესწარი და არ შეიძლებოდა იქ სულით არ დაცემულიყავი. კრების შემდეგ წავედი და დოზა მივიღე.

რეციდივის ოსტატი ვიყავი. ვისაც რაღაც წაუკითხავს ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების კრებებზე, მან იცის, რომ რეციდივი რეაბილიტაციის ნაწილია. შეუძლებელია რეაბილიტირება და საბოლოოდ განკურნება რეციდივების გარეშე. კიდევ რჩება ცდუნებები, რომელსაც უნდა ებრძოლო. ეშმაკი ყოველთვის ერევა შენს საქმეებში. მან იცოდა, რომ რეციდივის ოსტატი ვიყავი, ამიტომაც მოდიოდა ჩემთან. ძლიერი რომ ვყოფილიყავი, არც კი მომიახლოვდებოდა. ეშმაკმა იცოდა, რომ ღმერთს დიდად არ მოვწონდი, ამიტომაც უნდოდა, რომ ავბუნტებულიყავი.

კიკი დაბრუნდა და ჩემთან აპირებდა დარჩენას იქამდე, სანამ პირველ მაისს ციხეში წავიდოდა. გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე, ჩემთან მოვიდა.

- უნდა დავილაპარაკოთ, - მითხრა მან მეტად დრამატული სახით.

გავიხსენე ჯონი დეპის ეპიზოდი ფილმიდან "კოკაინი", როცა გოგონა მიდის მასთან იმის სათქმელად, რომ სიკვდილის პირასაა. კაიფში ვიყავი იმ დროს, როცა კიკიმ ასე უცნაურად შემომხედა. უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ კიბომ შესახებ შემატყობინებდა

- არა, საყვარელო! - ვუთხარი მე. - ავად ხარ?
- არა. უბრალოდ, იდიოტი ხარ. ფეხმძიმედ ვარ.

თავი ისე ვიგრძენი, თითქოს უმძიმესი ტვირთი მომეხსნა. სულ რაღაც ერთი წამის წინ ჯოჯოხეთში ვიყავი და იქედან დავაღწიე თავი. მაგრამ მისთვის რაღაცის ახსნა მომიწია:

- შენ ხომ იცი, რომ ეს არ შეიძლება მყარი არგუმენტი იყოს. ყველა ჩემი ქორწინება საშინლად წარიმართა. გაღმერთებ, მაგრამ ერთგულება არ ვიცი. არ შემიძლია ერთი მიყვარდეს. ფული აღარასოდეს მექნება. დღეს მე გაკოტრებული ვარ. ძველ ოცნებებს აღარ აქვს ადგილი. ვეღარ შეძლებ ლიმუზინებით სიარულს. შესაძლოა, არ მოგიწიოს რესტორნებში რიგში დგომა, მაგრამ ვეღარ ატარებ დიზაინერულ ტანსაცმელს, მოგიწევს ჩამოფასებული საქონლის მაღაზიით სარგებლობა. უბრალოდ, შენთვის ერთი გაკოტრებული ბიჭი ვიქნები.

- მომისმინე, შენ არ გჭირდება ბავშვზე ზრუნვა, - იუარა მან.

დიახ, მთელი ეს სისულელე უკვე მოსმენილი მაქვს - ყველაფერი კარგადაა, სანამ ბავშვი არ გაჩნდება და რთული დროება არ დადგება. შემდეგ კი იღებ ამ დამპალ უწყებას სასამართლოში გამოცხადებაზე. აი, ასე ხდება ყველაფერი.

- მომისმინე, - თქვი მე. - რა გინდა ჩემგან? დაგეხმარები. ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. ყველაფერს საუკეთესოს მოგცემ, რისი შესაძლებლობაც მექნება...

მე ხომ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა.

- მაგრამ, ალბათ, ჩვენ არანაირი დიდება არ გველოდება. არანაირი სატელევიზიო კამერები, ჟურნალისტები, "იუპიტერები", არაფერი მსგავსი. სატელევიზიო კამერებს მხოლოდ ჩემს დასაფლავებაზე ნახავ. მოგვიწევს ისე ცხოვრება, როგორც გარემოებები გვიკარნახებენ. თუ შენ მზად ხარ გაიზიარო ჩემთან ერთად ასეთი ცხოვრება, ძალიან კარგი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადამიანს შვილი მოუკვდა, პატივი ეცით
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული