მინდოდა, მილანს და ჰყოლოდა და ისინი ერთად გაზრდილიყვნენ. გულწრფელად მჯეროდა, რომ მილანი ღმერთისგან ბოძებული საჩუქარი იყო და ამით უნდა გადამეტანა ეს ტრაგედია, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ვერ შემიცვლიდა ექსოდუსს. მილანი იყო შესაძლებლობა, გავმხდარიყავი ნამდვილი მამა. და შემდეგ, უკვე ამ ათვლის წერტილიდან, შევძლებდი ურთიერთობა აღმედგინა სხვა შვილებთან.
წლები გავიდა ანონიმური ალკოჰოლიკებისა და
მაიკ, იმუშავეთ ქალებთან ქცევაზე! მაიკ, უარი თქვით ნარკოტიკებზე! მაიკ, დაიგდეთ წონა და აირჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი! მაიკ, ნუ უყურებთ ქალს სამ წამზე მეტს! არ მინდა, ისე მოგეჩვენოთ, თითქოს ჩემ მართვას ცდილობდნენ, მაგრამ ყველაფერი, რასაც სარეაბილიტაციო ცენტრებში მასწავლიდნენ, თითქოს ჩემს გონებაში ჩაიკეტა.
ნამდვილი ტკივილი ექსოდუსის სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ ვიგრძენი. კიკი და რიტა სადღაც წავიდნენ და ჩემს ქალიშვილს, მაიკის ვთხოვე, კარი დაეხურა და მარტო დავეტოვებინე. ავდექი და ცოტა კოკაინი მივიღე. როცა საკუთარ სურვილს ვერ ვეწინააღმდეგები, სრულიად უმართავი ვხდები. და რამდენიმე დღე აღარ გამოვფხიზლებულვარ.
კიკი იმდენად განაწყენებული და შეშფოთებული იყო, რომ უკვე ვეღარაფრით მეხმარებოდა. ვერავინ ახერხებდა ჩემ შეჩერებას. კიკი მხოლოდ იმას მეხვეწებოდა, რომ სახლიდან არ გავსულიყავი და სახლში მიმეღო კოკაინი. უნდოდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ გარეთ გასულს არაფერი დამემართებოდა.
ერთ ღამეს არ დამეძინა, სახლში ვიყავი და ისევ კოკაინს მივმართე. კიკიც ფეხზე იყო, ვსაუბრობდით. დილით ის პირობით გათავისუფლებაზე თავის ინსპექტორს უნდა შეხვედროდა. ღამით ჩვენი ურთიერთობის რამდენიმე რთული მომენტი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, უახლოეს პერიოდში დავქორწინებულიყავით. როცა სახლიდან გადიოდა, აღგზნებული ვიყავი. რამდენჯერმე მოვეხვიე და ვაკოცე. შემდეგ აივანზე გავედი და გამომშვიდობებისას ხელი დავუქნიე.
- მიყვარხარ, - ვთქვი მე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე იმ დროს, როცა მანქანაში ჯდებოდა.
კიკი თავის ინსპექტორს შეხვდა, რომელმაც ის შარდის ანალიზის ჩასაბარებლად გაუშვა. რამდენიმე წუთში ინსპექტორი დაბრუნდა და გამოაცხადა:
- კოკაინი აღმოგაჩნდათ.
- ეს შეუძლებელია. მე არ ვიღებ ნარკოტიკებს, - გააპროტესტა კიკიმ.
- ეს ძალიან სერიოზული საქმეა, კიკი. თქვენს ქალიშვილს ძუძუთი კვებავთ. კოკაინზე დადებითი ტესტი შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ ბავშვი წაგართვან.
- რა?? მე არ მიმიღია კოკაინი! - დაიყვირა მან. - მოიცადეთ. შეიძლება ტესტის დადებითი შედეგი ვინმესთან კოცნამ გამოიწვიოს?
- ამის შესახებ არაფერი გამიგია, მაგრამ, თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ კოკაინი შეიძლებოდა თქვენს ორგანიზმში ამ გზით მოხვედრილიყო, მაშინ კიდევ ერთი საათი მოიცადეთ და განმეორებითი ანალიზი ჩავატაროთ. თუ ეს ნარკოტიკის უმცირესი რაოდენობა იყო, ის უკვე გამოსული იქნება თქვენი ორგანიზმიდან.
ცოტა ხანში ტელეფონმა დამირეკა.
- დამპალო! - დამიყვირა კიკიმ ყურმილში. - ჩემი ბავშვის წართმევას მიპირებენ შენ გამო! ნარკომანო! კოკაინზე დადებითი ტესტი ჩავაბარე! ახლა შენი ნარკომანობა ჩემს ოჯახზე აისახება! შეიძლება ჩემი ქალიშვილი დავკარგო! როგორ შეგეძლო ჯერ კოკაინი მიგეღო და შემდეგ ჩემთვის გეკოცნა?
ცუდ დროს დამირეკა. ზუსტად იმ დროს დოზა მქონდა მიღებული. მაგრამ გამოვიყენე არა დარჩენილი მცირე რაოდენობა, რომელიც ქაღალდის ნაგლეჯზე ეყარა, არამედ სოლიდური დოზა ავლოკე საკონსერვო ქილიდან. იმდენად ბევრი იყო, რომ ენას ვეღარ ვგრძნობდი.
ყურმილი დავკიდე, მაიკის ვუთხარი კარი ჩაეკეტა და გზას გავუდექი. ჩემი სახლიდან ლას ვეგასის დასავლეთით გეტომდე 20 მილი გავიარე. კაიფის ქვეშ ვიყავი და პირუტყვივით გავოფლიანდი. ყველა მანქანას მიჩერებდა და წაყვანას მთავაზობდა.
- ეი, მაიკ! მანქანაში ჩაჯექი, მეგობარო! - მიყვიროდნენ ისინი.
- არა, თავი დამანებე. ძალიან ცუდად ვარ.
- იქნებ პოლიცია გამოვიძახო?
- არა, ყველაფერი წესრიგშია.
კიკიმ ერთი საათის შემდეგ განმეორებითი ანალიზი ჩააბარა და ამჯერად, პასუხი უარყოფითი იყო. მაგრამ მე ეს არ ვიცოდი. უბრალოდ, მივდიოდი და მივდიოდი. და როცა სახლში დავბრუნდი, ისევ კოკაინი მივიღე. ორდღიან კაიფში წავედი.
შემდეგ ჩემი ჯერი დადგა - ჩამეგდო ნარკოტესტი. ჩემი შარდიც ჭუჭყიანი აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ეს არ მაღელვებდა ხოლმე, რადგან ჩემი ადვოკატის პარტნიორი ჩემი ინსპექტორის ახლო მეგობარი იყო. მაგრამ, ამჯერად, ყველაფერი გართულდა. ასე რომ, ჩემი ტესტის შედეგისა და კიკის კოცნასთან დაკავშირებული ინციდენტის გათვალისწინებით, თავისუფლად შეეძლოთ ციხეში შევებრუნებინე. ყოველ შემთხვევაში, შეეძლოთ ისევ არიზონაში გავეშვი და იქ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ვყოფილიყავი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მე და კიკის დაგვაშორებდნენ, რადგან ის აქ, ლას ვეგასში იყო ზედამხედველობის ქვეშ.
- მაიკ, თუ შენ ციხეში ჩაჯდები, მე შენი მეგობარი გოგონას სტატუსით არანაირი უფლება არ მექნება, რადგან მეც გამოსაცდელ ვადაზე ვარ, - მითხრა ერთხელ კიკიმ. - შენს მონახულებასაც ვერ შევძლებ, მიუხედავად იმისა, რომ საერთო შვილი გვყავს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მინდა შენთან დაქორწინება. ჩვენ ხომ ნებისმიერ შემთხვევაში დავქორწინდებით?
- კარგი. როდის გინდა ამის გაკეთება? - ვკითხე მე.
- მართლა? ხვალ, - მიპასუხა მან.
- რატომ დღეს საღამოს არა?
საღამოს ექვსი საათი იყო, 6 ივნისი. ათი დღე იყო გასული ექსოდუსის სიკვდილიდან. კიკიმ ინტერნეტში დაიწყო ეკლესიების ძებნა საქორწინო მომსახურებით. რამდენიმე ადგილას დარეკა და ბოლოს, სასტუმრო "ჰილტონთან" ახლოს მდებარე ეკლესიიდან უთხრეს, რომ პირდაპირ ახლა შეეძლოთ ჩვენი მიღება. კიკი ამას წმინდა პრაქტიკულ საკითხად აღიქვამდა, მაგრამ მე მიყვარდა ეს გიჟი ქალი.
არ მინდოდა მასზე დაქორწინება მხოლოდ იმისთვის, რომ ის და ბავშვი ჩემთან მოსულიყვნენ ციხეში. მასზე დაქორწინება მინდოდა იმის გამო, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ჩვენ ვილაპარაკეთ ამ თემაზე და მან მითხრა, რომ ულტიმატუმს არ წამომიყენებს, მაგრამ თუ მასზე არ ვიქორწინებ, არ აპირებს წლობით ლოდინს ოჯახის შესაქმნელად. მას შეუძლია სხვა სიტუაციით ისარგებლოს, თუ ასეთი გამოჩნდება, რადგან სურს, სრულფასოვანი ოჯახი ჰყავდეს.
იმავე საღამოს, როცა დაქორწინება შევთავაზე, ნერვის საშინელი ტკივილი ვიგრძენი კისრის არეში. სასტუმრო "ჰილტონისკენ" მივდიოდით და ტკივილისგან ვიტანჯებოდი.
- არ არის აუცილებელი ჩემზე დაქორწინება. არ გაძალებ, - თქვა კიკიმ და ატირდა.
- მე მინდა შენზე დაქორწინება, უბრალოდ, კისერი ძალიან მტკივა. რატომ უნდა იყოს ყოველთვის ყველაფერი აუცილებლად შენთან დაკავშირებული? რატომ უნდა ვმხიარულობდე და ვიცინოდე შენსავით? უბრალოდ, ამ წუთას ძალიან მტკივა.
ჩემს საქმეებში სრული ქაოსი და არეულობა იყო. კოკაინის მიღებისგან ტუჩზე ჰერპესი გამივითარდა. ზედმეტი წონა მაწუხებდა, ახლა კი ნერვის ანთებაც დაემატა. ამასობაში, კიკი საქორწინო საქმეებით იყო დაკავებული. იმის გამო, რომ ცრუმორწმუნე იყო, საჭირო გახდა ტანსაცმელში რაიმე ლურჯი დეტალი. ამიტომაც ამ ფერის ტრუსები ჩაიცვა. ასევე საჭირო იყო რაღაც ნივთი სხვა ადამიანისგან. ამის გამო დედაჩემის სამაჯური გაიკეთა. რაც შეეხება ძველ ნივთებს, ასეთი ბევრი გვქონდა. ასე რომ, ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობდა.
ეკლესიამდე მივედით და თვალებს ძლივს დავუჯერე - ბიჭი, რომელსაც უნდა დავექორწინებინეთ, "სლიკს" (პროფესიული რესტლინგის მენეჯერის, კენ ჯონსონის ფსევდონიმი) ჰგავდა, რესტლინგ-მენეჯერს, რომელიც "ბიგ ბოსს მენას" (ცნობილი ამერიკელი რესტლერის, რეიმონდ უოლტერ ტეილორის ფსევდონიმი) საქმეებს განაგებდა. მასთან შედარებით, მე და კიკი იმდენად არალოგიკურად გამოვიყურებოდით, რომ თავიდან ფოტოების გადაღებაც არ გვინდოდა, მაგრამ შემდეგ "გავტყდით" და მაინც გადავიღეთ სურათები.
როცა ფოტოების დათვალიერება დავიწყეთ, ამ ბიჭმა თქვა: "ეს იქნება შემოწირულობა, 75 დოლარი". როგორც შეიძლება შემოწირულობის ფასის დაწესება? ვგრძნობდი, რომ ის პოლიციაში დარეკვას აპირებდა, თითქოს ფოტოებთან ერთად გაქცევას ვაპირებდით.
სახლში დავბრუნდი. მილანი ტიროდა, ამიტომაც კიკი ზემოთ გაიქცა მის გამოსაკვებად. რიტა ტელევიზორს უყურებდა.
- დედა, ახლახან დავქორწინდით, - ვუთხარი მას.
- მართლა? შეუძლებელია! ვინ დაგაქორწინათ? - მკითხა მან.
- "სლიკმა" რესტილინგის მსოფლიო ფედერაციიდან, - ვუპასუხე მე. შემდეგ მოვუყევი, როგორც იყო ყველაფერი. შეშფოთებული ჩანდა.
ბეჭდები არ გაგვიცვლია, არ გვქონია თაფლობის თვე. ბეჭდები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გავცვალეთ, თაფლობის თვე კი ორი დღის შემდეგ დასრულდა. მე და კიკი არასოდეს ვჩხუბობდით. სრულ სიმშვიდეს ვინარჩუნებდით იქამდე, სანამ არ ვიტყოდი:
"აი, ახლა გიჩვენებ!" და ამის შემდეგ ვიწყებდით ჩხუბს, როგორიც არავის უნახავს. ისევ მრჩებოდა მიდრეკილება ნარკოტიკების მიმართ და ხანდახან ზღვარს გადავდიოდი. ვჩხუბობდით სახლიდან ჩემი პერიოდული გაქრობის გამო. სწორი მიმართულებით გადავდგი ნაბიჯი: კოკაინს ყოველდღე აღარ ვიღებდი, შემდეგ კვირაში ერთ დოზაზე გადავედი, ორ კვირაში ერთზე, სამ კვირაში ერთზე და ბოლოს, თვეში ერთხელ ვეტანებოდი ნარკოტიკს.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"