მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
2008 წლის 24 დეკემბერს, კიკის გოგონა შეეძინა, რომელსაც მილანი დაარქვა. ის ციხიდან ახალი გამოსული იყო და სასწრაფოდ ფილადელფიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ხელოვნურად ამშობიარეს, რადგან ორსულობამ ორი კვირა დაიგვიანა. კიკიმ ტელეფონით მაცნობა ეს ამბავი და გაოგნებული ვიყავი. ეს დედაჩემის დაბადების დღე იყო.

კიკისთვის ლას ვეგასში ჩემს სახლთან ახლოს პატარა ბინა ვიქირავე და იქ ყველაფერი მოვაწყვე მისთვის და ბავშვისთვის. ის მალე უნდა გამოეწერათ და ამ დროს, ისევ რაღაც აირია. შარდში ნარკოტიკის კვალი აღმომიჩინეს და ფინიქსის ხელისუფლება ფიქრობდა - უკან, ციხეში შევებრუნებინე. მაგრამ,
ჩემმა ადვოკატმა დაარწმუნა ისინი, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი უფრო მომიხდებოდა, ამიტომაც, იანვარში მალიბუში აღმოვჩნდი - შთამბეჭდავ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელსაც "პრომისიზი" ერქვა.

გასაოცარი კლინიკა იყო. ის დიდ სახლში იყო განთავსებული. ეს იგივე იყო, რომ რეაბილიტაცია სახლში გაგევლო. დავდიოდით კრებებზე, ვხვდებოდით ჩვენს ფსიქოთერაპევტს... ყველა ჩემზე მუშაობდა, რათა კარგი ოქმი მიმეღო და დამეხურა ნარკოტიკების საქმე. ოთხი კვირა ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემდეგ ჩემი დრო ამოიწურა. არ მინდოდა გამგზავრება, მაგრამ ჩემი ოთახი უკვე სხვას ჰქონდა დაჯავშნილი. ვგრძნობდი, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ ვიყავი. დავურეკე ჩემს მეგობარს ჯეფ გრინს და ვთხოვე, ჩემთვის მოეკითხა.

გრინმა თავის მეგობართან წამიყვანა, რომელიც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი იყო. ჯეფმა არ იცოდა, რომ სწორედ იმ დღეს, ამ ბიჭის სახლში დიდი საღამო იყო ორგანიზებული. რა თქმა უნდა, იქ უამრავი ლამაზი გოგო ტრიალებდა.

- აქ იჯექი მაიკ, და არ გაინძრე, - მიბრძანა ჯეფმა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, საღამოს ჩემს გარეშე არ ჩაუვლია და მალე საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი გოგონების გარემოცვაში აღმოვჩნდი.

ჯეფი მომდევნო დღეს სხვა სარეაბილიტაციო ცენტრში აპირებდა ჩემს წაყვანას, ამიტომაც, მასთან უნდა გამეთია ღამე. მან მკაცრი პირობები წამომიყენა. არ შემეძლო არსად გადააადგილება, გოგონებთან ფლირტი - მისი ტყვე ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, მის სახლში დავბრუნდით, მომდევნო დილას კი ჯეფმა ლოს ანჯელესის დასავლეთით, სარეაბილიტაციო ცენტრ "პრომისიზის" ფილიალში წამიყვანა.

- მისმინე ჯეფ, საერთოდ უფულოდ ვარ. მოგიწევს ამ სისულელის დაფინანსება. მინდა გამოვჯანმრთელდე, გასაგებია? - ვუთხარი მე.

მოვემზადეთ ადმინისტრატორ ქალთან გასაუბრებისთვის. ის მოვიდა და გვერდით მოგვიჯდა. ცოტას ლაპარაკობდა და მკაცრი პოზიცია ეკავა - თემიდან გადახვევის საშუალებას არ გვაძლევდა. ყოველ ჯერზე, როცა მკურნალობის ახალ ასპექტზე გადადიოდა, ეს დამატებით თანხას ნიშნავდა. სამი ათასი ოთხი ათასი, 25 ათასი... ამ აბს მიიღებთ - ამისთვის, დამატებით ხუთი ათასი...

როცა ჯეფმა შეიტყო, რა თანხა უნდა გადაეხადა, გაკვირვებისგან შოკში ჩავარდა:

- შენი დედაც, მაიკ! თუ ღმერთი გწამს, სასწრაფოდ გამოფხიზლდი! - მითხრა მან.

21 იანვარს, სარეაბილიტაციო ცენტრიდან ერთი დღით გამიშვეს - "სანდენსის" კინოფესტივალზე ჩემი დოკუმენტური ფილმის პრემიერას უნდა დავსწრებოდი. ჩემთან ერთად, ფხიზელი კომპანიონის რანგში შონი იყო. პირველად უნდა მენახა მილანი. კიკის აეროპორტში დავხვდით. ის ტრაპზე ჩვენს პატარა გოგონასთან ერთად ჩამოვიდა. კიკის ავადმყოფური გამოხედვა ჰქონდა - ისეთი, როგორიც უსახკლაროებს აქვთ. მილანს შევხედე და მივესალმე. მინდოდა გამეგო - მგავდა თუ არა. კიკი აეროპორტში ტიროდა, მე კი ისევ ნარკოტიკებით ვიყავი გაბრუებული, ამიტომაც, არანაირი აღელვების მომენტი არ მქონია. მილანსაც კი რაღაც უცნაურად ვუყურებდა. თითქოს ვამბობდი: "აი, კიდევ ერთი უკანონო შვილი. კიდევ ერთის გაკეთება შევძელი". ეს ის არ იყო, რასაც ველოდით. ისიც კი არ მახსოვს, რომ შეხვედრისას კიკის ვაკოცე თუ არა. უბრალოდ, სულელურად მოჩანდა ყველაფერი.

წავედით ფილმის პრემიერაზე, შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი. კიკისთან სექსი არ მქონია, რადგან მშობიარობის შემდეგ, ნაკერები ჰქონდა. თან იქ შონი იყო. მილანი მიყვარდა, მაგრამ მისი მუდმივი ტირილი ძალიან მაღიზიანებდა. იმ პერიოდში, ძალიან მკვეთრად ვრეაგირებდი ხმაურზე.

მომდევნო დილას, ლოს ანჯელესის სარეაბილიტაციო ცენტრში დავბრუნდი, კიკიმ და მილანმა კი იმ ბინას მიაშურეს, რომელიც მე მათთვის ლას ვეგასში ვიქირავე. კიკი იქ სრულ მარტოობაში იყო, რადგან დედამისი ფილადელფიაში ჯერაც იმ საერთო საცხოვრებელში იყო, რომელშიც პატიმრობიდან ვადაზე ადრე განთავისუფლებულები ცხოვრობენ.

კიკის "პრომისიზიდან" ვურეკავდი. ისიც დეპრესიაში იყო და მეც. იმ დროს, დიდად არ ნერვიულობდა ჩემს გამო. ის ჩემში გაზულუქებულ და ცუდად აღზრდილ ბიჭს ხედავდა, რომელიც ყველაფრის გამო წუწუნებს და ნარკომანებისთვის განკუთვნილ ქალაქგარე სახლში ცხოვრობს. თუმცა, სარეაბილიტაციო ცენტრ "პრომისიზის" ლოსანჯელესური ფილიალი, სულაც არ ჰგავდა ანალოგიურ ცენტრს მალიბუში. ის ქალაქში მდებარეობდა, რომელიღაც ქუჩის კუთხეში, სადაც ნებისმიერს შეეძლო მოეტაცე ან რაიმე სხვა კრიმინალი ჩაედინა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს წიგნად არ არის?
luka
19:31 03-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული