- მაიკ, სად არის თქვენი "ანონიმური ალკოჰოლიკების" დიდი წიგნი? მოდით, პირდაპირ ახლა ერთად წავიკითხოთ. გადაშალეთ 52-ე გვერდი.
კაიფის ქვეშ, მასთან ხმამაღალი კავშირის მეშვეობით ვლაპარაკობდი. გადავშალე ის გვერდი და ხმამაღლა კითხვა დავიწყე:
- დილით გაღვიძებულმა უნდა იფიქრო ცხოვრების მომავალ 24 საათზე. განვიხილოთ ჩვენი გეგმები. დღის დასაწყისში ვთხოვთ ღმერთს, რომ სწორი მიმართულებით მიმართოს ჩვენი ფიქრები, დაგვიცვას საკუთარი
ვკითხულობდი, მერილინი კი მიყვიროდა: "ხმამაღლა! უფრო ხმამაღლა წაიკითხე!"
ყურმილი არ დავაგდე და არ ვთქვი, რომ დაკავებული ვარ. მინდოდა, ვინმე დამხმარებოდა.
"პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ალკოჰოლის წინააღმდეგ ყველაზე მყარ იმუნიტეტს სხვა ალკოჰოლიკებთან ინტენსიური მუშაობა იძლევა".
ეს წიგნი მახსენებდა, რომ არა კოკაინისტი, არამედ ალკოჰოლიკი ვიყავი. კოკაინს ყოველთვის სასმლის შემდეგ მოვიხმარდი. ასე რომ, როგორც კი დავლევდი, ყველას ხიფათი ელოდა, მათ შორის, მეც.
მინდოდა საღამოს მოწყობა ნიუ იორკში, მაგრამ გეგმა ჩაიშალა. საქმე ისაა, რომ მორიგ შარში გავები. დამადანაშაულეს შემდეგში: თითქოს 50 ათასი დოლარი გადავიხადე იმ ბიჭების მოკვლისთვის, რომლებმაც 2000 წელს ჩემი მეგობარი დერილ ბაუმა გამოასალმეს სიცოცხლეს. ასეთი ვარაუდი გამოითქვა "ქეშ მანი ბროზერსის" ერთ-ერთი ორგანიზაციის სასამართლო პროცესის დროს.
"ქეშ მანი ბროზერსი" აკონტროლებდა ნარკოტიკების ბრუნვას ბრუკლინის რამდენიმე კვარტალში. ბაუმას ერთ-ერთმა მკვლელმა განაცხადა, შეიტყო ჩემ მიერ დაწესებული ჯილდოს შესახებ, ამიტომაც გეგმავდა ჩემს მკვლელობას და კინაღამ აასრულა ჩანაფიქრი 2000 წლის ზაფხულში, როცა ბრუკლინში ვიყავი. კვალში ჩამიდგნენ იმ დროს, როცა "რენჯ როვერით" ატლანტიკ-ავენიუზე ვსეირნობდი, მაგრამ ზოგიერთი ბიჭი "ქეშ მანის" დაჯგუფებიდან, წინააღმდეგი იყო ჩემი ლიკვიდაციის, რადგან მუსულმანი ვიყავი.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სისულელე იყო, მაგრამ ჩემი მოხსენიება ნარკოტიკებით მოვაჭრეთა მკვლელობის საქმეში, ჭორის გავრცელებას უწყობდა ხელს. ყველას ეგონა, რომ ყოვლისშემძლე ვიყავი. მაშინ ჯერ ისევ გამოსაცდელი ვადა მქონდა. ამიტომაც გამაფრთხილეს, რომ არ შეიძლებოდა მშობლიურ ქალაქში გამოვჩენილიყავი.
ეს იყო სამყარო, რომელშიც გავიზარდე. ყველა ჩემი მეგობარი კლავდა ნარკოტიკების გამო. მე ჩემი გზით წავედი, ისინი - სხვა გზით, მაგრამ ვაგრძელებდით ურთიერთობას. ახლა კი ისევ ჩავეფლე ამ სამყაროში და ეს ნამდვილი კოშმარი იყო. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ცხოვრება თავზე მენგრეოდა.
დავრჩი დასავლეთში. ვაგრძელებდი უსაქმურობას და ნარკოტიკების მიღებას. დეკემბერში ჩემი ერთ-ერთი მეძავი მეგობარი წავიყვანე უილ სმიტის ახალი ფილმის - "შვიდი ცხოვრების" პრემიერაზე. ციხეში მყოფმა კიკიმ წითელ ხალიჩაზე გადაღებული ჩემი და იმ გოგონას ფოტო ნახა და ძალიან გაბრაზდა. მეც გავბრაზდი, მაგრამ მხოლოდ ჩემს თავზე - სრული არარაობა ვიყავი.
პრემიერისადმი მიძღვნილი წვეულების წინ ჩემს ძველ მეგობარს, ჰოუპს დავურეკე. ვთხოვე მოსულიყო და თავისთან წავეყვანე. მოვიდა, მე სწრაფად გავედი შენობიდან, მის მანქანაში ჩავჯექი და წავედი. მივატოვე წვეულება, ჩემი გოგონა და პირადი მცველები.
ჩემთვის აუცილებელი იყო გაქცევა. პირადი მცველები მირეკავდნენ, ყველანი შოკირებულები იყვნენ. და ტელეფონი ჰოუპს გადავეცი.
- ის სრულ წესრიგშია. უმჯობესია, ოდნავ გონს მოვიდეს. მალე უკან მოგიყვანთ, - უთხრა მათ.
არ მინდოდა დაბრუნება. უბრალოდ, გაქრობა მინდოდა, მაგრამ ჰოუპმა უკან წამიყვანა და ჩვენთან ერთად საღამოზე წამოვიდა. გაბრუებული აქეთ-იქით დავდიოდი და არავის ვაქცევდი ყურადღებას.
მოგვიანებით, იმავე თვეში ლას ვეგასის ერთ-ერთ კლუბში წავედი. ვიპ-სტუმრებისთვის განკუთვნილ ზონაში ჩემი კუთვნილი ადგილისკენ გავემართე და უცებ შესასვლელთან დიდი ბრბო დავინახე. როგორც აღმოჩნდა, ადმინისტრატორი შენობაში ნარკომოვაჭრეებს არ უშვებდა, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვიპ-ზონაში იკავებდნენ ადგილს. თუმცა, მე შემიშვა. დავიკავე ჩემი ადგილი მაგიდასთან და კონიაკი "ჰენესის" სმა დავიწყე.
მეზობელ მაგიდასთან თეთრკანიანების ჯგუფი იყო შეკრებილი - სვამდნენ და ერთობოდნენ. გადავხედე მათ და ჩემთვის გავიფიქრე: "თავი ვინ ჰგონიათ? ეს ჩვენი ადგილია!" შემდეგ ოლსენების ტყუპებიდან ერთ-ერთს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ მთელი ეს კომპანია შოუბიზნესიდან იყო. ეს თეთრები მიყურებდნენ მე, დაუპატიჟებელ შავ სტუმარს კუთხეში. მაგრამ ეს ჩემი ადგილი იყო.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მეც მაგარი ბიჭი ვიყავი ლას-ვეგასში. შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, კომიკოსი მსახიობი ზაკ ჰალიფიანაკისი მომიახლოვდა.
- მისმინეთ, ორი კვირის შემდეგ თქვენი მონაწილეობით ფილმის გადაღებას ვიწყებთ, - თქვა მან.
- ჯანდაბა! მართლა?
ზაკს გაეცინა. მას ეგონა, რომ ვეხუმრებოდი, მაგრამ ჩემთვის ეს მართლაც ახალი ამბავი იყო. არაფერი ვიცოდი ფილმის შესახებ. როგორც წესი, სხვადასხვა ადამიანს ვხვდებოდი, ავტოგრაფებს ვარიგებდი - მხოლოდ იმისთვის, რომ ნარკოტიკებისთვის ფული მეშოვნა. აქ კი, აღმოჩნდა, რომ ფილმზე იყო ლაპარაკი. მაგარია, მოდი, ფილმი გავაკეთოთ! წარმოდგენა არ მქონდა, რატომ ვეხვეოდი ახალ შარში.
- წამოდით ჩვენთან, დავლიოთ, - შემომთავაზა ზაკმა. შესანიშნავი ბიჭი იყო.
ორი კვირის შემდეგ "წვეულება ვეგასის" გადაღებები დავიწყეთ. ცუდ ხასიათზე ვიყავი, გასუქებული და ფორმიდან ამოვარდნილი, მაგრამ რეჟისორი ტოდ ფილიპსი და მსახიობები, უბრალოდ, შესანიშნავი ადამიანები აღმოჩნდნენ. არ ვიცი, შესაძლოა, მათ მიაჩნდათ, რომ შეიძლებოდა გიჟური შემოტევა მქონოდა გადასაღებ მოედანზე, მაგრამ ტოდი და პროდუსერები მუდმივ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ.
- ყველაფერი წესრიგში გაქვთ? შესვენება ხომ არ გამოვაცხადოთ? - ინტერესდებოდა ტოდი. - კიდევ ერთ დუბლს ხომ არ გადაიღებდით? თუ არ გსურთ, არ არის საჭირო.
უბრალოდ, ბედნიერი ვიყავი ამ სამუშაოთი. ღმერთს ვთხოვდი, კიდევ ერთი შანსი მოეცა, რათა აღარ დავბრუნებულიყავი ნარკოტიკებთან, თუმცა, კოკაინზე უარის თქმა არ შემეძლო. ვიღებდი ამ ნარკოტიკს, სანამ "წვეულება ვეგასის" გადაღებები მიმდინარეობდა. ჩემთან ერთად გადასაღებ მოედანზე ჩემი ერთ-ერთი მეძავი მეგობარიც იყო. ერთხელ, გადაღებების დროს, ჩვენთან შონმა შემოიარა. მან თვალი შეავლო ჩემი გოგოს უკანალს და თავი გააქნია:
- როგორც ვხედავ, ამ დღეებში ხშირად არ მიხსენებდით მე ან "ქეშ მანი ბროზერსს". ასეა, მაიკ? - მკითხა მან.
მომწონდა გადასაღებ მოედანზე. იქ უხვად იყო მაგიდები საკვებით, კარგი ნამცხვრებით, ორცხობილებით, ტკბილეულობით. ხანდახან ვწყვეტდი მორიგი სცენის გადაღებას, რათა ისევ მივბრუნებოდი ნამცხვრებს.
ამ ფილმისგან ბევრს არ ველოდი, მაგრამ ტოდი ამტკიცებდა, რომ შესანიშნავი სურათი გამოვიდოდა და მისი პრემიერის შემდეგ ისევ აღმოვჩნდებოდი დიდების ზენიტში. რა თქმა უნდა, ყველაფერი მაგარი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიზიდავდა, რომ კვლავ შემეძლო ადამიანების გართობა. მიხვდი, რომ მაშინაც კი, როცა მოკრივე ვიყავი, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ადამიანების გართობა, ვიდრე ბრძოლების მოგება.
კასი ყოველთვის უზრუნველყოფდა ჩემ გვერდით შოუბიზნესისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ქარიზმატულ წარმომადგენელთა ყოფნას. როცა კასი ლაპარაკობდა იმაზე, როგორ ჩაედო თავისი აზრები სხვა ადამიანების თავებში, ესეც ხელოვნება იყო, თუნდაც შავბნელი ხელოვნება. ომის ხელოვნება, გადარჩენის ხელოვნება - ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვუყურებდით, როგორც ხელოვნებას.
არ ვამტკიცებ, რომ კარგი მსახიობი ვარ, მაგრამ ვიცი, რა არის ხელოვნება. ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ არ ვიყავი კარგი მოკრივე, მაგრამ ვიცოდი, რა იყო ნამდვილი ჩხუბი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"